„ფართომასშტაბიანი ანტიკონტრაბანდული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის შემოტანის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 40 პირი დააკავეს“, – ინფორმაცია სააგენტოების მიერ გავრცელდა.
ერთი შეხედვით, ამ ფაქტში უჩვეულო არაფერია, დანაშაულებები ყველა დროს, ყველა ქვეყანაში ხდებოდა, ხდება და მოხდება კიდევ, თუ კაცობრიობამ სამომავლოდ დანაშაულის პრევენციის უნიკალურ მეთოდს არ მიაგნო.
მოკლედ, დანაშაულზე მოგახსენებდით, რომელიც, მითუმეტეს - საქართველოსთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ, უჩვეულო ისაა, რომ ქართველი სამართალდამცავების მიერ აღმოჩენილი დანაშაულის ფაქტები, ხშირ შემთხვევაში, ეჭვებს და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, მითუმეტეს, თუ საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხება.
საქართველოში ფინანსური დანაშაული ქვეყანაში მწვავე ფინანსური კრიზისის პირდაპირპროპორციულად იზრდება. ახლა, რომ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს. სხვათა შორის, ლილოს ბაზრობის ინცინდენტი, ხოლო ცოტა უფრო ადრე, „პასაჟის“ და „კიდობანის“ მოვაჭრეთა მასიური დაპატიმრებები პირდაპირ თუ ირიბად, ქვეყნის ფინანსურ კრიზისს უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, ერთის მხრივ კრიზისმა, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების ტერორმა მსხვილი ბიზნესი იმდენად ცუდ დღეში ჩააგდო, რომ ხელისუფლება უკვე მცირე ბიზნესს დაერია.
თუმცა, არის კიდევ დანაშაულის ერთი, განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც ძირითადად, ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესმენები სჩადიან. თუ წვრილი ბიზნესმენების ტერორს საზოგადოება მტკივნეულად განიცდის, ხელისუფლების მეგობარი ბიზნესმენების მიმართ საზოგადოებას, იოტისოდენა თანაგრძნობაც არ უჩნდება. ალბათ, იმიტომაც, რომ ისინი, ყველა დროში, ყველა ხელისუფლების დამფინანსებლები იყვნენ, რის გამოც მოსახლეობის ძარცვის ინდულგენცია ჰქონდათ მინიჭებული - „ქურდის ქურდი ცხონდაო“.
სულ ცოტა ხნის წინ, საპროცესო შეთანხმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს სს „ენერჯი ინვესტის“ ხელმძღვანელი გენო მალაზონია ისე, რომ საზოგადოებამ არაფერი იცის, რა ბრალი დაუმტკიცდა და რა – არა. თვალსაჩინო იყო მხოლოდ ფაქტი, რომ მალაზონია, რომელსაც სახელმწიფო 165 მლნ დოლარს ედავებოდა, პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იმ დროისთვის ლონდონში გაქცეული ვანო ჩხარტიშვილი ხელისუფლებამ უკან ჩამოიყვანა.
დიახ, ჩამოიყვანა, მაგრამ ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს. სანამ მალაზონია–ჩახარტიშვილის კავშირებზე ვისაუბრებთ, მანამდე იმას მოვყვებით, რატომ გაიქცა მალაზონიას დაჭერის შემდეგ ჩხარტიშვილი ლონდონში და რატომ წაართვეს მას 20 მლნ დოლარი.
პრესა.გე-ს აღნიშნული ინფორმაცია კომპეტენტურმა წყარომ მიაწოდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, თავის დროზე, მალაზონია–ჩხარტიშვილსა და ხელისუფლების ჩინოვნიკებს შორის არსებობდა დათქმა, რომ აზოტის ქარხანას (რომელიc „ენერჯი ინვესტის“ საკუთრება იყო) მის მიერ წარმოებული პროდუქცია ტონა 350 დოლარად უნდა გაეყიდა, საიდანაც 210 დოლარი ქარხანაში დარჩებოდა, ხოლო 140 დოლარი ხელისუფლებისთვის ე.წ. „შესაწირი“ იქნებოდა.
აღმოჩნდა, რომ როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი წილი მოიკითხა, პასუხად მიიღო, რომ „აზოტმა“ პროდუქციის გაყიდვა 210 დოლაზე მეტად ვერ მოახერხა. ამის პასუხად, ალბათ, გახსოვთ, რომ შსს–მ და პროკურატურამ აზოტის ქარხანაზე შტურმი მიიტანეს, ხოლო მალაზონია პატიმრობაში აიყვანეს. მოკლედ, ქართველმა ძალოვნებმა ბუღალტერია გადაქექ–გადმოქექეს და მალაზონია ტყუილში გამოიჭირეს. აღმოჩნდა, რომ აზოტის რეალიზაცია რეალურად 350 დოლარად ხდებოდა.
მალაზონიას დაპატიმრებიდან ძალიან მალე ვანო ჩხარტიშვილი ლონდონში გაიქცა, მაგრამ მისთვის არც ეს აღმოჩნდა გამოსავალი. ხელისუფლებამ იქ საკუთარი მსტოვარი მიავლინა და საქმეც მოგვარდა.
„ის პირი, ვინც ჩხარტიშვილს ლონდონში ჩააკითხა მიხეილ სააკაშვილის „მარჯვენა ხელია“ ბიზნესების მართვაში. ჩხარტიშვილსა და სააკაშვილის „მარჯვენა ხელს“ შორის საკმაოდ ბანალური საუბარი შედგა, ვანოს უთხრეს: რას გარბოდი რომ გარბოდი, მედიით ათასგვარ სისულელეებს ავრცელებდიო. ვინმემ ზედმეტად შეგაწუხა, ხომ იყო მოლაპარაკება, რომ წილი უნდა მოგეტანაო? მოიტა ის ფული და არავინ გერჩის, წადი შენს ქვეყანაში და აკეთე შენი საქმეო.
მოკლედ, გადამალული თანხა დაუანგარიშეს, რაც 14 მლნ გამოვიდა, მაგრამ 6 მლნ „შტრაფი“ უნდა გადაიხადო, რომ გაიქეციო უთხრეს და უკან ჩამოიყვანეს“, – ამბობს ჩვენი წყარო.
ასე რომ, ვანო ჩხარტიშვილი საქართველოშია, გენო მალაზონია – „თავისუფლებაზე“ და მათ გვარებს ალბათ, კიდევ ხშირად გავიგონებთ და მათი მხრიდან ხელისუფლებისთვის აღვლენილ „პოლიქრონიონსაც“ ხშირად მოვისმენთ.
ახლა კი, მალაზონი–ჩხარტიშვილის საქმიანობაზეც მოკლედ მოგახსენებთ, თუმცა, მანამდე კიდევ ერთ დეტალს აღვნიშნავთ, რომელიც მალაზონიას დაპატიმრების შემდეგ გავიგეთ.
მალაზონიას დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა გაგვანდო, რომ მალაზონიას ერევანში ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე წაასწრესო. ვერ დავიჩემებთ რამდენად უტყუარი ფაქტია, მაგრამ ნოღაიდელის და მალაზონიას რუსული კავშირები ნოღაიდელის პრემიერობიდან რომ მოდის, ეს ფაქტია.
ქართულ–რუსული სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტი“ 2004 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანი საფინანსო რესურსების მოზიდვა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაა. კომპანიის აქციების 58% რუსული „ინტერგაზინვესტის“ და „ინტერინვესტსის“ საკუთრებაა, ხოლო აქციების დანარჩენი წილი ქართველ აქციონერებზე ნაწილდება. თუმცა, მნიშვნელოვანი ისაა, რომ კომპანიის მთავარი ფინანსური დონორი რუსული „ვნეშტორგბანკია“. ეს ის ბანკია, რომელიც ოფიციალური მოსკოვის ინტერესების გამტარებელი და ყოფილი “გაერთიანებული ქართული ბანკის” – „ვითიბის“ აქტივების მფლობელია.
„ვითიბი“ „ვნეშტორბანკს“ ვანო ჩხარტიშვილმა მიჰყიდა. ჩხარტიშვილი შევარდნაძის მთავრობის დროინდელი ერთ–ერთი ჩინოვნიკი იყო, რომლის წინააღმდეგ სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირში“ ყოფნის დროს გააფრთებული იბრძოდა. თუმცა, როგორც შევარდნძისდროინდელ სხვა ჩინოვნიკებს, ჩხარტიშვილსაც მოუწია ხელისუფლებაში მოსული „ნაციონალებისთვის“ ხარკის გადახდა და სხვებისგან განსხვავებით, ჩხარტიშვილმა ამ ხელისუფლებასთანაც მოახერხა თავის დამკვიდრება.
პრესა.გე უკვე წერდა, რომ „ვარდოსანი ხელისუფლების“ დროს, ჩხარტიშვილმა დავით ბეჟუაშვილთან ერთად გაინაწილა ენერგეტიკული სფერო. რაც შეეხება გენო მალაზონიას, იგი სწორედ შევარდნაძის დროიდან ირიცხებოდა ჩხარტიშვილ–სიორიძის გუნდში. 1996-1997 წლები მალაზონია „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველიც კი იყო. მას შემდეგ, მას სხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მმართველობის დროს. ბოლოს კი მთლიანად „ენერჯი ინვესტში“ გადაბარგდა.
2005 წელს „ენერჯი ინვესტმა“ რუსთავის „აზოტის“ ქარხანა შეისყიდა, რომლის წარმოებას და დისტრიბუციას დღეს მთლიანად რუსები ახორციელებენ. ექსპერტები ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველა რუსული კომპანიის უკან, რომლებიც საქართველოში შემოვლითი გზებით არიან შემოსულები, ქართველი მაღალჩინოსნები დგანან. „აზოტის“ შემთხვევაში კი, საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, ქარხანაში რუსებთან ერთად ვანო მერაბიშვილსაც აქვს ინტერესები.
ახლა კი იმის შესახებ, რით უკავშირდებიან „ენერჯი ინვესტის“ რუსი მმართველები და გენო მალაზონია ზურაბ ნოღადელს. ჯერ ერთი ის, რომ „ენერჯი ინვესტი“ „აზოტში“ შევიდა და ამას ხელისუფლებასთან სიახლოვის გარეშე ვერ მოახერხებდა. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლების დახმარებით, 2006 წელს „ენერჯი ინვესტმა“ გარდაბანში აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის მიერ გამოშვებული ელექტროენერგიის წარმოებისა და მის გასაყიდ ფასს შორის არსებული სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა დაეფარა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაული იყო, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს სქემა ფულის კეთების ერთ–ერთი გზა იყო, რომლის დროსაც ე.წ. „ატკატები“ ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან მიდიოდა. ეს კი ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ–მინისტრობის დროა.
თავად საქართველოში ახალი ტექნოლოგიის გაზოტურბინების ჩამოტანა მთავრობამ წლის ნოვაციადაც კი აღიარა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა და მოსალოდნელიც იყო, ამ სიახლისგან მიღებული სარგებელი ქვეყანას არ უგრძვნია. საქმე ისაა, რომ გაზოტურბინებით გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა და „ელექტროსისტემა“ ჰიდრორესურსებზე გადაერთო.
ამას მოყვა გენო მალაზონიას დაპირისპირება ნიკა გილაურთან, რომელიც მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო. ვანო ჩხარტიშვილმა და დავით ბეჟუაშვილმა, რომლებიც ჯერ კიდევ ერთ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ, ახალი თამაში წამოიწყეს და ჰიდროელექტროსადგურების და ძველი ენერგობლოკების მიმართ გამოხატეს ინტერესი, რათა კომბინირებულ რეჟიმში დაეწყოთ ელექტროენერგიის წარმოება.
როგორც მაშინ ექსპერტები ამბობდნენ, ისე გამოვიდა, რომ ნოღაიდელი და მერაბიშვილი, რომლებიც ერთად კურირებდნენ ენერგეტიკის სფეროს ბეჟუაშვილ–ჩხარტიშვილთან დაპირისპირებულნი აღმოჩნდნენ.
მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა, ნოღაიდელი დღეს ოპოზიციაშია, მალაზონია და ჩხარტიშვილი არიან და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნებიან ხელისუფლების დონორები. თუმცა, ხელისუფლების შიგნით ვითარება პერიოდულად ისე იცვლება, რთულია მოვლენათა განვითარება ლოგიკას დაუქვემდებარო, მაგრამ ერთი რამ არასოდეს იცვლება – ხელისუფლებას მუდმივად ჰყავს კარის ბიზნესმენები და ამით მუდმივად ეწევა იმის პროპაგანდას, რომ ვინც მათთან არაა – მათი მტერია. მარტივად კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ბიზნესი და თავად ქვეყანა არასოდეს იქნება თავისუფალი.