ჩრდილოეთ კავკასიის ანომალიები

ჩრდილოეთ კავკასიის ანომალიები

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასია სამოქალაქო ომის მარწუხებშია, ომის, რომელიც დაბალი ინტენსივობით ხასიათდება და ძლიერი ისლამისტური ელფერი დაკრავს. ამ სარეველა ჯიჰადისტების ძალისმიერი აქციების უწყვეტი ციკლურობა დამთრგუნველია. ის სახელმწიფო რეპრესიებით, ბიუროკრატიის არაკომპეტენტურობითა და კორუფციით იკვებება.  

ვის ადანაშაულებენ ადგილობრივი ლიდერები ისლამისტების ძალადობაში? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ: ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსმა მეცნიერმა მიხეილ ალექსეევმა, რომელიც დღეს სან–დიეგოს უნივერსიტეტში მუშაობს, ახლახანს, „ევრაზიაში უსაფრთხოებისა და კვლევებისადმი ახალი მიდგომების პროგრამის“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე (PONARS) ვაშინგტონში, ამ მოვლენისადმი მიძღვნილი საინტერესო ანგარიში წარმოადგინა.

ალექსეევმა ჩეჩენი ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ 2009 წლის ივნისში გაკეთებული განცხადების ციტირება მოახდინა. კადიროვმა თქვა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კავკასიაში აჯანყებულ ისლამისტთა მოძრაობის „მართვის ცენტრია“. ამან ვაშინგტონის აუდიტორია, რომელიც ფიქრობდა, რომ საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ყველა ტიპის ბრალდება უკვე მოსმენილი ჰქონდა, ფრიად გაამხიარულა. კადიროვის აღმაშფოთებელი განცხადებები აბსოლუტურად პროგნოზირებადია; თუმცა იგივე გაიმეორა ინგუშეთის უფრო ზომიერმა პრეზიდენტმა იუნუს–ბექ ევკუროვმა, რომელმაც ბრიტანეთის და აშშ–ს „სპეცსამსახურები“ იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი ამ რეგიონში რელიგიური ბრძოლის სპონსორების ფუნქციას ასრულებენ, და რომ მათი მიზანი „საბჭოთა კავშირის მსგავსად, რუსეთის დანგრევაა“. ამას მოჰყვა ყაბარდო–ბალყარეთის ბრალდებები, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანალოგიურ შეთქმულების თეორიებზე ალაპარაკდა. 

ფედერალური ცენტრი მსგავსი გამონათქვამების უარყოფითა და კორექტირებით თავს არ იწუხებს, შესაძლოა, იმის გამოც, რომ ზოგიერთი მოსკოველი პოლიტიკოსი ანალოგიურად ფიქრობს, ან ცინიზმი და გულუბრყვილობა ამოძრავებს. აქ ურიგო არ იქნება იმ უცნაური განცხადების გახსენება, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2004 წელს ბესლანის ტრაგედიის შემდეგ გააკეთა. სისხლისღვრის მიზეზად მან საბჭოთა კავშირის დანგრევა და გაურკვეველი უცხოელი მტრების ხრიკები დაასახელა (და არა ცხადი კატასტროფა მეზობელ ჩეჩნეთში). საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობაც ასე ფიქრობს. 2008 წლის სექტემბერში VTSIOM–ის ცენტრმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში კვლევა ჩაატარა და რესპონდენტებს შემდეგი კითხვით მიმართა: რა მიზნები აქვს აშშ–ს ჩრდილოეთ კავკასიაში. გამოკიხულთა 60%–მა კითხვას ასე უპასუხა: „სამხედრო და სტრატეგიული ინტერესები, ასევე სამხედრო ბაზების განთავსება“.  

ალექსეევმა, ამ რეგიონში ანტიამერიკანიზმის არსებობის ორი მიზეზი დაასახელა. იქ ფაქტობრივად არანაირი უცხოური ინვესტიცია და ევროპული წარმომადგენლობა არ არსებობს და მუსულმანურ სამყაროსთანაც კი კონტაქტები ძალიან უმნიშვნელოა. ეს რეგიონი დალუქულ უსარკმელო ოთახს გავს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მიდრეკილია ცივი ომის კატეგორიებით იზაროვნოს. მაშინ, ჩრდილოეთ კავკასიის ბევრი მცხოვრები დარწმუნებული იყო, რომ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის უკან შეერთებული შტატები იდგა.

რეგიონალური აზროვნების თვალსაზრისით ეს ყველაფერი, სიგიჟეს გავს. ჩრდილოეთ კავკასია – რუსეთის უსაფრთხოების უმწვავესი პრობლემაა, რომელსაც ის ვერ უმკლავდება. 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, რუსეთის წინაშე სულ უფრო მეტად დგას სიტუაციაზე კონტროლის მოპოვების აუცილებლობის პრობლემა. თუმცა, წელს თავდასხმები გააქტიურდა, განსაკუთრებით - ჩეჩნეთში. 

ბოლოდროინდელი თავდასხმები რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელსა და ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაზე გროზნოში, კადიროვის განცხადებების საპასუხო მასშტაბური სიმბოლური დარტყმა გახლდათ: ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მან შეასრულა „ჩეჩენიზაციაზე“ პუტინთან გარიგების პირობები და რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციას მიაღწია. ამ რეგიონის ახალმა ეკონომიკურმა გენერალ–გუბერნატორმა ალექსანდრ ხლოპონინმაც, რომელიც სამუშაო ადგილების შესაქმნელად საგანგებოდ ციმბირიდან გამოიძახეს, მოსალოდნელი მარცხი განიცადა და ვერ შეძლო ისეთ ადგილობრივ, კლანურ ლიდერებთან გამკლავება, როგორიც კადიროვია. 

რუსეთს დახმარება სჭირდება იმაში, რომ კატასტროფისკენ სვლა, როგორმე შეჩერდეს. ლოგიკური იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ეს გულისხმობს ნდობის ახალი რეზერვების გამოყენებას, რაც „გადატვირთვის“ წყალობით შეიქმნა, ასევე აშშ–სადმი მიმართვას სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვების, საზღვრების განმტკიცებისა და მებრძოლებთან ბრძოლის ახალის მეთოდების ამოქმედების საქმეში დახმარების თხოვნით. 

მაგრამ ამის ნაცვლად, სჭარბობს ირაციონალური საწყისი. რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს კადიროვის პოზიციის განმტკიცებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი მის ინტერესებს იმაზე მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე პროდასავლელი ჩეჩენი ნაციონალისტები, როგორებიც არიან ასლან მასხადოვი და აჰმედ ზაკაევი, რომლებსაც კრემლი მრავალი წლის განმავლობაში დევნის. კადიროვი ბოლოს გროზნოს აეროპორტში საერთაშორისო რესიების აღდგენით დააჯილდოვეს. ამავდროულად, თამამი პიროვნებები, რომლებიც ცდილობენ ჩეჩენ დესპოტს პასუხი მოსთხოვონ, იდევნებიან. უფლებადამცველი აქტივისტი ოლეგ ორლოვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის რიგითი მოქალაქეების ინტერესებს იცავდა, ახლახანს სასამართლოში აღმოჩნდა. მას ბრალი კადიროვის მიმართ „ცილისწამებაში“ დასდეს.

საქართველო, რომელსაც ჩრდილოეთის საზღვრებზე არანაკლებ სჭირდება სტაბილურობა, ასევე არარაციონალურ თამაშს ეწევა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიასთან დაახლოების ახალი პოლიტიკა აამოქმედა, რაც, რუსების აზრით, ამ რეგიონის დანარჩენი რუსეთისგან გამოყოფის სტრატეგიაა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივ რეჟიმში შემოიღო უვიზო რეჟიმი ჩრდილო–კავკასიური რესპუბლიკებისთვის და გაეროში „კავკასიის გაერთიანების“ (ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ჩათვლით) საკუთარი იდეით გამოვიდა. ასეთი იდეები მისასალმებელი იქნებოდა, ის რომ პოეტს ან ბიზნესმენს მაინც გამოეთქვა. მაგრამ, როდესაც ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, ეს მხოლოდ ამწვავებს რუსეთის პარანოიას და დაძაბულობას რუსულ–ქართული ურთიერთობებში.  

უგუნურება აქ ახალ ჩვევად იქცა, და ასე იქნება მანამ, სანამ ვინმე არ გადაწყვეტს, რომ დროა ის წარსულს ჩაბარდეს.