საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-თან პირველი კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ვიცე-კაპიტანი აცხადებს, რომ ის მუდამ გმობდა და სამომავლოდაც გაემიჯნება ყოველგვარ ძალადობას.
"გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო. თვითონ ჰოლანდიელი ხალხიც არავინ არ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. მე კაპიტანი ვარ და რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ, გუნდი გავიყვანო. ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელიც უნდა მეთამაშა. ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს. ჩემს გარდა, ერედივიზიონის ყველა კაპიტანს, ქვედა ლიგებსა და ქალთა ლიგაში, ყველას ეკეთა, ვერც ხვდებიან, ამხელა ამბავი რატომ მოჰყვა, ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც არ მსიამოვნებს, მართალი გითხრათ. ჩემი საქმეა, ვიყო სპორტში, ფეხბურთში და ვაკეთებდე იმას, რაც მიყვარს. ეს ინციდენტი, სკანდალი, რა არ უწოდეს, იყო ჩვეულებრივი თამაში, რომელიც, „ვიტესის“ კაპიტანს უნდა ეთამაშა. კაპიტანი მე ვარ, ეს წლებია ასეა, ერთ თამაშში ხომ არ დამნიშნეს სპეციალურად," - აცხადებს კაშია.
ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები არა ძალადობას კამპანიის ფარგლებში ეკეთათ.
საზოგადოების ერთი ნაწილი LGBT თემის მხარდაჭერის გამო, ვიცე-კაპიტნის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გურამ კაშიას მიმართ აგორებული კამპანიის შემდეგ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა. გურამ კაშიას ქმედებას მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც, სადაც განმარტეს, რომ კაშიას ქმედება ძალადობას გმობს და ამ პოზიციას ფედერაციაშიც იზიარებენ.
ყოფილი ფეხბურთელისთვის და თბილისის არჩეული მერისთვის გაუგებარია ე.წ. ქართული მარშის ლიდერთა მოთხოვნა გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვის შესახებ.
მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და კლუბები გურამ კაშიას მსგავსად ღიად უჭერენ მხარს LGBT ადამიანებს.