პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ დამაჯერებლად შეასრულეს ამ სპეცოპერაციის ორივე ამოცანა - მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც.
რა თქმა უნდა ივანე გოლოშვილი სამუდამოდ დარჩება გმირების ისტორიას, მან თავდადების მაგალითი მისცა მთელს ქვეყანას და ბუნებრივია, ჩვენ ქედს ვიხრით მისი ვაჟკაცობის წინაშე.
როცა საქმე ეხება ტერორიზმს და ეროვნულ უსაფრთხოებას ყველა კითხვას საჯარო პასუხები ვერ გაეცემა, ეს აღნიშნეს ჩვენმა კოლეგებმაც. პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში ჩვენ აუცილებლად მოუსმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ სპეცოპერაციის შესახებ. ასევე კოლეგებს ოპოზიციიდან მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ აპელირება იმაზე თუ რომელ ტერორისტს რა სახელი და გვარი ან პასპორტი ქონდა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია და ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც თქვენ გაცხადებულ მიზნად გაქვთ დასავლური ტიპის სახელმწიფოს შენება, რომლის მაგალითებიც და საყრდენი ცენტრებიც არის ისეთი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც სამწუხაროდ ტერაქტებს ქონდათ ადგილი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის სოლიდარობა და კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ. სამწუხაროდ აქ ვერ ვხედავთ! მიმდინარე პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა მეორე ნაწილი, აგერ უკვე გამოირჩევა კრიტიკით და თავდასხმებით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და ელემენტარული უმადურობაა იმ ადამიანების მისამართით.
რაც შეეხება მეორე საკითხს - ოთარს მინდა ვუპასუხო. ოთარ გისმენდი და რაზეც გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატიული სამყარო პატივს სცემს ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მეორეს მხრივ, მე პირადად დავინახე რა მოხდენილად შეაცურე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი და ახსენე პოლიტიკური ნიშნით დევნა. სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური მოტივი ივანე მერაბიშვილის დაკავებაში და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის იმიჯისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი.