ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი რამდენიმე დღეა, როგორც საკრებულოში განმარტავენ, “ამერიკაში საარჩევნო პროცესებს აკვირდება”. თუმცა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულმა ფაქტებმა ცხადჰყო, რომ მამეშვილისთვის უმჯობესია, გახშირებულ “პაეზდკებს” ნუ გადაყვება, ოზურგეთში დარჩეს და საკუთარ თანამშრომლებს - ხალხის მიერ მოვალეობების პირნათლად შესასრულებლად არჩეულთ დააკვირდეს.
27 ოქტომბერს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ოზურგეთში, რესტორან “ფიროსმანში” თავი მოეყარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელიტას. მათთვის ჩვენი იქ გამოჩენა შეუმჩნეველი დარჩა და ამიტომაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდით ხალხის რჩეულთა და რჩეულთა რჩეულების “მოღვაწეობას”. ჩვენი ვარაუდით, იქ მყოფების უმრავლესობას, სიმთვრალისგან ფეხზე დგომა უჭირდა. მართალია, საკრებულოს წევრები კუპეში ქეიფობდნენ, მაგრამ შიგადაშიგ გარეთ გამოდიოდნენ და ქალბატონებს მამაკაცები ეშველებოდნენ სიმთვრალისგან რომ არ წაქცეულიყვნენ.
ჩვენი ხელისუფლება მუდამ გვაყვედრის, რომ ხალხის საკეთილდღეოდ წელებზე ფეხს იდგამს, დღე და ღამე მოსვენება არ აქვს, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შემოჭერილი ქამრებით ლამისაა სული ამოხდეთ. სწორედ ამიტომ, შემთხვევის ადგილიდან კომენტარისთვისგუბერნატორის მოადგილეს, ლელა თავართქილაძეს დავუკავშირდით: ქალბატონო ლელა, რას აკეთებდნენ სამუშაო საათებში რესტორან “ფიროსმანში” საკრებულოს მთვრალი წევრები?!
თავართქილაძე შეგვპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვეოდა. პარალელურად, ჩვენი კორესპონდენტი, ჟანა მეგრელიშვილი საკრებულოში მივიდა და შეეცადა დაეფიქსირებინა, თუ ვინ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე. თავართქილაძესთან საუბრიდან რამდენიმე წუთში, კუპის კარი გაიღო და საკრებულოს აპარატის უფროსი - პაატა ბურჭულაძე და პრესსამსახურის ხელმძღვანელი - ნანა თავდუმაძე გამოვიდნენ. მოგვესალმნენ და ჩქარი ნაბიჯებით რესტორანი დატოვეს. დანარჩენები ქეიფს აგრძელებდნენ.
ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა საკუთარი თვალით გვეხილა სამუშაო საათებში, ზომაზე მეტად ნასვამი საკრებულოს რამდენიმე წევრი. რამდენიმე წუთში, ჩემს ტელეფონზე ზარი გახორციელდა: “შენ დაანთე ეს ცეცხლი? რატომ არ შეგვარგე ქეიფი?!!!... ორი შვილის დედას მაქ რა გინდა?! - აქეთ მითხრა საყვედური ნანა თავდუმაძემ.
“საკრებულოში მისულს, თითქმის ყველა კაბინეტის კარი დაკეტილი დამხვდა. სამუშაო ოთახში იმყოფებოდა სოციალური კომისიის თავმჯდომარე ირინა საჯაია, რომელიც იურისტს - ლაშა თავაძეს ესაუბრებოდა. საკრებულოს წევრების ადგილმდებარეობით დავინტერესდი. საჯაიას განმარტებით, კაბინეტებში ავთანდილ მექვაბიშვილი და მმართველი გუნდის ფრაქციის ლიდერი თემურ მოქია იმყოფებოდნენ; დანარჩენების ადგილმდებარეობა კი მისთვის უცნობი იყო.
გადავწყვიტე ავთანდილ მექვაბიშვილის კომენტარი მიმეღო, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. სწორედ ამ დროს ამოირბინეს კიბეებზე ნანა თავდუმაძემ, პაატა ბურჭულაძემ და აპარატის თანამშრომელმა ნინო ერქომაიშვილმა. ნანამ გაბრაზებული ხმით მითხრა – რა იყო, რა ამბავი ატეხე, შემოდი ოთახშიო.
პრობლემა არ მქონია და შევედი, თუმცა, საჯარო მოხელისაგან ამგვარ მიმართვებს, მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ ველოდი. მშვიდად ვცადე ამეხსნა, რომ ამგვარ საუბარს სჯობდა საკრებულოს წევრების ადგილსამყოფლის გარკვევაში დამხმარებოდა. მალე ბატონი ავთანდილიც შემოგვიერთდა, რომელმაც ღიმილით განმიმარტა, რომ მამეშვილის არყოფნის დროს, მას უფლება აქვს თანამშრომლები საქმეზე გააგზავნოს”, - ამბობს ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი.
საქეიფოდ წასვლა მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა და ამ “საქმის” ორიოდე საათით გადადება წარმოუდგენელია! მეორე დილით, რედაქციაში მისულებს ფანჯრის მინები ჩამსხვრეული, ოთახში კი ნახევარკილოგრამიანი ნატყორცნი ქვაც დაგვხვდა. მწვავე პუბლიკაციების გამო განაწყენებულებთან ერთად, საკრებულოს ზომაზე მეტად ნასვამი წევრებიც გაგვახსენდა და სოციალურ ქსელებში ისინიც მოვიხსენიეთ.
რბილად რომ ვთქვათ, გავოცდით, როცა “მედია.გე”-სთან ფაქტის კომენტირებისას, ნანა თავდუმაძემ უარყო არათუ რესტორანში ყოფნის ფაქტი, არამედ ჟურნალისტებთან შეხვედრაც და სატელეფონო ზარიც, ორი შვილის დედობის შეხსენებითურთ. ის მედიაპორტალს ეუბნება, რომ ჩვენთან მეგობრობს და ხშირად გვიკავშირდება. არაოფიციალურ საუბრებში ყველა ადასტურებს, რომ სამუშაო საათები მართლაც საქეიფოდ გამოიყენა, თუმცა, ვაჟკაცობა და ღირსება უდროო დროს მოქეიფეთაგან, მხოლოდ ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარეს პეტრე სალუქვაძეს ეყო – მან რედაქციაში დარეკა, ამომრჩევლისა და დაკისრებული მოვალეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო ბოდიში მოიხადა; ამასთან, მან წუხილი გამოთქვა 28 ოქტომბერს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტის გამო და გამოთქვა იმედი, რომ სიმართლისთვის ქვების მსროლელს აუცილებლად იპოვიან.
მისი აზრით, ამ დანაშაულის კონტექსტში რესტორანში მყოფთა მოხსენიება წარმოუდგენელია. თქვენს ადგილზე რომ ვიყო და ფაქტების ასე თანხვედრა ყოფილიყო, შესაძლოა მეც ასე მეფიქრა, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ მასეთ ადამიანებთან ნამდვილად არ ვმუშაობ. რაც შეეხება რესტორანში ყოფნას, ეს მართლაც შეცდომა იყო და მე პირადად ვიხდი ბოდიშს, - პატიოსნად აღიარა სალუქვაძემ.