„როიტერსი“:  თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია

„როიტერსი“: თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია, - ამის შესახებ „როიტერსი“ სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენი ვარაუდით, ერთ-ერთი მოკლული შეიარაღებული პირი შესაძლოა ახმედ ჩატაევი ყოფილიყო“, - ამის შესახებ გამოცემას სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საბოლოო დასკვნების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ და „გამოძიების პროცესში აშშ-ს შესაბამისი სპეცსამსახურები ჩაერთვებიან“.

კიდევ ორმა წყარომ, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს, „როიტერსს“ აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩატაევი იყო“, - განაცხადა ერთმა წყარომ.

„ჩემი ინფორმაციით, იქ ჩატაევი იყო... მან თავი აიფეთქა“, - აღნიშნა მეორე წყარომ.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ტერორიზმში სამი ეჭვმიტანილი, დაიღუპა ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე საედ დუდაევი.