უზენაესმა სასამართლომ, ხარაგაულის გამგებელი, თორნიკე ავალიშვილი გაამტყუნა და მოსარჩელე იზა ვეფხვაძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა – გამგებელმა, ამავე რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილ უფროსს, ერთი წლის განაცდური სრულად უნდა აუნაზღაუროს, უნდა გააბათილოს ბრძანება, ვეფხვაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და სათანადო მოკვლევის შემდეგ, ახალი სამართლებრივი აქტი გამოსცეს.
შეგახსენებთ, რომ იზა ვეფხვაძე გამგებელმა სამსახურიდან გასული წლის 27 ოქტომბერს გაათავისუფლა. 1 დეკემბერს თორნიკე ავალიშვილს პრესა.გე ტელეფონით დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის, მას შემდეგ, რაც მას წერილობით მიმართეს: კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ცხადაძემ და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გია არსენიშვილმა; ისინი გამგებელს სთხოვნდნენ, ვეფხვაძის აღდგენის საკითხი შესაძლებლობის ფარგლებში განიხილეთ, რადგან მისი საქმიანობის გამო უდავო მხარდაჭერას იმსახურებსო;
მანამდე მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა რურუას მიმართეს: ანზორ ერქომაიშვილმა, ბიძინა კვერნაძემ, რამაზ ჩხიკვაძემ, მარიკა კვალიაშვილმა, გურამ დოჩანაშვილმა, გურამ საღარაძემ, ჯუმბერ ლომინაძემ, ფრიდონ სულაბერიძემ, რეზო ჭეიშვილმა, გიორგი ხარაძემ, ჯემალ ღაღანიძემ, ჟანრი ლოლაშვილმა, გიგა ლორთქიფანიძემ... მიმართვის შინაარსი დაახლოებით ასეთი გახლდათ – ჩვენ თვითმხილველნი ვართ იზა ვეფხვაძის უსაზღვრო ნიჭიერების და საქმისადმი თავდადების; ისეთი ადამიანების ყოფნა რეგიონებში, როგორიც იზა ვეფხვაძეა, ქვეყნის მომავლისთვის და სიძლერისთვის ძალზედ აუცილებელია და გთხოვთ, დაინტერესდეთო.
გამგებელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მის მიერ დაწერილი ბრძანების ხელმეორედ გადახედვას არ აპირებდა – ბრძანებაა დაწერილი, გათავისუფლებაზე და ხელმეორედ როგორ უნდა განვიხილო, ბრძანებას ხომ არ გავაუქმებო?! თორნიკე ავალიშვილმა პრესა.გე–სთან საუბრისას განმარტა, რომ კულტურის სამსახურის უფროსი მასზე დაქვემდაბარებული პირების საქმიანობას ვერ აკონტროლებდა, რის გამოც ჯერ წერილობითი გაფრთხილება მიიღო და ამას მოჰყვა ბრძანება, გათავისუფლების შესახებ.
ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ, ხარაგაულში მოქმედმა ანსამბლებმა: ”უბისამ” და ”ოდილამ”, პროტესტის ნიშნად, მეცადინეობა და საკონცერტო გამოსვლები შეწყვიტეს; ხარაგაულიდან ქუთაისში, პრეზიდენტის რწმუნებულთან შესახვედრად რაიონში ცნობილი და პატივსაცემი ადამიანებიც ჩავიდნენ; პარლამენტის თავმჯდომარის და კულტურს მინისტრის სახელზე ხარაგაულის რაიონიდან ვეფხვაძის მხარდამჭერი წერილი გაიგზავნა, რომელსაც ხელს 200 ადამიანი აწერდა...
გამგებელმა თავის გადაწყვეტილებას, არც გადახედა და არც შეცვალა; იზა ვეფხვაძემ კი არ დათმო და თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. პრესა.გე 2010 წლის 20 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესს დაესწრო, რასაც წინ უძღვოდა შეთავაზება მოსამართლის მხრიდან, მორიგების თაობაზე – სურვილის შემთხვევაში თორნიკე ავალიშვილს სამსახურში უნდა აღედგინა იზა ვეფხვაძე, ან გამგეობაში სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა.
20 ოქტომბერს გაირკვა, რომ გამგებელმა მორიგებაზე უარი განაცხადა და იზა ვეფხვაძეს დაემუქრა – ბრძოლას თუ არ შეწყვეტ, გასულ წლებში, ხარაგაულის რაიონის სახალხო-ლიტერატურულ თეატრში ჩადენილ მაქინაციებზე, ინფორმაციას პროკურატურას გადავუგზავნი და თუ კარგად მოიქცევი, მაშინ პირიქით - ამ თეატრში, რეჟისორის თანამდებობაზე მუშაობაში ხელს შეგიწყობო. გამგებლის ამგვარი პოზიცია პროცესზე მისი უფლებების დამცველმა ადვოკატებმა გაახმოვანეს, რამაც მოსამართლე აღაშფოთა და ხმამაღლა აფიქრებინა ის, რომ გამგებელი პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე მოქმედებდა.
მოსამართლე ნინო ქადაგიძემ იზა ვეფხვაძეს პატივისცემა დაუდასტურა და შემდეგ გამგებლის წარმომადგენლებს მიმართა - მე ყველა მიმართვა და წერილი წავიკითხე; თქვენ ასეთ ადამიანს თანამდებობიდან კი არ უნდა ათავისუფლებდეთ, უნდა უფრთხილდებოდეთო. აქვე, მოსამართლემ ისიც აღნიშნა, რომ იზა ვეფხვაძე გამგებელთან მართალი იყო, მაგრამ გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანებამდე, საყვედური რომ არ ჰქონდა გასაჩივრებული, ამას საქმეზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა. ანუ ვეფხვაძის სასარგებლო გადაწყვეტილება შეიძლებოდა ვერ გამოეტანა, მაგრამ დღეს, 3 ნოემბერს გაირკვა, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე ვეფხვაძის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გუშინდელ პროცესს პრესა.გე ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრო. დღევანდელი გადაწყვეტილების ტექსტი, ჩვენი თხოვნით, უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა მოგვაწოდა.
უზენაესი საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მომხსენებელ– მოსამართლის, ნინო ქადაგიძის და მოსამართლეების – ლევან მურუსიძისა და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით, იზა ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება და საქმეზე გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება:
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 27 ოქტომბრის N218 ბრძანება და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაავალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, იზა ვეფხვაძესთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იზა ვეფხვაძეს აუნაზღაურდება იძულებითი განაცდენი, 2009 წლის 27 ოქტომბრიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. უზენაესის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ხარაგაულის გამგებელს, თორნიკე ავალიშვილს საღამოს შვიდის ნახევარზე ტელეფონით დავუკავშირდით და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ; მოგვიბოდიშა, საჭესთან ვზივარ, კომენტარს ვერ გავაკეთებ, პატრული დამაჯარიმებს, ერთ საათში დამირეკეთო. ერთი საათის შემდეგ ხელმეორედ დავურეკეთ და ისევ მოგვიბოდიშა, ვერ გავთავისუფლდი და ამ ნომერზე თავად გადმოგირეკავთო. ერთი საათი ველოდით მის ზარს, მაგრამ გამგებელს ჩვენთან არ დაურეკავს.
იზა ვეფხვაძეს პროცესის დასრულების შემდეგ შევხვდით. მან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
“შეუძლებელია, არ გიხაროდეს სიმართლის გამარჯვება. არ მინდა სუბიექტური იყოს ჩემი სიხარული – მიხარია ის, რომ სიმართლემ იზეიმა, რაც ადამიანებს რწმენასა და იმედს გაუჩენს. ერთი წელი გავიდა სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში, ლამის მთელი საქართველო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ამ პროცესს. ისევე, როგორც მე, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილიც იმედოვნებდა, რომ უზენაესი სასამართლო ამ დავას სამართლიანად გადაწყვეტდა. როცა ნდობა და იმედი მართლდება, როცა ადამიანები ელიან სიმართლეს და ეს სიმართლე გამოაშუქებს, ბრმაც, რომ იყო, უნდა დაინახო და გაგიხარდეს.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად თვალს ადევნებდა ამ პროცესებს; მათ ამით საზოგადოებას თანადგომის, ერთგულებისა და სიყვარულის არაჩვეულებრივ მაგალითი აჩვენეს. მადლობას ვუხდი ყველა იმ საინფორმაციო საშუალებას (პრესას, ტელევიზიას), ვინც ეს პროცესები გააშუქა. მადლიერებას გამოვხატავ კულტურის სამინისტროსთან, პარლამენტთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ასევე პრეზიდენტის სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმართებაში, რომელთაც გამგებელს წერილობით არაერთხელ მიმართეს, რომ კიდვე ერთხელ გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის. როგორც რიგითი მოქალაქე, გამოვხატავ კმაყოფილებას, უზენაესი სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების გამო“.