საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ მიასნიკოვიჩს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღნიშნული ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის.
ირაკლი კობახიძემ მიხაილ მიასნიკოვიჩს ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურებაზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მჭიდრო ურთიერთქმედების შესახებ ერთობლივი განცხადების მნიშვნელობა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მიხაილ მიასნიკოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერენ ხელს.
შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელარუს კოლეგებს სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობას იმდენად ღრმა ფესვები აქვს, რომ ჩვენ, ორი ქვეყნის ლიდერებს შეგვიძლია მხოლოდ გავამყაროთ და გავაძლიეროთ ეს მეგობრობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა სამაგალითო გახდება რეგიონში მშვიდობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული ყველა სახელმწიფოსათვის.
ქართველი ხალხის სახელით მინდა გადავუხადო მადლობა ბელარუსის ხელისუფლებას ათწლეულების მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული მხარის სურვილია, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობა თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
„ვიზიტის ფარგლებში ხელს ვაწერთ საქართველოს პარლამენტისა და ბელარუსის ეროვნული კრების ერთობლივ განცხადებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.
დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული განცხადება პრაქტიკულად დაეხმარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რომლისთვისაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის აგრეთვე საქართველოსა და ბელარუსის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებისა და შესაბამისი კომიტეტების აქტიური საქმიანობა.
ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა ქართველი და ბელარუსი ხალხების ნების გამოვლინებაა და შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობები კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული თანამშრომლობით აღინიშნება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.
„მინდა, ხაზი გავუსვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელოვან როლს, ორმხრივ და მრავალმხრივ კავშირებს. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ საერთაშორისო ფორმატებშიც. მოხარული ვარ, რომ ჩვენს წინაშე იხსნება საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა და ბატონ ირაკლი კოვზანაძეს, რომელიც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია, აქვს ძალიან საინტერესო წინადადება, რომელსაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. ივნისში ვგეგმავთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გამართვას, სადაც თქვენი ქვეყანა საკვანძო როლს შეასრულებს",- განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.