მოძრავი რესტორნისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონს რიცხავენ

მოძრავი რესტორნისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონს რიცხავენ

ბათუმში, სამ–მილიონიანი “სიყვარულის ქანდაკების“ სიახლოვეს, 60–მილიონიან მოძრავ რესტორანს ააშენებენ; ძველ ბულვარში კი, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე – სასტუმროს. ეს ინფორმაცია პრესა.გე–ს “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ მოაწოდა, ხოლო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ - დაუდასტურა. 

მოძრავი რესტორნის აშენება (რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც“დედაენის ძეგლს“), ისევე, როგორც “სიყვარულის ქანდაკება“, ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ამ მასალაზე პრესა.გე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა. ერთი უწყება მეორესთან გვამისამართებდა, მერე ისევ უკან, პირველთან გვიშვებდნენ. ვარკვიეთ, ვარკვიეთ და ბოლოს გავარკვიეთ, რომ ზღვისპირა პარკს, ანუ ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ ჯერ არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ ბათუმის ბულვარს, იგივე ზღვისპირა პარკს, ამ მონაკვეთიდან ამ მონაკვეთამდე აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი. ამას ალბათ, ახლა “გამორკვევენ“ და შემდეგ, გადაწყვეტენ, გასცენ თუ არა ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე შუაგულ ბულვარში. 

პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა: “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით რობაქიძეს; ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს,
ვაჟა ბოლქვაძეს; აჭარის ა/რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსს, ეკა მაძღარაშვილს და საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მაკა შავიშვილს. 

დავით რობაქიძე: “20 ოქტომბერს, ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, შავ ზღვაში “ნებივრობის“ შემდეგ, “პიშევიკების“ ტერიტორიაზე, ქალის და კაცის ყბადაღებულ ქანდაკებასთან განაცხადა, აქ დედაენის ძეგლი აშენდებაო. დამერწმუნეთ, “დედაენის ძეგლი“ არის ნიღაბი, რომელიც უკვე დაწყებულ მშენებლობას შემოახვიეს – ეს იქნება შენობა, ბოლო სართულზე მბრუნავი რესტორნით; ამ შენობაში სავარაუდოდ, ცენტრალური ტელეარხების სტუდიები გადაინაცვლებენ, რადგან “ბათუმის შერატონიდან“ მაუწყებლობა ძალიან ძვირი უჯდებათ.  

ამ რესტორნის მშენებლობა, რომლის საძირკველი უკვე ჩაყრილია, ბათუმის ბიუჯეტს 60 მილიონი ლარი დაუჯდება. როდესაც დედაქალაქიდან ჩამოვლენ და ამ რესტორანში აჭარული ხაჭაპურის საჭმელად დასხდებიან, თეფშის შემოტრიალება აღარ დასჭირდებათ, ავტომატურად იტრიალებსო, – ასე განაცხადა სააკაშვილმა და ალბათ, უნდა დავუჯეროთ“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა ის, რომ მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონს გამოყოფენ.

გიორგი კირთაძე: “ამ წლის ბიუჯეტში, საპროექტო სამუშაოებისთვის თუ არ ვცდები, მილიონი ლარია გათვალისწინებული (დეტალებში არ მახსოვს, დოკუმენტაცია თან არ მაქვს) და დანარჩენი თანხა მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება მოძრავ რესტორანს – ამაზე საუბარი წარდგინების დროსაც იყო; ზემოთ შესაბამისი დანიშნულების ობიექტი იქნება; ნანახი მაქვს ესკიზი, რომ უნდა იყოს მბრუნავი. ავტორზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ არქიტექტორები ესპანელები არიან“.  

აჭარის მთავარი “ლეიბორისტის“, დავით რობაქიძის თქმით, ძველ ბულვარში, იქ, სადაც ადრე იყო საზაფხულო თეატრი, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობისას დაწვეს და შემდეგ იქ პირამიდა დადგეს, იაპონელებმა სასტუმრო უნდა ააშენონ.

დავით რობაქიძე: “ეს უკვე არის მარაზმში გადაზრდილი სააკაშვილის ახირება. ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და იქ კაპიტალური მშენებლობების, მით უმეტეს, სასტუმროს აშენება კატეგორიულად აკრძალულია. მთელ მსოფლიოში, ქალაქს, რომელსაც აქვს თავისი ბაღი, გინახავთ მასში აშენებული სასტუმრო?! ხომ შემოუერთა ბათუმს ნახევარი ხელვაჩაური, გონიო, კვარიათი?! ადგეს და აშენოს იქ, რაც უნდა და რამდენიც უნდა; დაანებოს ბათუმს თავი!“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე ადასტურებს იმას, რომ ძველ ბულვარში სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

გიორგი კირთაძე: “კი ბატონო, ვადასტურებ – ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე, დღევანდელი გაგებით – ძველ ბულვარში, სასტუმროს აშენება იგეგმება. თუ არ ვცდები, “რესპულიკელებმა“ განაცხადეს, რომ თითქოს ბულვარს ამახინჯებენ. მინდა გითხრათ, რომ ბულვარის დამახინჯება არანაირად არ მოხდება. ბულვარის ტერიტორიიდან მიწის ნაკვეთი, ეფექტური პრივატიზაციის მიზნით, აჭარის მთავრობას გადავეცით. დამატებით, დეტალურ ინფორმაციას წესით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უნდა ფლობდეს და იქ მოიძიეთ. არის თუ არა ბათუმის ბულვარი ძეგლი? ჯობს შეეხმიანოთ აჭარის კულტურის სამინისტროს, სადაც უფრო დეტალურ და კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ“.

აი, ასე დაგვაკვალიანა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რისთვისაც მადლობას ვუხდით. მას დავუჯერეთ. პირველად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ვაჟა ბოლქვაძეს დავუკავშირდით.

ვაჟა ბოლქვაძე: “ბულვარში სასტუმროს აშენება ჯერ არ არის გადაწყვეტილი. თქვენ გაინტერესებთ მოეხსნა თუ არა ბულვარს ძეგლის სტატუსი? პრინციპში, ბულვარს ძეგლის სტატუსი არც ჰქონია. შესაბამისად, თუ იქ სასტუმროს აშენება გადაწყდება, ამით კანონი არ დაირღვევა“.

იმის დასაზუსტებლად, აქვს თუ არა ძეგლის სტატუსი მინიჭებული ბათუმის ზღვისპირა პარკს, იგივე ბულვარს, დავუკავშირდით აჭარის ა/რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსს, ეკა მაძღარაშვილს.

ეკა მაძღარაშვილი: “დიახ, საქართველოს კულტურის მინისტრის, 2006 წლის ბრძანებით, ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ ზოგადი ჩანაწერია – აქამდე დაზუსტება არ მომხდარა, კონკრეტულად რა ტერიტორიას მოიცავს ძეგლის ტერიტორია და ამიტომ, ამაზე ინფორმაციას სამწუხაროდ, ვერ გაძლევთ. უფრო ზუსტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს კულტურის სამინისტროში“. 

საქართველოს კულტურის სამინიტროში დავუკავშირდით შესაბამის სამსახურის წარმომადგენელს – კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მაკა შავიშვილს.

მაკა შავიშვილი: “ბულვარის ტერიტორიის ზუსტი მონაცემები ჩვენთან არ არის. ჩვენ გვაქვს ბულვარის მოკლე დახასიათება, რომ გასული საუკუნის ოცდაათიან წლებშია განაშენიანებული, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა 30–იან წლებში, შემდეგ 1987 წელს და ბოლოს 2006 წელს, რითაც მოხდა ახალ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. რაც შეეხება მშენებლობების ნებართვის გაცემას – ამას არეგულირებს 2007 წელს მიღებული კანონი, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელშიც ცვლილებები შევიდა. 

ამ კანონზე დაყრდნობით შეიქმნა ექსპერტებით დაკომლექტებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც განიხილავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა, როგორ შეიძლება მოხდეს. ეს საბჭო ადრე ჩვენთან იყო და აქ განიხილებოდა, ძეგლის ტერიტორიაზე პატარა რესტორანი აშენდებოდა, თუ ერთსართულიანი ლუდის ბარი, მაგრამ ახლა აჭარამ მოგვმართა თხოვნით, რომ შექმნილიყო სათათბირო ორგანო, რომელსაც ეწოდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო. ამ საბჭოში ფუნქციონირებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექცია, რომელიც თუ არ ვცდები, იმ დეპარტამენტში შედის, რომელსაც ეკა მაძღარაშვილი ხელმძღვანელობს. ეს საბჭო მოქმედებს და იქ უნდა მოხდეს იმ პროექტების განხილვა, რომელიც ამა თუ იმ ძეგლს უკავშირდება“.  

ეკა შავიშვილთან საუბრის შემდეგ, ისევ აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს, ეკა მაძღარაშვილს დავუკავშირდით.

ეკა მაძღარაშვილი: “ჩვენთან არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, მაგრამ სექცია, როგორც ასეთი, არ არსებობს. ნებართვის გაცემას იხილავს საბჭო. განიხილება თუ არა ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების საკითხი? ვერ გეტყვით. დღეს სამშაბათია. პარასკევის მდგომარეობით განცხადება შემოსული არ იყო. მე თვითონ ბათუმში არა ვარ და გუშინ შემოვიდა თუ არა, ამის შესახებ არაფერი ვიცი“.

ეკა მაძღარაშვილის განმარტებით, მშენებლობის შესახებ ნებართვის გაცემამდე, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა დააზუსტონ: 

“სანამ ნებართვას გავცემთ, ალბათ, ჩვენც დავაზუსტებთ, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს თუ არა ძეგლს. საკითხი როცა შემოდის, მერე ვიწყებთ მუშაობას. საკითხი თუ არ არის შემოსული, მუშაობას წინასწარ როგორ დავიწყებთ?! იმ მშენებლობის შესახებ, რომელზეც მეკითხებით, არაფერი ვიცი. როგორც გითხარით, არც განცხადება შემოსულა და ასე ზეპირად საუბარი ჩემთვის ძნელია“.