უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გაიხსნა. სესია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ გახსნა. პარტნიორებს სიტყვით მიმართეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტებმა და დელეგაციების ხელმძღვანელებმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 24 ნოემბერს დაგეგმილი სამიტი პლენარული სხდომის განხილვის მთავარი საკითხი იყო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და მომავალი სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებიდან გამორჩეულად უჭერს მხარს ღია კარის პოლიტიკას და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მიღწევებს.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორებთან დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ და წარმატებულ ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ქმედით ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.
„მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში დიდწილად განაპირობებს მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას თავად ევროკავშირში. ამ მიზნების მიღწევა ჩვენი - აღმოსავლეთ პარტნიორების და საქართველოს საერთო ინტერესია", - აღნიშნა თამარ ხულორდავამ და ევროკავშირს ამ ორმხრივ ინტერესზე ყურადღების მეტად გამახვილება სთხოვა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს სპეციალური განცხადებით მიმართავს. განცხადებაში აისახა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, ასოცირებული წევრებისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროება, მოწოდება მეტი და ქმედითი ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საპარლამენტო ასამბლეა მუშაობას 1 ნოემბერს დაასრულებს.