ქართველი თუ უცხოელი ინვესტორები დაუსრულებელ ბინებს კალიებივით მოედვნენ

ქართველი თუ უცხოელი ინვესტორები დაუსრულებელ ბინებს კალიებივით მოედვნენ

ინვესტორები დაუსრულებელი ბინათმშენებლობით ინტერესდებიან.  ექსპერტების განცხადებით, კრიზისი თითქმის ფსკერზეა, შესაბამისად, ინვესტორები ცდილობენ დაუსრულებელ ბინებზე უფლებები იაფად მოიპოვონ, ვინაიდან მათი პროგნოზით სამომავლოდ უძრავი ქონება გაძვირდება. ამჯერად, განცხადებები, მხოლოდ, იმაზე კეთდება, რომელი ფინანსური ჯგუფი რამდენად ხელსაყრელად მოიპოვებს ამა თუ იმ დაუსრულებელ ბინას. ხელისუფლებიდან არავინ არ ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამშენებლო კომპანიების უუნარობით და, როგორც სპეციელისტები აღნიშნავენ, თაღლითობითაც, სერიოზული ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღეს.

 

უძრავი ქონების ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი ინვესტორი დაუსრულებელ ბინებს კალიაებივით მოედვნენ. ისინი ამ ბიზნესს დღეს უკვე საკმაოდ სარფიანად უყურებენ.

 

„მიტოვებული ბინებით დაინტერესება ძალიან გაიზარდა. უძრავი ქონების ბაზარი მზარდია და ინვესტორების მიზანია კრიზისულ პერიოდში ასეთი ბინები იაფად იშოვონ, შემდეგ მას გარკვეული თანხა დაახარჯონ და სარფიანად გაყიდონ“, - ამბობს ფალავანდიშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კომპანიამ „სვის კაპიტალგრუპი“-მა დაუსრულებელი ბინათმშენებლობის დასაფინანსებლად საქართველოში „სვის კაპიტალ ქონსთრაქშენი“ დაარსა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ შემუშავებული აქვთ დაფინანსების სქემა და პირობები, რომლებსაც ყველა დაინტერესებულ კომპანიასთან ინდივიდუალურად განიხილავენ.

 

„სვის კაპიტალ ქონსთრაქშენი“ თბილისის ცენტრალურ უბნებში მიმდინარე დაუსრულებელ პროექტებს სწავლობს და ბიზნეს-გეგმების შესადგენად, მოლაპარაკებებს სამშენებლო ფირმებთან აწარმოებს.

 

კომპანიის დეველოპერებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აბსანძემ აღნიშნა, რომ პირველადი კაპიტალდაბანდება 10 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო თითოეული პროექტის განხორციელებისთვის კომპანია 3 მილიონ დოლარამდე სესხს გამოყოფს.

 

„მნიშვნელოვან პარამეტრს დასაფინანსებელი პროექტის შერჩევისას მისი ლიკვიდურობა წარმოადგენს, შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ უბნებში არსებულ მშენებლობებს განვიხილავთ. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ყველა იურიდიულ და ფინანსურ საკითხს, ორგანიზებას გაუწევს მარკეტინგსა და გაყიდვებს და ასევე გააკონტროლებს მშენებლობის პროცესს,“ - აცხადებს ნინო აბსანძე.

 

პროექტში ჩართული მშენებლობები 12-18 თვეში დასრულდება.  დეველოპერის ფინანსურ მონაწილეობა პროექტის ღირებულების 25%-დან განისაზღვრება. თანამონაწილეობად შესაძლოა ჩაითვალოს მშენებლობაზე უკვე გაწეული დანახარჯები. საინვესტიციო კომპანიის მიერ გამოყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთი თვეში 4%-ს შეადგენს. აქედან, დარიცხული პროცენტის 50% კომპანიას უძრავი ქონების სახით უკან უბრუნდება.

 

სამშენებლო კომპანიები თანხებს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის საფუძველზე მიიღებენ. „სვის კაპიტალ ქონსთრაქშენი“ სამშენებლო კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას ახალი წლიდან ვარაუდობს.

 

ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი დაკისრებულ ვალდებულებებს დღემდე ვერ ასრულებენ.

 

„მართალია, უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვალდებულებებს ასრულებენ და სამუშაოები არ ფერხდება, მაგრამ სინამდვილეში სრულიად განსხვავებული სურათია. კომპანიებს პრობლემები ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, არამიზნობრივად გაწეული ხარჯების გამოც შეექმნათ და პასუხი თავადაც უნდა აგონ“, - ამბობს ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი.

 

ამ ეტაპისთვის შეუსრულებელი ვალდებულებები 70-80%-ს აღწევს, შესაბამისად, საკმაოდ დიდია დაზარალებული მომხმარებლების რაოდენობა. თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას სასამართლო დავა აქვს კლიენტთან და, შესაბამისად, მათი ქონებაც დაყადაღებულია.

 

„მშენებლებმა თავის დროზე მენაშენეებისგან დიდი რაოდენობით აიღეს ფული და არ მოხდა მისი მიზანმიმართულად ხარჯვა.  მენაშენემ, ვინც აშენებს, პირველ რიგში, აიღო მოგება, რომელიც სრული თანხის 40%-ს შეადგენს. დარჩენილი შემოსავალი - შესატანი თანხის 60% - მშენებლობის დასაფარად სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ მოგება დაუგეგმავად დახარჯეს. ეს, იმის იმედად, რომ დარჩენილი თანხით დაწყებულ სამუშაოს ნელ-ნელა დაამთავრებდნენ. 

 

აგვისტოს ომის შემდეგ მშენებლებმა დაკარგეს ნდობა, გაჩნდა შიში, რომ ვერ შეძლებდნენ აღებული ვალდებულების შესრულებას. გარდა ამისა, მომხმარებლებმაც შეწყვიტეს თანხის შეტანა, რამაც მშენებლებს სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცა.  მშენებლებსა და მომხმარებლებს შორის ნდობა დაიკარდა, რამაც უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა“, - ამბობს ბარვენაშვილი.

 

საქმეს ისიც ართულებს, რომ კლიენტი სასამართლოს გზითაც ვერაფერს მიაღწევს. გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდაც რომ მიიღონ, დეველოპერებს უკან დასაბრუნებელი ფული არ გააჩნიათ.  დაყადაღებული ქონება კი ვერ გაიყიდება, რადგან დეველოპერებს ის ბანკებში იპოთეკით აქვთ დატვირთული.

 

ბარვენაშვილის თქმით, დავები უხარისხო მშენებლობებმაც გამოიწვია, რის გამოც მრავალი უკვე აშენებული სახლი საცხოვრებლად უვარგისია და სახელმწიფო არ იბარებს. ამ ეტაპზე, როდესაც სხვადასხვა საფინანსო ჯგუფები დაუსრულებელი მშენებლობებით დაინტერესდნენ ისევ არ არის გარკვეული, თუ როგორ გადაწყდება დაზარალებული კლიენტების ბედი. ბევრ მათგანს, ბინის ღირებულების მხოლოდ ნაწილი აქვს გადახდილი, გაჩერებული მშენებლობების გამო, ბევრ ადამიანს ქირით  ცხოვრება დიდხანს მოუწია, ბანკებთან პრობლემები შეექმნათ, ამიტომ დარჩენილი თანხის გადახდა კლიენტების ნაწილისთვის უკვე პრობლემაა.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ინიციატივით უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებული ადამიანების საკითხის სამართლიანად გადაწყვეტაზე იმუშავებს.