2010 წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება სტიქიურ წლად მივიჩნიოთ. წელიწადის ოთხივე დროს სხვადასხვა სტიქიური მოვლენების მომძლავრების გამო, ქვეყანას და მის მოსახლეობას დიდი ზარალი მიადგა. გამონაკლისი არც შემოდგომა ყოფილა. იმერეთსა და სამეგრელოს წყალდიდობა და მეწყერი ერთად დაატყდა თავს.
სამეგრელოს რეგიონში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენას ახლაც ცდილობენ და კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება თვლა და ანგარიში. მოულოდნელი სტიქიის გამო, ზარალი მართლაც სერიოზულია.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა აცხადებს, ამ მომენტისთვის ზუსტი მონაცემების დასახელება ძნელია. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სოფელ გიგინეთს, სადაც 34 სახლი ძლიერ დაზიანდა. შანავას თქმით, იქ წყლის სიმაღლემ 1,8 მეტრსაც მიაღწია.
ასევე, სავალალო მდგომარეობაა სოფელ ორუმშიც, სადაც წყალდიდობამ 17 ოჯახია დააზარალა. სოფელ ჯიხაშკარში 5 ოჯახი დაზარალდა, ანაკლიაში კი, დევნილთა კომპაქტური დასახლება დაზიანდა. შესაძლოა, დაზიანებული სახლების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
შანავას თქმით, აღნიშნული მონაცემები სერიოზულად დაზიანებულ სახლებს ეხება, ისე კი, ზუგდიდის რაიონის ყველა სოფლის მოსახლეობას სახლში წყალი შეუვიდა.
მძიმე მდგომარეობაა ხობშიც. ხობის გამგებლის იგორ ტყებუჩავას ინფორმაციით, დიდი ზიანი მიადგა შუა ხორგას, სადაც 100-მდე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო და ისინი დღეს დილით დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, რადგანაც ხობისწყლის სიმაღლის დონემ იკლო და დატბორვის საშიშროება აღარ არის. ხობის გამგებელი აცხადებს, რომ ზარალის გამოთვლის შემდეგ გადაწყდება, თუ რა რაოდენობის კომპენსაცია გადაეცემა დაზარალებულ მოსახლეობას.
სამეგრელოში სტიქია პირი იბრუნა, მაგრამ იმერეთში გააქტიურდა. ხონის რაიონის სოფელ კინჩხაში მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად მიწაში ჩაიტანა. სამდღიანი კოკისპირული წვიმების გამო, სოფელ კინჩხას პრობლემები გუშინ დილიდანვე შეექმნა. ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე ოჯახს კარ-მიდამო და სახლი დაუზიანა.
ქაროსანიძეების ოჯახი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ექვსსულიანი ოჯახი, ვიდრე მათი სახლი მთლიანად მიწის ქვეშ მოექცეოდა, სახლიდან შემთხვევამდე 10 წუთით ადრე გამოვიდა. დაზარალებული ოჯახი ადგილობრივმა მთავრობამ დროებით სხვა სახლში გადაიყვანა და პროდუქტებითაც მოამარაგა.
სამწუხაროდ, სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში, ადიდებულმა მდინარე სკრაიამ მსუბუქი ავტომანქანა გაიტაცა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა მდინარემ მაშინ ჩაითრია, როცა მძღოლი ხიდზე გადასვლას ცდილობდა. მგზავრებიდან ხუთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ ხეებზე ასვლა მოახერხეს, რის შემდეგაც სამაშველო სამსახურების თანამშრომლები დაეხმარნენ.
მძღოლმა, 34 წლის გოჩა ჟვანიამ მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და ადიდებულმა მდინარემ ავტომობილიანად გაიტაცა.
ხობის რაიონში კი მდინარე ხობისწყალმა დამბა გაარღვია და სოფლებში ხორგაში, ქარიატსა და გრუფულში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორა.
განადგურდებულია სახნავ სათესი სავარგულები. მოსახლეობას დაეხოცა პირიტყვი და შინაური ფრინველი.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვითარება დასტაბილურდა, მოსახლეობა კვლავ საშიშროების წინაშეა. წვიმის განახლების შემთხვევაში დროებით მიწყნარებული სტიქია კვლავ იჩენს თავს და ახალი ძალით შეუტევს ისედაც დაზარალებულ სოფლებს.