კახა კალაძე: იმ კომპანიებთან, რომლებიც სამუშაოების არასწორად წარმოებაში არიან შემჩნეული, ვერ ვიმუშავებთ

კახა კალაძე: იმ კომპანიებთან, რომლებიც სამუშაოების არასწორად წარმოებაში არიან შემჩნეული, ვერ ვიმუშავებთ

ის კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების არასწორად წარმოებაში არიან შემჩნეული, თბილისის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

თბილისის მერმა სხდომაზე საგზაო სამუშაოების შესრულების დროს, ხეების მოასფალტების ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემდეგში, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს.

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული ფოტოები გავრცელდა, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა და სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ამ კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა, ხეები მოასფალტდა. თუ შეცდომაა, სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. მინდა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, მაქსიმალურად გააფრთხილონ კომპანიები, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს.

„მე მაინც მგონია, რომ ეს მიზანმიმართულადაა გაკეთებული. გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შემდეგ მთელ სოციალურ ქსელში ქილიკის საგანი ხდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.