ლევან ახვლედიანმა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები გააცნო

ლევან ახვლედიანმა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები გააცნო

ანაკლიის, როგორც საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის ახალ ლოგისტიკურ საწარმოო და მომსახურების ცენტრზე იყო საუბარი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის თემატური პანელის - „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე“ ფარგლებში. პანელის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გააცნო.

თავის გამოსვლაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივებზე და პოტენციალზე ისაუბრა. ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბრიდან, ხოლო ოპერირების დაწყება 2020 წლიდან იგეგმება, სხვადასხვა ადგილებიდან ტვირთების გადაზიდვის გამარტივების, დროის შემცირების, საიმედოობის და  სანდოობის გარანტიას შექმნის.

„ანაკლია შერჩეული იყო როგორც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, ამისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ იქნა 340 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, პორტს ექნება 100 მილიონ ტონაზე მეტი პოტენციალი. პორტის სიღრმე საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს დიდი მოცულობის ბრუნვა“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის ინფორმაციით, ეკონომიკური ზონის ფარგლებში კონსორციუმი გეგმავს ქალაქის გაშენებას 2000 ჰექტარზე. „ეს იქნება პრაქტიკულად ახალი ქალაქი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, მწვანე ქალაქი, რომლის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველოს ვაჭრობისა და სატვირთო გადაზიდვის სფეროში და გაზრდის ქვეყნის როლს აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.