შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდეტი სასამართლოდან იუწყება, განცხადება მერაბიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე გააკეთეს.
მერაბიშვილის ინტერესების დამცველებმა გიორგი ჩივიაშვილმა და ბექა ბასილაიამ აღნიშნეს, რომ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, "ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა და ის პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ შს ყოფილი მინისტრი საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს უნდობლობას უცხადებს".
მომდევნო პროცესებიდან შს ყოფილ მინისტრს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.