ჩვენი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქვეყანა ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონალურ ცენტრად იქცეს

ჩვენი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქვეყანა ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონალურ ცენტრად იქცეს

ჩვენი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქვეყანა ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონალურ ცენტრად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც სანდო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში და სატრანსპორტო ღერძის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენი, ასევე სამხრეთის გაზის (რომელიც იწყება აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ტრანს-ანატოლიური და ტრანს-ადრიატიკული მილსადენისაკენ აგრძელებს გზას იტალიისაკენ) სატრანსპორტო დერეფანი. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშილის თქმით, აღსანიშნავია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქმნის ცენტრალური აზიიდან, თურქმენეთიდან გაზის კასპიის ზღვიდან, სამხრეთ კავკასიის დერეფნის გავლით, ცენტრალური ევროპისკენ ტრანსპორტირება.

„ეს მარშრუტიც აბრეშუმის გზის შუა სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. აღსანიშნავია Lapis-Lazuli და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც ახლახან დასრულდა და ბაქოში იქნა გახსნილი. ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი - ყველაზე დიდი ახალაშენებული საზღვაო ინფრასტრუქტურა რეგიონში, რომლის მშენებლობაც დაიწყება ამა წლის 20 დეკემბერს. ამ პროექტების ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქვეყნებთან „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე, რათა გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ რეგიონული კავშირები და ტვირთის გადაზიდვების მოცულობა. ჩვენი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქვეყანა იქცეს ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონალურ ცენტრად. მართალია, საქართველო არის შედარებით მცირე ბაზარი გაზრდილი წარმოების მომგებიანობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს ბაზრის თვალსაზრისით, კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ წარმოება ჩვენთან იძლევა გასასვლელს არა მარტო ადგილობრივ, არამედ 2.3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარზე, რომელშიც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან. ყოველივე ზემოთქმული საქართველოს უნიკალურ ქვეყნად აქცევს ამ რეგიონის მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან მოუწოდა ფორუმის მონაწილეებს, შეისწავლოს ამ ახალი ბაზრის შესაძლებლობები.

„საქართველო ღიაა გლობალური ბიზნესისთვის. ჩვენ ვთავაზობთ დაბალ ფასებს და ბაზრის მარეგულირებელი ტვირთის სიმსუბუქეს, ასევე ბაზრის ფიზიკურ და ნორმატიულ ხელმისაწვდომობას. დღეს საქართველოში პრიორიტეტულია ინვესტიციები მძიმე და მსუბუქ ინდუსტრიაში, ასევე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაში. გამოვთქვამთ იმედს, რომ გლობალური ბიზნესები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოებისა და სხვა ბაზრებზე დისტრიბუციის საწყის წერტილს. ჩვენ ყველა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და გააქტიურებას. ჩვენი მთავრობა მზად არის საქართველოში თქვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიმართულია საქართველოში ბიზნესის კუთხით არსებული შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოყენებისკენ. მადლობა „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დიდი მადლობა და ისიამოვნეთ თბილისში გატარებული დროით - ეს ქალაქი არა მარტო ბიზნესის წარმოების, არამედ დროის სასიამოვნოდ გატარების ადგილიცაა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს.