თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი

2017 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28 ნოემბერს 15.30 საათზე სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით (ნავთობი, გაზი და ელექტრობა), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი ჟურნალისტი, E. Treanor Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ეითნი თრინორი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი ფრანსის მალიჟი,  BP-ს რეგიონალური დირექტორი გარი ჯონსი და  Clean Energy Invest-ის გენერალური დირექტორი ბიორნ ბრანზეგი. 

პანელზე გაიმართება დისკუსია, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები: ევროპასა და აზიას შორის მრავალმხრივი ენერგოპროექტების მეშვეობით მდგრადი რეგიონალური  განვითარების მიღწევა;
სტრატეგიული რეგიონალური პროექტების განხორციელების გამოწვევები; კავკასიის რეგიონში ახალი ენერგოპროექტების განხორციელების შესაძლებლობები; ენერგეტიკის სფეროს ახალი ტენდენციები: მზარდი მოთხოვნა ენერგოდერეფნებზე ენერგორესურსებით მომარაგებისთვის (ნავთობსადენები და გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები), განახლებადი ენერგიის მზარდი როლი და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა; აბრეშუმის გზის ქვეყნების ენერგეტიკის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; ენერგო-ინტენსიური სექტორების ინვესტირება.

პანელის ფარგლებში მოხდება ენერგეტიკის სფეროში საერთო რეგიონალური მიზნების განსაზღვრა, გაიზრდება ინფორმირებულობა რეგიონის ენერგეტიკის სფეროში გეგმების, სტრატეგიებისა და პროექტების შესახებ. ასევე განიხილება ენერგეტიკის სფეროში კერძო ინვესტიციების მიზიდვის შესაძლებლობები და სირთულეები.