საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარტიის ლიდერების და მხარდამჭერების განცხადებით, ისინი უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისადმი გულგრილობას აპროტესტებენ. მათ გაშლილი აქვთ ტრანსფარანტები შემდეგი ლოზუნგებით: ”დუმილი დანაშაულია”, ”სოლადარობა საქართველოს მოქალაქეებს”.
"ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევე ჩართო ვიწრო შიდა პარტიული ინტერესების განხორციელებაში, როგორც იყო სუს-ი და შსს. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაცია უკრაინის ხელისუფლებამ უკიდურესი, ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით გააკეთა. საქართველოს ხელისუფლება ამ დროს ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას. ვერც უკრაინის მთავრობა და ვერც საქართველოს მთავრობა ურთიერთშეთანხმების გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. ადამიანები ფაქტობრივად გაიტაცეს და საქართველოს ხელისუფლებამ არც კი მოიკითხა და ერთი წინადადებით არ გააპროტესტა ეს ყველაფერი",- განაცხადა პარტის ლიდერმა ნიკა მელიამ.
ამ დროისთვის ჩიტაძის ქუჩა აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.