”თურქულის” აღიარება კახეთში

”თურქულის” აღიარება კახეთში

კახეთში საქონლისა და ცხვრის გარკვეული რაოდენობით განადგურების შემდეგ, მთავრობამ როგორც იქნა თურქულის არსებობს აღიარა და როგორც იქნა აცრებიც დაიწყო. როგორც ჩანს, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია - ადგილობრივმა მეცხოველეობამ საკმარისი დარტყმა მიიღო. კახეთსა და ქართლში ხორცის წარმოების შემცირება და რაც მთავარია საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელება, გაყინული ხორცის ბიზნესს საკმაოდ “წაახალისებს”.

 

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტის ავთანდილ ზარდიაშვილის განცხადებით, დღეიდან კახეთში თურქულის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო. მისივე თქმით, ვაქცინაცია რეგიონის თითქმის ყველა სოფელს მოიცავს.

 

კახეთის რეგიონში დაავადება თურქული მასობრივად იყო და არის გავრცელებული, მაგრამ სურსათის უვნებლობის სამსახური ამა რატომღაც მიზანმიმართულად მალავდა. რეგიონის სხვადასხვა სოფელში ასობით ძროხაა დაცემული. თურქულით დაავადებულია ცხვარიც. 

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მოსახლეობა დახოცილ საქონელს ხევებში ყრის, ზოგიერთ სოფელში კი დაავადებულ საქონელს კლავენ და ხორცს ყიდიან. კახეთში თურქული მასობრივად დაახლოებით 3 კვირის წინ გავრცელდა.

 

გლეხების ვეტერინარიის სამსახურისგან დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ სამსახურში აცხადებდნენ, რომ ვაქცინა არ ჰქონდათ და აცრებს ვერ ჩაატარებდნენ. ამასთან, ვეტერინარიის სამსახური თურქულის მასობრივად გავრცელების ფაქტს უარყოფდა. რამდენიმე დღეა სოფლებში საქონელი ნახირში აღარ დაჰყავთ. შეწყვეტილია რძის ნაწარმის გაყიდვაც. 

 

საშიშია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის დაავადებულისაქონლის რძე? როგორც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ პირუტყი ამ სენითაა დაავადებული, მისი რძე სიცოცხლისთვის საშიში ნამდვილად არ არის.

 

საპირისპირობს ამტკიცებს მოსახლეობა. “როდესაც თურქულითაა დაავადებული ცხოველი, მისი ხორცი თერმული დამუშავების შემდეგ მავნებელი არ არის, მაგრამ როდესაც ის დაავადებულია, მისი რძე და რძისგან დამზადებული პროდუქტი უკვე მავნეა”, - ამბობენ კახელები.

 

სპეციალისტების თქმით, თურქულით ყველა ჩლიქოსანი ცხოველი - ძროხა, ღორი, ცხვარი, თხა, ირემი და (შედარებით ნაკლებად კამეჩი) ავადდება. თურქული თავს იჩენს წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ მის აფეთქებას უპირატესად ადგილი აქვს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. თურქულის ამთვისებელია ადამიანიც, განსაკუთრებით - ბავშვი.

 

თურქულის ვირუსი შედარებით მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ. საგნების ზედაპირზე თურქულით დაავადებული ცხოველიდან მოხვედრილი ვირუსი ძლებს 150, ნაკელში - 168, წუნწუხში - 40, მტკნარ წყალში - 103, მცენარის ღეროზე თოვლის ქვეშ - 214 დღე.

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინულ სისხლში და ღორის ხორცში ვირუსი ინარჩუნებს აქტიურობას 40 დღის, გაციებულ რძეში კი - 47 დღის განმავლობაში. ყველში ვირუსი მალე კვდება.