არავინ მოელოდა, რომ რუსეთი საქართველოს მიერ „ჯაველინების“ შეძენის გამო სიხარულის დაფდაფებს შემოკრავდა

არავინ მოელოდა, რომ რუსეთი საქართველოს მიერ „ჯაველინების“ შეძენის გამო სიხარულის დაფდაფებს შემოკრავდა

არავინ მოელოდა, რომ რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოკრავდა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთება, საქართველოს მიერ „ჯაველინების“ შეძენის შესახებ. მისი თქმით, ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ვალდებულება აქვს.

„არავინ მოელოდა, რომ რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოკრავდა, იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ვითარდება სამხედრო–პოლიტიკური ურთიერთობები, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ვალდებულება. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ეს აბსოლუტურად ნორმალური ნაბიჯია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს.

„რუსული მხარე ყურადღებას ამახვილებს თბილისსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის საფრთხეზე. ახლახან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდება დაამტკიცეს. ეს აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა 2008 წლის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.