„კავკასიურ სახლს“ ოფისიდან ასახლებენ

„კავკასიურ სახლს“ ოფისიდან ასახლებენ

[ნინო ჯაფარიძე]
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“ მალე შესაძლოა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურდიული პირი „სმირნოვების მუზეუმი“ ხდება, რომელსაც დღეს რამდენიმე ოთახი უჭირავს და რომელიც უკვე წელიწადზე მეტია დალუქულია. კავკასიური სახლის დირექტორი ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ ეს ორგანიზაციის წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. მისი მიზანია თბილისში აღარ არსებობდეს სახლი, სადაც კავკასიის ხალხების ინტერესებს დაიცავენ და ხალხთა შორის ურთიერთობაზე იზრუნებენ.

„კავკასიური სახლში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ შემთხვევით შეიტყვეს. „უკანასკნელი დადგენილება, რომლის საფუძველზეც „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლის“ ბაზაზე შეიქმა და მის უფელბამემკვიდრედ გამოცხადდა „სმირნოვების მუზეუმი“, ამის შესახებ ჩვენ თავიდან მედიით, შემდეგ კი, საიტიდან – კოდექსი.გე შევიტყვეთ, სადაც ყველა ახალი დადგენილება ქვეყნდება. ჩვენთვის ოფიციალურად ეს ამბავი არც კი შეუტყობინებიათ“,– ამბობს „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი გიორგი შაიშმელაშვილი.

შაიშმელაშვილის განმარტებით, სახელწოდებით „კავკასიური სახლი“ ორი ორგანზიაცია არსებობს - ერთი სამთავრობო და მეორე, არასამთავრობო.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სამთავრობო „კავკასიური სახლის“ გაუქმებას ითვალისწინებს, რომელსაც საბიუჯეტო დაფინასნება 2005 წელს შეუწყდა. არასამთავრობო ორგანიზაცია - „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი“ კი, სამთავრობო „კავაკსიური სახლის“ თანამშრომლებმა, როგორც ფიზიკურმა პირებმა 1999 წელს დაარსეს. სწორედ ამ ორგანიზაციის ძალისხმევით და ევროპულ ფონდ „ჰორიზონტის“ დახმარებით მოხდა ე.წ. სმირნოვების სახლის ფუნდამენტური რესტავრაცია-რეკონსტრუქცია 1998-2000 წლებში.

„შემქნის შემდეგ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო გრანტების მოძიება. მოქმედებდა იგივე პრინციპებით, როგორითაც სამთავრობო „კავვასიური სახლი“. ეს გახლავთ კავკასიური სახლის იდეა და მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში. ერთ–ერთი პირველი პროექტი, რომელიც არასამთავრობო როგანიზაციამ განახორციელა და რისთვისაც თანხები მოიძია, შენობის და სმირნოვების ყოფილი ნივთების რესტავრაცია იყო“, – განმარტავს გიორგი შაიშმელაშვილი.

კავკასიური სახლი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, გალაქტიონის №20–ში 1999 წლიდან არსებობს. ის ერთ–ერთი ყველაზ ძველი შენობაა ტაბიძის ქუჩაზე.

„სმირნოვების მუზეუმის“ ოფიციალური ვებ–გვერდი უწყება, რომ მუზეუმი განთავსებულია არქიტექტორ ოტო სიმონსონის მიერ XIX საუკუნის 60-იან წლებში აგებულ იმპერატორის კარის ფრეილინა ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის (1809-1882) შვილის სახლში. მისმა შთამომავალმა მიხეილ სმირნოვმა 1975 წელს საქართველოს საჩუქრად გადასცა სახლი და მის წინაპართა (სამი თაობის წარმომადგენელთა) კუთვნილი საოჯახო რელიქვიები. მათ ბაზაზე 1985 წელს დაფუძნდა მუზეუმი.

არასამთავრობო „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, სამთავრობო „კავკასიური სახლი“ კი, მთარგმნელთა კოლეგიის უფლებამონაცვლე ორგანიზაცია გახლდათ, რომელსაც 1985 წელს მემკვიდრეობით გადაეცა ე. წ. სმირნოვების სახლის ოთხი ოთახი, თამამშევებისა და სმირნოვების ძვირფას საოჯახო ექსპონატებთან ერთად. უკიდურესად ავარიული, დანგრევის პირას მისული ორსართულიანი სახლის დანარჩენი ოთხი ბინა სმირნოვების მიერ ადრევე იყო გაყიდული და კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

მოგვიანებით, 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამ შენობაში არასამთავრობო „კავკასიური სახლიც“ განთავსდა, მან ფონდ „ჰორიზონტის“ ნახევარმილიონიანი დაფინანსებით შენობა მთლიანად აღადგინა და მუზეუმში დაცული ექსპონატებიც შემოინახა.

ამავე დროს, ფონდმა ფული ასესხა თბილისის მერიას და უკან გამოასყიდვინა სმირნოვების მიერ გაყიდული სამი ბინა. ერთი კერძო ბინა პირველ სართულზე მისმა მფლობელმა რემონტის დასრულების შემდეგ გაყიდა. ის მიჰყიდა თავად ნაირა გელაშვილს. იმ დღიდან მოკიდებული ამ ფართით დღემდე „კავკასიური სახლი“ სარგებლობს.

ალექსანდრე სვატიკოვი, რომელიც წლების განმავლობაში „სმირნოვების მუზეუმის“ მცველი იყო, ამბობს, რომ სმირნოვებმა ეს შენობა საქართველოს აჩუქეს და არა რომელიმე ორგანიზაციას:

„ჩემთვის დასახლებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და უფრო მტკივნეულია, რა პირობებში ინახება ის ნივთები მუზეუმში და მუშაობს თუ არა ის“

ოქტაი ქაზუმოვი ერთ-ერთია მათ შორის ვინც საკუთარი გეგმების რეალიზება „კავკასიური სახლის“ დახმარებით შეძლო. ძველი ქართული ენის სპეციალისტი, რომელიც აზერბაიჯანული პოეზიის ნიმუშებს თარგმნის, ამობს, რომ ორგანზიაცია მძლავრ კულტურულ-საგანმამათლებლო და სამშვიდობო ცენტრს წარმოადგენს. მის პროგრამებში საერთო კავკასიურ თემებს სერიოზული ადგილი უკავია. ამიტომ, ამ ორგანზიაციის ქუჩაში დატოვება დაუშვებელია.

„კავკასიური სახლი იმ ტრადიციებს აგრძელებს, რომელიც თავის დროზე ძველმა ქართველმა მოღვაწეება შექმნეს კულტურულ–საგანმანათლებლო კერები საქართველოში თუ საზღვარგარეთ, იგივე ათონის მთაზე და კლარჯეთში. „კავკასიური სახლი“ დღეს ამ ტრადიციებს აგრძელებს. შემიძლია გითხრათ, რომ არაერთი აზერბაიჯენელი პოეტის ნაწარმოები ითარგმნა ქართულად, იმართება შეხვედრები. მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ კავკასიური სახლის ხელშეწყობით ითარგმა გიორგი ლობჟანიძის მიერ ყურანი ქართულად და გამოიცა“, – ამბობს ოქტაი ქაზუმოვი.

ძველი ქართული ენის სპეციალისტი განცხადებით, „კავკასიური სახლი“ „არის ის ბრძმედი“, რომლის წიაღშიც, სხვადასხვა ეთნიკური წარმშობის საქართველოს მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი სწორედ საკუთარი აზერბაიჯანელობით, ქურთობით, ან ჩეჩნობით არიან საინტერესონი ქართველობისთვის და ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „კავკასიური სახლის“ შენობაში „სმირნოვების მუზეუმის“ განთავსების შესახებ მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი. პოლიტიკური ექსპერტი და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ამბობს, რომ ეს არასამთავრობო ორგანზიაცია ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო ხანს, სამწუხაროდ დაიწყო მეტად ცუდი პოლიტიკა ხელების ფათურისა ჩრდილოეთ კავკასიაში. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც სხვა პოლიტიკას აწარმოებდა და ცდილობდა პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ჩრდილოეთკავკასიელებთან, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოც ჩართულიყო მათი ინტერესების რეალიზაციაში. ამ ბრძოლაში სააკაშვილმა შესაძლოა დროებიტ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნაირა გელაშვილი გამონახავს გზებს, რათა „კავაკსიურმა სახლმა“ კვლავ გააგრძელოს ფუნქციობა“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ხელშეკრულებებში, რომელიც ფონდ „ჰორიზონტსა“ და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის 1998-1999 წლებში გაფორმდა, ჩაიდო პირობა, რომ „კავკასიური სახლის“ შენობიდან გამოსახლება არ მოხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფონდი ჰოლანდიის შესაბამის სასამართლოს მიმართავდა და რესტავრაციაში გადახდილ თანხას უკან გაითხოვდა.

„ჰორიზონტი“ ხელისუფლებას სთავაზობს შენობის რესტავრაციისთვის გაღებული თანხა, 528 ათასი ამერიკული დოლარი მის გამოსასყიდად ჩათვალოს, ხოლო სამ ოთახში განთავსებული „სმირნოვ-თამამშევების მუზეუმი“ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დარჩეს. წინააღდმეგ შემთხვევაში, „ჰორიზონტი“ თანხის დაბრუნებას ითხოვს და მას „კავკასიურ სახლისთვის“ ახალი ოფისის შესაძენად გამოიყენებს. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ყველა პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან ხელშეკრულებას ვადა 2000 წელს გაუვიდა.

მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო „კავკასიურმა სახლსმა“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ შექმნილი პრობლემების მიუხედავად ის გააგრძელებს მუშაობას, თუმცა შენობიდან გასვლის შემთხვევაში მის პროექტებს: „შაბათ-კვირის სკოლა დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის“, „კულტურის კალენდარი“, „საუბრები კავკასიაზე“ და ა.შ. პრობლემები შეექმნებათ.