კობა ბექაური - სცენარისტი?!

კობა ბექაური - სცენარისტი?!

პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ხელჩაქნეულ ადამიანთა აზრით, პოლიტიკაში უნიჭო და სხვა „სერიოზულ“ სფეროებში ხელმოცარული ადამიანები მოდიან. ამ ნიჰილისტური აზრის გაფანტვა მხოლოდ თვით პოლიტიკოსებს თუ შეუძლიათ. საკუთარი აპოლიტიკური ნიჭიერების დემონსტრირება გამარჯვებული ვარდების პარტიის ერთ-ერთ აქტიურ სახეს - კობა ბექაურს ვთხოვეთ, რომელმაც ძალიან მოინდომა, ნიჭიერი ყოფილიყო. თუმცა რამდენად მოახერხა - ეს უკვე სხვა საკითხია.

ბატონო კობა, გულწრფელად და დაუფიქრებლად მიპასუხეთ: საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად თვლით?

-ყოველ შემთხვევაში, არც უნიჭო ვარ, რატომ მეკითხებით, რამე შემამჩნიეთ?

ამ შემთხვევაში, მინდა, რომ ნიჭიერება შეგამჩნიოთ, ლექსი თუ დაგიწერიათ?

-არა და არც სურვილი მქონია, სამაგიეროდ, მათემატიკაში ვიყავი ძლიერი და ვთვლი, რომ მათემატიკური ანალიზი, საერთოდ, ცხოვრებაში ამართლებს.

ცხოვრებაში კიდევ რა ამართლებს?

-ცხოვრება ბრძოლაა, სადაც ძლიერი იმარჯვებს, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს სრულიად ვეთანხმები - ადამიანი მგელზე მგელი უნდა იყოს, რომ იცხოვროს.

ესე იგი, თქვენ წინა საკრებულოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეზე უფრო „მგელი“ ხართ და ამიტომაც ცხოვრობთ კარგად?

-არა, მე საბიუჯეტო სფერო არ მიგულისხმია, ზოგადად, ცხოვრებაში ვთქვი.

მშვენივრად გავიგე, რაც თქვით. ერთი ის მითხარით, წიგნებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ. დედაენას ბოლოს რომ შეეხეთ, კინაღამ დაგაპატიმრეს, საერთოდ, წიგნებთან ურთიერთობა ცუდად გაქვთ დაცდილი?

-კარტოზიამ უფრო ცუდად დაცადა დედაენა. არ ეგონა, რომ განათლების სისტემაში მისი კარიერა ჩაბნელდებოდა, მაგრამ...

ამ მხატვრულ ფრაზას ნიჭიერების გამოკრთობაში ჩაგითვლით, ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

-ერთ-ერთმა გამომცემელმა მაჩუქა წიგნი - „კორუფციის კონტროლი“ და იმას ვკითხულობ.

ცუდი მინიშნება ხომ არ არის? თქვენს ადგილას ასეთი წიგნის ჩუქება მეწყინებოდა.

-რატომ? პირიქით, საინტერესო წიგნია და არც სიტყვა „კორუფციაზე“ მენიშნება რამე, განსხვავებით ძალიან ბევრი ადამიანისგან, რომელიც ხელისუფლებაში იყო. ისე, ძალიან მიყვარს ქართული მწერლობა - კონსტანტინე გამსახურდია, ჭაბუა ამირეჯიბი, ვაჟა-ფშაველას დიდ პატივს ვცემ, როგორც პოეტს...

ბატონო კობა, ვაჟა-ფშაველას ყველა ისე სცემს პატივს, როგორც პოეტს...

-არა, მე ვიგულისხმე, რომ როგორც ჩემი კუთხის შვილს კი არა, მეც რომ მთიდან ვარ და...

გასაგებია, თქვენმა ერთმა-ორმა მეგობარმა შემომჩივლა - სიმთვრალეში ცუდი ხასიათი აქვს, დალევს და მღერისო, რატომ უშლით ხალხს ნერვებს, თქვენი სიმღერით?

-ჯერ ერთი, მეგობრებთან ერთად სიმღერა და ცეკვა ხომ კარგია? მეორეც, ვინ გითხრათ, მითხარით!

რა, ტყუილია თუ?

-მტრები მყავს და რაღაცეებს მიგონებენ. რა მოხდა, ყველა ქართველი კაცი სიმთვრალეში მღერის ხოლმე, აღარ ვიმღერებ...

კარგი, ეს ერთი საქმე მოვაგვარეთ, კინემატოგრაფზე რას იტყვით, რეჟისორობა და მსახიობობა არასოდეს გდომებიათ?

-არა, ფილმების ყურება კი მიყვარს, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, ფილმი გადამეღო. ისე, თეატრიც მიყვარს, ბოლოს ვნახე „რა ვუყოთ, რომ სველია, სველი იასამანი“ და „კავკასიური ცარცის წრის“ საიუბილეო სპექტაკლი.

ძალიან კარგი, „მაცივარში ვიღაც იჯდა“ თუ გაქვთ ნანახი?

-კი, როგორ არა.

აბა, სიუჟეტი მომიყევით.

-ქერა ცოლ-ქმარს ჰყავს შავგვრემანი ბავშვი, მამა ეჭვიანობს და ჰგონია, რომ მისი შვილი შეცვალეს, ქურთი მეზობლის შვილში, ეჭვიანობის გამო ეჩვენება, რომ ცოლი ღალატობს და მაცივარშიც კი ვიღაცას მალავს. სიტუაციას გაარკვევს სიდედრის ჩამოსვლა, რომელიც შავგვრემანია და ბავშვიც ბებოს ჰგავს.

მშვენიერია, ახლა ეს როლები ქართველ პოლიტიკოსებს ისე გადაუნაწილეთ, რომ გული არავის დასწყვიტოთ, დავალების გასამარტივებლად გიკარნახებთ, რომ მთავარი მოქმედი გმირი და გაუგებრობის თავი და თავი - პატარა შავი ბიჭი - მიშა სააკაშვილია.

-და უნდა დავადგინოთ, ვის ჰგავს მიშა, რომელიც არავის ჰგავს? რთული ამოცანაა - უახლეს ისტორიაში არ მეგულება მისნაირი სულისკვეთების მებრძოლი. მამად შეიძლება, ჩაითვალოს მერაბ კოსტავა, დედა, დედა... მოდით, ასე ვთქვათ: დედა დაუდგენელია. ვერ ვპოულობ დედას და რა ვქნა? ჰო, ქურთი მეზობელი, რომელიც იბრალებს, რომ ის ბავშვი მისი შვილია, ედუარდ შევარდნაძეა, ქურთი მეზობლის ნამდვილი შვილები კი ირინა სარიშვილი, ვახო რჩეულიშვილი, ლევან მამალაძე და სხვები არიან - ყველას ვერ ჩამოვთვლი - და, რა თქმა უნდა, ვიტალი ხაზარაძე! მაცივარში რომ ზის და არ გამოდის, ავთანდილ ჯორბენაძეა, რომელსაც კაი ხანი მოუხდება იქ ჯდომა, ან გამოვა და მედიცინას დაუბრუნდება, პოლიტიკა ვერ გამოუვიდა და იქნებ ოპერაციები და ნემსის კეთება გამოუვიდეს უკეთესად. აი, რაც შეეხება ბებიას, რომელსაც სინამდვილეში ჰგავს შვილიშვილი, ეს თამარ მეფეა!

მე, პირადად, მადლობელი ვარ, მამად დავით აღმაშენებელი რომ არ დაასახელეთ.

-ხომ იცით, ვიფიქრე, მაგრამ აღარ ვთქვი, როლები განაწილებულია, ახლა ფილმი უნდა გადავიღოთ?

კი, მაგრამ ფინანსები რომ არის საჭირო?... რა ვქნათ ბატონო კობა, ბარემ აქა ხართ და ბიუჯეტიდან ხომ არ დაგვეფინანსებინა?

-ბიუჯეტში ეს ხარჯი გათვალისწინებული არ ყოფილა, ამიტომ მაგას ვერ ვიზამთ, მგონი, შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, ხომ იცით, ბევრი მეგობარი გვყავს და... რამეს მოვახერხებთ.