ახალგაზრდა მოქალაქე - მამუკა კაციტაძე

ახალგაზრდა მოქალაქე - მამუკა კაციტაძე

ქართულ პოლიტიკაში ახლახან ნაბარტყმა „ახალმა მოძრაობამ“ შეიძლება, ფესვები ისე ღრმად გაიდგას, რომ იგი სერიოზულად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს. ამ ვარაუდის საფუძველს ის პერსონები ქმნიან,რომლებიც ამ ძალასთან აქტიურად თანამშრომლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიტიკურ სარბიელზე უფერულ და ხშირად ხელმოცარულ ადამიანებადაც კი ითვლებიან. თუმცა „ახალი მოძრაობისა“ და საქართველოში არსებულ ახალგაზრდული ორგანიზაციების დამაკავშირებელ რგოლებად, შეიძლება, სწორედ ეს ადამიანები იქცნენ. ახალგაზრდული ორგანიზაციების „დათრევა“ კი ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია: პირველი იმიტომ, რომ მათი მეშვეობით ახალგაზრდებზე გასვლა გაცილებით იოლია. ახალგაზრდობა კი მრავალრიცხოვანი და პოტენციური ამომრჩეველია. მისი სიმპატიების მოპოვებაც მასთან დაახლოებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას უფრო შეუძლია, ვიდრე რომელიმე კინკილა პოლიტიკურ პარტიას.

მეორე: საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები საარჩევნო შავი სამუშაოების შესრულებაში იმდენად გაწაფულები არიან, რომ ბევრი ვერ შეედრება. ამ მხრივ მათ მართლაც შესაშური გამოცდილება აქვთ და აბა, ამ გამოცდილებაზე რომელი გიჟი იტყვის უარს.

„ახალი მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრად ახალგაზრდულ პოლიტიკაში საკმარისზე მეტად გაცნობიერებული მამუკა კაციტაძე მოგვევლინა.

წლების მანძილზე იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე იყო, თანაც იმდენ ხანს, რომ მას „მარადმწვანე ახალგაზრდა“ შეარქვეს. თუმცა, კაციტაძე პოლიტიკაში ხელმოცარულ ადამიანად ითვლება, მაგრამ ვინც მას იცნობს, შესანიშნავად იცის, რომ ის „ახალგაზრდულ პოლიტიკაში“ ინტრიგების ხლართვის მამამთავარია... და თუ კარგად დავაკვირდებით, იმასაც ვნახავთ, რომ კაციტაძე ახალგაზრდობას დღემდე აკონტროლებს.

მცირე პრეისტორია: 1994 წელს საქართველოში ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო ფუძნდება. მასში ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური კავშირები და პოლიტიკურ პარტიათა ახალგაზრდული კავშირები ერთიანდებიან. ეს ის პერიოდია, როცა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთა ყალიბდება. შესაბამისად, მისი ინტერესი ერთადერთია: ნაციონალური საბჭოს სათავეში ოპოზიციურად განწყობილი პირი არ მოხვდეს. იმ დროს „ნატსავეტს“ პრაქტიკულად ორი პიროვნება აკონტროლებს: სმაკ-ის მაშინდელი თავმჯდომარე ლევან მამალაძე და „გეპეის“ სტუდკავშირის თავჯდომარე მამუკა კაციტაძე. არჩევნებამდე მათ შორის სიტყვიერი შეთანხმებაც მოხდა: საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მამალაძისთვის უნდა დაეჭირათ მხარი.

თუმცა არჩევნების დღეს კაციტაძემ მამალაძე „გადააგდო“ და მხარი მეორე კანდიდატს, დათო ტურაშვილს დაუჭირა. ამ დღის შემდეგ სმაკ-მა „გეპეიმ“ კატა-თაგვობანას თამაში დაიწყეს. მოგვიანებით, როცა სმაკ-ის თავმჯდომარე მიხეილ მაჭავარიანი გახდა, მიხვდა, რომ იგი ნაციონალური საბჭოს ვერ გააკონტროლებდა და მარტივი გამოსავალი მონახა: მან ალტერნატიული „ნატსავეტი“ ჩამოაყალიბა. ერთი წლის მანძილზე სმაკ-სა და ნაციონალურ საბჭოს შორის „ცივი ომი“ მიმდინარეობდა. მოგვიანებით, მაჭავარიანმა და კაციტაძემ ზავი დადეს: ორად გახლეჩილი ნაციონალური საბჭო გააერთიანეს, რომელსაც თავმჯდომარის გარეშე, ერთობლივად მართავდნენ. თუმცა, კაციტაძეს აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ამ ხნის მანძილზე მან სტუდენტური კავშირების დიდი ნაწილის „დათრევა“ მოახერხა.

დღეს მამუკა კაციტაძე დიდ და სერიოზულ პოლიტიკაში ჩაება. რამდენად გაუმართლებს მას ამ ასპარეზზე, ეს საუბრის სხვა თემაა. ერთი რამ ფაქტია: კაციტაძეს რეალურად შეუძლია,  ახალგაზრდული მოძრაობა „ახალი მოძრაობის“ სამსახურში ჩააყენოს, რითაც მოქალაქეთა ახალგაზრდულ კავშირს სერიოზულ ძალას გამოაცლის. სმაკ-ის ახლანდელი თავმჯდომარე, დათო ტყეშელაშვილი, დიდად ამაყობს, რომ თავის ორგანიზაციას იქ გაზრდილ-დამყაყებული ადამიანები ჩამოაშორა და ახალი კადრებით შეავსო. იმასაც აფიქსირებს, რომ ახლები მისი ერთგულები იქნებიან, თუმცა, სავარაუდოა, მისი აქილევსის ქუსლი სწორედ ეს გახდეს.

ერთი წლის წინათ სწორედ მამუკა კაციტაძესა და ტყეშელაშვილს შორის მორიგი გარიგება მოხდა: კაციტაძემ ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარედ ტყეშელაშვილს „გეპეიში“ საკუთარ ფრთებქვეშ გამოზრდილი კოკი იონათამიშვილის კანდიდატურა შესთავაზა. ტყეშელაშვილი დათანხმდა, რადგან, როგორც მის დედა-პარტიას, მასაც ე.წ. ახალი სახეები ჰაერივით სჭირდებოდა.მოკლედ, ტყეშელაშვილმა იონათამაშვილისა და მისი გუნდის სახით  ახალი სახეები მიიღო. ამით მან სმაკ-ის პრესტიჟიც გადაარჩინა და თვითონაც პარტიული ბოსების თვალში საქმიანი კაცის იმიჯი დაიმკვიდრა.

თუმცა, ეს ერთი შეხედვით, რადგან მანამდე მამუკა  კაციტაძემ მოასწრო და „ნატსავეტი“თავისი ერთგული ხალხით დააკომპლექტა. ტყეშელაშვილმა აშკარად ვერ გათვალა: კაციტაძის ერთგულ იონათამაშვილს სმაკ-ის თავჯდომარის მოადგილეობაც ლანგარზე დადებული მიართვა...

მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ერთ-ერთ ახალ სახედ  ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარე  ჟანი კალანდაძე წარმოადგინეს. მან სმაკ-ში პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა.

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ კაციტაძე  „გეპეიში“ თავის ერთგულ კაცს დატოვებდა და სწორედ კალანდაძეა ეს ერთგული კაცი. ახალგაზრდა „მოქალაქეებში“ მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებს სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავჯდომარე ლადო ბოჟაძე ხელმძღვანელობს. სმაკ-სა და სულხან-საბას სტუდკავშირს შორის კი ისტორიული შუღლი სწორედ კაციტაძის გამო არსებობს. შესაბამისად, ბოჟაძე ტყეშელაშვილის კაცად ვერაფრით ჩაითვლება. მოკლედ, რა გამოდის? ის, რომ „მოქალაქეთა“ ახალგაზრდული კავშირის ქვედა რგოლებს დათო ტყეშელაშვილი, პრაქტიკულად, ვეღარ აკონტროლებს. და თუ მამუკა კაციტაძე მოისურვებს, სმაკ-ის ძირითად ბირთვს, ანუ ე.წ.ახალ სახეებს „ახალი მოძრაობის“ სამსახურში ჩააყენებს. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა „მოქალაქეების“ ბოსმა იგივე „ჭამა“, რაც დიდ „მოქალაქეებში“ მისმა უფროსმა კოლეგებმა.

თუმცა, ეს ამბავი ამით რომ თავდებოდეს, კიდე არა უშავს. მოდით, ახლა მეორე ახალგაზრდულ ფრთას შევხედოთ.

რამდენიმე წლის წინათ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავჯდომარე ნიკო ნიკოლოზიშვილი სომხეთში ელჩად გაამწესეს და ამ თანამდებობაზე ვაკანსია გაჩნდა. მოქალაქეთა კაშირში დიდხანს ბჭობდნენ, ვისთვის ებოძებინათ ეს პოსტი. მაშინ თავისი კანდიდატურა სმაკ-საც ჰყავდა, მაგრამ მოქკავშირმა მისი ინტერესი რატომღაც არ გაითვალისწინა.

საბოლოოდ, ამ პოსტზე ნიკოლოზიშვილის მეგობარი, ზურაბ გაიპარაშვილი დაინიშნა. იმთავითვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ნიკოლოზიშვილი გაიპარაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე თანამოაზრეები იყვნენ და ყველა საკითხში კოორდინირებულად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ. დღეს ფიქრია ჩიხრაძე „ახალი მოძრაობის“ აქტიური წევრია. ამიტომ არავინ იფიქროს, რომ იგი მოქალაქეთა კავშირს, გაიპარაშვილს და მის დეპარტამენტს ხათრის გამო დაუთმობს. ალბათ, თავად გაიპარაშვილი არ ისურვებს იმ ადამიანის ღალატს, ვისი დიდი ძალისხმევითაც მან ბრძოლა მოიგო და თანამდებობა მოიპოვა.

რას ვიზავთ, ასეთია პოლიტიკა, იაღლიშებს არ პატიობს. მოქკავშირის ბობოლა და წვრილ-წვრილმა ბოსებმა კი როგორც ჩანს, ამ კუთხით ბევრი იაღლიში დაუშვეს. ამ პარტიაში ხომ ფიგურების გაბრწყინებაც და ჩასვენებაც პირადი სიმპატიების მიხედვიღ ხდება. ტყეშელაშვილს არ უყვარს თავისი წინამორბედი ლევან ალავიძე და მისი გუნდი. დღეს ალავიძე და მისი თანამოაზრეებიც არათუ სმაკ-იდან, მოქკავშირიდანაც წავიდნენ. მათ, ასევე, არ სწყალობდა სმკ-ს მაშინდელი გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანიც. სწორედ მაჭავარიანი იყო ის კაცი, ვინც ლარსის აქციის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ თავის შეფობის წინაშე ამ აქციის გამო პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. და არც აიღო. არადა, სწორედ ლარსი იყო ბოლო აქცია, სადაც ყველა ახალგაზრდული ორგანიზაცია ერთად, მართლაც ერთ მუშტად შეკრული იდგა.