საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელმა იუსტიციის მინისტრმა მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი ხალხს წარმატებად წარუდგინა

საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელმა იუსტიციის მინისტრმა მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი ხალხს წარმატებად წარუდგინა

შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც ერთი საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბიბილაშვილმა მედეას ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარტიის პოზიცია გააცნო. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებივ უნდა გაათავისუფლოს მერაბიშვილი. მათივე განცხადებით, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

„მივესალმებით ევროსასამართლოს დიდი პალატის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60- წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი.

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს. ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება - მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა, იძულებულები იყვნენ უკანონო პატიმარები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. ახლა გამოჩნდება, შერჩა თუ არა ხელისუფლებას საღი აზრის მცირედი ნატამალი მაინც.

არჩევანი მარტივია - ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი. ამ პროცესში შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც 1 საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.