ჟვანიას „ალტერნატივა“ შეუქმნეს

ჟვანიას „ალტერნატივა“ შეუქმნეს

დღეს პარლამენტში ახალი ფრაქცია გაფორმდება, ბოლოს და ბოლოს გამყრელიძე-გაჩეჩილაძე ათკაციან ჯგუფს ოფიციალურად დააფიქსირებენ. ახალი ფრაქციის შექმნას დიდი ხანია ელოდნენ. თუმცა, ეს ნაბიჯი ახალმა სახეებმა არ გადადგეს. საგაზაფხულო სესიის პერიოდში ამბობდნენ, რომ გამყრელიძე-გაჩეჩილაძე ათი კაცის შეგროვებას ვერ ახერხებდა. ბუნებრივია, ასეთივე  მიდგომა შეცდომა იყო. არსებული ინფორმაციით, გამყრელიძე-გაჩეჩილაძის ფრაქციას „ალტერნატივა“ ერქმევა.

მაშინ, უბრალოდ დრო არ ეყოთ და არც აჩქარდნენ. ისინი პროცესების განვითარებას დაელოდნენ. არა იმდენად სმკ-ში, რამდენადაც ოფსაიტში დარჩენილი პოლიტიკური ფიგურების არენაზე. როგორც  ჩანს, ძველი ნაცნობი ახალი სახეების მიღმა მაინც ამოტივტივდა. ახალი ფრაქციის შემადგენლობა. ამ მხრივ, საინტერესო დასკვნის გაკეთებას იძლევა.

ახალ დაჯგუფებაში ორი, ერთ დროს დაპირისპირებული და სამკვდროდ გადაკიდებული ფიგურის „ხალხი“ მოიყრის თავს. საუბარია ნიკო ლეკიშვილსა და ვაჟა ლორთქიფანიძეზე. ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირს“ სულ 6 პირი დატოვებს. ლეკიშვილის ბიზნესმენები და რამდენიმე იმერეთის კვოტით. შელია გულნარა(დოდო) ის მეათე გახლავთ, ვინც ფრაქციის ჩამოყალიბებას წერტილს დაუსვამს. ქალბატონი გულნარა (დოდო) პირადად იმერეთის გუბერნატორმა  შეიყვანა საარჩევნო სიაში. შაშიაშვილი მაშინ პრინციპულად მოითხოვდა ამ ქალბატონის სიებში შეყვანას. თუმცა, შელია გამონაკლისი არ გახლავთ. დემურ გიორხელიძეც ის ადამიანია, რომლის სიებში შეყვანასაც ბატონი გუბერნატორი დაჟინებით მოითხოვდა. ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში გუბერნატორი სმკ-ს სასარგებლოდ იმერეთში ხელის განძრევასაც არ აპირებდა.ბუნებრივია, შაშიაშვილის  წინასაარჩევნო ულტიმატუმი დააკმაყოფილეს. ახლა ქალბატონი შელია ახალ ფრაქციაში გადავა. არ არის გამორიცხული, ეს ნაბიჯი გიორხელიძემაც გადადგას. ამდენად, ნათელია, რომ შაშიაშვილი საპარლამენტო სიახლით საკმაოდ დაინტერესებულია. შაშიაშვილის და ლორთქიფანიძის ტანდემი კი საკმაოდ ცნობილია. სახელმწიფო მინისტრის გადაყენების შემდეგ სწორედ შაშიაშვილმა გააკეთა ყველაზე აგრესიული და მკვეთრი განცხადებები ლორთქიფანიძის დასაცავად. იმერეთის გუბერნატორმა მაშინ არ დააკონკრეტა პირი, ისე კი ხელი პარლამენტისკენ გაიშვირა და სწორედ საკანონმდებლო ორგანო დაადანაშაულა ლორთქიფანიძის „ჩაძირვაში“. შაშიაშვილმა მაშინ ისიც კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს. იმერეთის გუბერნატორი ამ ფაქტის გამო საკუთარ აღელვებას ვერ ფარავდა.

ამდენად, როგორც კი გაჩნდა საშუალება, „შურისძიებამაც“ არ დააყოვნა. შელია პარლამენტში ახალ ცხოვრებას დაიწყებს. რაც შეეხება შაშიაშვილ-ჟვანიას, როგორც ჩანს, მათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ჯერ კიდე საარჩევნო მარათონის დროს იმერეთში ჩასულ ჟვანიას პროტოკოლის წესით არ დახვედრიან. როგორც წესი, გუბერნატორები ოფიციალურ პირებს რეგიონის შემოსასვლელში ხვდებიან ხოლმე. მაგრამ გუბერნატორს თავი არ შეუწუხებია. შესაძლოა დაკავებულიც იყო - ამ დროს ის იმერეთში უკვე მესამეჯერ ჩასულ ლორთქიფანიძეს ობიექტებზე დაჰყვებოდა. ეს ლორთქიფანიძის მესამე და ბოლო დღე იყო ქუთაისში.

ახალი ფრაქციის უკან ლორთქიფანიძის მოაზრება ბუნებრივია თუნდაც ფიქრია ჩიხრაძის ფაქტორის გამო. ეს ქალბატონი ყოველთვის აღიქმება ექს-სახელმწიფო მინისტრის ინტერესების გამტარებლად. ისევ, როგორც ახლად დაარსებულ მოძრაობაში შესული ტურაშვილი, კაციტაძე და სხვები უკავშირდებიან უშუალოდ ლორთქიფანიძის სახელს. ამას არც თავად ექს-სახელმწიფო მინისტრი მალავდა პირად საუბრებში. ყოველთვის სიამაყით ამბობდა, რომ ეს ახალგაზრდული მოძრაობა, რომელმაც თავისი თამამი სიტყვა ჯერ კიდე 1989 წლის შემდეგ თქვა, მის ფიგურას უკავშირდებოდა.

ამდენად, ექს-სახელმწიფო მინისტრი ახალი მოძრაობისა და ახალი ფრაქციის უკან საკუთარ არსებობას ვერ უარყოფს. თუმცა, რატომ უნდა უარყოს?  საქართველოში ჩინოვნიკებმა ისე იციან ცივი უარის თქმა საკუთარ რეალურ ინტერესებზე, თითქოს რაიმე ცუდს აკეთებდნენ, მაგრამ, მეორე მხრივ თუ ცუდი არაფერია, დასამალი რა არის?

ლეკიშვილთან დაკავშირებით საკითხი ბუნდოვანია. უმრავლესობის ლიდერის ახალი ფრაქციისადმი დამოკიდებულება ოფიციალურად უარყოფითია. რამდენად ლობირებს ის კულუარებში ახალ სახეებს, ძნელი სათქმელია. არ არის გამორიცხული უმრავლესობის ლიდერობიდან წასვლის შემთხვევაში ბატონ ნიკოს სიახლისადმი უფრო კონკრეტული პოზიცია დაეფიქსირებინა. პრეზიდენტმა მაშინ მიიჩნია, რომ ლეკიშვილის უმრავლესობის ლიდერად დარჩენა აუცილებელი იყო. ბუნებრივია, ასეც არის. და ლეკიშვილიც დარჩა. თავის მხრივ ჟვანია ყოველთვის აფიქსირებს საკუთარ სიმპატიებს ლეკიშვილისადმი. ეს უკანასკნელიც იფიცება, რომ  პარლამენტის თავმჯდომარეს არასოდეს უღალატებს. როგორც  ჩანს მურმანის ეკალს აქ სააკაშვილი თამაშობს. სწორედ ფრაქციის თავმჯდომარე იწვევს ლეკიშვილის გაღიზიანებას.

რა ახალი იდეებით და წინადადებებით გამოვა ახალი ფრაქცია ან როგორი პოლიტიკური თამაშის წესებს შემოიტანს, ეს მომავლის საქმეა. როგორც ჩანს, ყველაზე მეტს ამ აყალმაყალში ოპოზიცია იხეირებს. არ არის გამორიცხული, მათ პოლიტიკური ვაჭრობისთვის ყველაზე მომგებიანი ნიშა აიღონ - ანუ სწორედ მათ ხმებს უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ოპოზიციას სმკ-ც ეკეკლუცება - პარლამენტის თავმჯდომარე მეხუთე ვიცესპიკერზე ალაპარაკდა. და თუ ეს  პოსტი რჩეულიშვილს უბოძეს, არ არის გამორიცხული, სოციალისტების ხმები უმრავლესობის „ჯიბეშიც“ აღმოჩნდეს.  მარტივად იცვლის პოზიციებს ბოჭორიშვილის ფრაქციაც. კონსტრუქციულობა, როცა ეს სჭირდებათ, არც „აღორძინებასა“ და ტრადიციონალისტებს აკლიათ. მით უფრო, რომ ოპოზიციამ  ოფიციალურად (ყოველ შემთხვევაში) მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარის საშემოდგომო გეგმებს, რომელიც პოლიტიკას, კორუფციასთან ბრძოლასა და საკანონმდებლო მუშაობას ეხება. პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით სმკ, ალბათ, უფრო აქტიურად ჩართავს ოპოზიციას საპარლამენტო მუშაობაში. მართალია, ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება, მაგრამ  აუცილებელი ნაბიჯიც. თუმცა,  ჯერ ყველაფერი წინ არის...

ასე რომ, საპარლამენტო ასპარეზზე ამჯამად პაიკები გამოდიან - საჭადრაკო დაფას პოლიტიკას ხშირად ადარებენ. ამდენად, პაიკების თამაშის დაწყებაც ლოგიკურია. სმკ ექვსკაციან დანაკლისს ორი ახალი ფიგურით შეივსებს. ჭანტურია და ჭითანავა აფხაზეთის კვოტას დატოვებენ და უმრავლესობის დაფაზე გადმოინაცვლებენ...

ჯერ პაიკების ჯერია, ვნახოთ, ვინ ჩაებმება შემდეგ სვლებში. და რაც მთავარია, რა პოზიციას დაიკავებს თავად შევარდნაძე. ლოგიკას თუ მივყვებით, უმრავლესობის დაკარგვა არანაირად არ აწყობს. თუმცა, მეორე მხრივ, ჟვანიას გუნდის „შევიწროება“ პრეზიდენტისთვის უმრავლესობის დაკარგვას სულაც არ ნიშნავს. მან ახალ სახეებთანაც გააფორმა თანამშრომლობა და ამ ტაქტიკური სვლით გამყრელიძე-გაჩეჩილაძე საკუთარ ორბიტას მიაბა. და ეს, ახალი სახეების მხრიდან  პრეზიდენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად. უბრალოდ, პოლიტიკას თავისი თამაშის წესები აქვს. შევარდნაძე საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოძრაობს. ასე ყოველთვის საინტერესოა, რომ გამყრელიძე-გაჩეჩილაძეც იძულებულნი გახდნენ შევარდნაძესთან პოზიციების გასამყარებლად მისულიყვნენ და საკუთარი კრიტიკული განწყობისათვის, ამ შემთხვევაში, ანგარიში არ გაეწიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ფრაქცია თამაშის წესებს სწავლობს... და იმასაც ნიშნავს, რომ  ჟვანიას წინააღმდეგ ბრძოლაში მათ შევარდნაძის მხარდაჭერის იმედიც აქვთ. თუმცა ეს პოლიტიკის ის ფაზაა, რომელიც მყარ გარანტიებს არასოდეს არ იძლევა... ამიტომაც არის დიდი და მას განსაკუთრებულად ლაბირინთული კულუარები აქვს.

ახალი ბრძოლისთვის პარლამენტის თავმჯდომარეც მოემზადა. ის აგრესიული პოლიტიკით გამოდის და ახლა უკვე მზად არის მკვეთრი ხაზი გაავლოს  პოლიტიკურ და ფინანსურ ფიგურებს შორის. ამ კონტექსტში კი აქტუალური გახდა ბიუჯეტიდან მოპარული ფულის პოლიტიკაში გამოყენება. სმკ თითქოს კონკრეტული პირების დასახელებას აპირებს. ეს გეგმა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებში, მაგრამ რამდენად დაემთხვევა ეს პიროვნულად შევარდნაძის ინტერესებს?

 ასე რომ, პოლიტიკაში დიდი თამაში იწყება...