„ხალხის ძალა“: რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც ჰერჩინსკი არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?! ე.წ. ელჩი, რეალურად უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპიზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია

„ხალხის ძალა“: რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც ჰერჩინსკი არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?! ე.წ. ელჩი, რეალურად უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპიზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია

ამ წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის – პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს გაზეთ „ბათუმელებთან“, რომელშიც მრავლად გვხვდება მთელი რიგი უზუსტობები, პოლიტიკური სპეკულაციები და პირდაპირ რომ ვთქვათ – ტყუილები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სენსიტიურ საკითხებთან და რაც მთავარია, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, - ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

როგორც „ხალხის ძალა“ წერს, უკვე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია და მისი მთავარი ამოცანაც „დიფ სთეითის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა.

„პოლიტიკოსებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კარგა ხანია ცხადია, რომ პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა.

საქართველოში ელჩად დანიშვნის დღიდან, პაველ ჰერჩინსკი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რასაც მისი არაერთი განცხადება და ნაბიჯი მოწმობს. ე.წ. ელჩი, რეალურად, საქართველოში მოქმედი, უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპოზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია და საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით, დანიშვნის დღიდან გასცდა ელჩის კომპეტენციას და უფლებამოსილებას.“ - აღნიშნულია წერილში.

„ხალხის ძალა“ ასევე აცხადებს, რომ ელჩი ჰერჩინსკი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს და ის სრულიად დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს.

„საერთოდ რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პაველ ჰერჩინსკი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?!

ასეა თუ ისე, დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითისა“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი“, - ვკითხულობთ წერილში.