მიხეილ სააკაშვილი - „მოქალაქეთა კავშირი“ გაიმარჯვებს“

მიხეილ სააკაშვილი - „მოქალაქეთა კავშირი“ გაიმარჯვებს“

ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან.

თუ ბოლოდროინდელ სოციოლოგიურ გამოკვლევებს გადავხედავთ, არსებობს  შესაძლებლობა, მომავალ პარლამენტში ორი ძალა - „მოქალაქეთა კავშირი“ და ბათუმური ბლოკი გავიდეს. ორივე ძალა ერთმანეთის მიმართ ძალიან დაპირისპირებულია. ასეთი შედეგის შემთხვევაში შესაძლებელია, საპარლამენტო კრიზისთან გვქონდეს საქმე, თუ რომელიმე საკითხთან  დაკავშირებით ვერ შეთანხმდით?

- როგორც კი ბათუმური ბლოკი „საქართველოს აღორძინება“ უმცირესობაში აღმოჩნდება, ის დაიშლება.

გამოდის რომ თქვენ გამორიცხავთ ამ ბლოკის მოსვლას უმრავლესობაში?

- ვერ მოხდება. თქვენ როგორ გგონიათ, რატომ ცდილობენ, რომ დეკლარაციას მოაწერონ ხელი?

თქვენი აზრით, თუ ბლოკი დასაშლელად განწირულია, დეკლარაცია შეძლებს ამ პროცესის შეჩერებას?

- საქმეს დეკლარაცია ნამდვილად ვერ უშველის. არსებობს საფრთხე, რომ ბლოკი არჩევნებამდე დაიშალოს.

რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ რომ ბლოკში განსხვავებული ორიენტაციის პარტიები არიან გაერთიანებულნი. გარდა ამისა, პრობლემები შეიქმნება სიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი გავლენიანი პიროვნება სიაში შესაძლოა არც აღმოჩნდეს

მოქალაქეთა კავშირისა“ და პრეზიდენტის მხრიდან არ შეინიშნება მოძრაობები, რომ „ხელი შეეწყოს“ ბათუმური ბლოკის დაშლას?

- მოძრაობები არ არის, მაგრამ არჩევნების შემდეგ ისინი ჩვენთან აუცილებლად მოვლენ.

რატომ გგონიათ რომ თქვენთან მოვლენ?

- იმიტომ, რომ ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში. თუმცა არა მგონია, რომ ამ პარტიების ჩვენსკენ მობრუნება დადებითი მოვლენა იყოს. ისე, ჩემი პროგნოზით, 7%-იანი ბარიერის რეალური შანსი, „მოქალაქეებსა“ და „აღორძინების“ გარდა, მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას აქვს. თუმცა მე გულწრფელად მინდა, რომ ეს ბარიერი ედეპემაც გადალახოს.

რას სთავაზობთ ახალს და განსხვავებულს ამომრჩეველს?

- პირველ ყოვლისა მინდა ყურადღება ჩვენს სიაზე შევაჩერო. ბათუმურ ალიანსს წარსულზე ორიენტირებული სია აქვს. ჩვენთან კი სიის 70% განახლებულია.

თქვენთან ხომ ყოფილი პარტიული ფუნქციონერებიც არიან. მაგალითად რაიკომის მდივნები?

- სისულელეა არც ერთი რაიკომის მდივანი თუ ცეკას მდივანი ჩვენს სიაში არ არის. „მოქალაქეთა“ სია სიურპრიზი იქნება, რასაც ამომრჩევლებს ვუმზადებთ.

რამდენიმე გვარს დავასახელებ: ზურაბ ადეიშვილი, გია მეფარიშვილი, თამუნა ნინოშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი. ამ ხალხს, რაიკომის მდივნებს ვერაფრით უწოდებთ. მათ გარდა, ჩვენს სიაში ძველი თაობის ბევრი ღირსეული წარმომადგენელი შევიყვანეთ. მაგალითად, მიხეილ ნანეიშვილი.

რას დაპირდებით ახალს ამომრჩეველს? თქვენი წინა დაპირება მილიონი სამუშაო ადგილის თაობაზე უკვე ანეგდოტად დადის?

- ყველამ იცის, რომ საქართველოში ტოტალური უმუშევრობა აღარ არსებობს. სხვა საქმეა, რომ სამუშაო ადგილებით მოსახლეობის განსაზღვრული ნაწილი არ არის კმაყოფილი.

პირადად თქვენ აპირებთ თუ არა რომელიმე რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად გამოსვლას?

- აუცილებლად, ან საბურთალოზე, ან ვაკეში ვიყრი კენჭს. ჩვენ არც ერთი რაიონის დათმობა არ გვინდა. ყოველივე დამოკიდებული იქნება ამ რაიონში სხვა კანდიდატებზე.

რომელ კანდიდატებზე და რატომ?

- მე მხედველობაში მყავს დავით სალარიძე, ლაურ ჯანაშია და ივლიანე ხაინდრავა (პირველი ორი კანდიდატი ვაკეში იყრის კენჭს, მესამე კი საბურთალოზე-რედ.) მე რომელ რაიონშიც არ უნდა დავაყენო ჩემი კანდიდატურა, იქ გავიმარჯვებ. აქ უბრალოდ, საუბარია კანდიდატებთან კოორდინაციულ მოქმედებაზე.

მოქალაქეთა კავშირი“ რამდენი ადამიანის გაყვანას გეგმავს სიით და მაჟორიტარული წესით?

- წარმატების შემთხვევაში, ჩვენ 100%-მდე კაცს გავიყვანთ სიით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით.

- თქვენ პრეზიდენტთან გქონდათ შეხვედრა. დასრულდა თუ არა სიაზე მუშაობა?

- ჯერ წინასწარი სია არსებობს. მასზე მუშაობა რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება.