ინტერნეტთავდასხმები გასამხედროებულ უწყებაზე - ვინ აშანტაჟებს ვაშაძის სამინისტროს?

ინტერნეტთავდასხმები გასამხედროებულ უწყებაზე - ვინ აშანტაჟებს ვაშაძის სამინისტროს?

ერთი კვირის წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამსახურიდან გათავისუფლებული ყოფილი ელჩისგან ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღო. პრესა.გე-ს ინფორმაციით, ექს-ელჩს მინისტრმა ვაშაძემაც უპასუხა და მიწერ-მოწერა “გაჩაღდა”. ამ ამბების შესახებ თავად ყოფილმა ელჩმა, რომლის ელ-ფოსტითაც გაიგზავნა ეს წერილი, მას შემდეგ შეიტყო, რაც კონტრდაზვერვამ დაურეკა და პასუხი მოსთხოვა... 

ინტერნეტშეტევასაეჭვოელჩებზე

ამ ისტორიას “ტრაგიკული” დასასრული არ ჰქონია, რადგან უშიშროებამ ბევრი იძია თუ ცოტა, დარწმუნდა, რომ ყოფილ ელჩს ელექტრონული ფოსტით მინისტრისთვის არაფერი გაუგზავნია და მას ბოდიში მოუხადეს (შეგნებულად არ ვასახელებთ ელჩის ვინაობას). თუმცა, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვაშაძისადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები ქართული უშიშროების ინტერესის საგანი ხდება. 

“გიგზავნით, იაპონიაში რუსეთის ელჩის, ამხანაგი ბელის მიერ ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებული წერილის ასლს, რომელშიც იგი მომართავს, როგორც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს (მგონი ვერ არის, ტავო). რა უქნა?” – საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე ამობეჭდილი ამ შინაარსის წერილი, დიდი ხანია, ხელიდან ხელში გადადის, როგორც ქართველი ელჩების არაპროფესიონალიზმის თვალხილული “დადასტურება”. 

წერილი - N10-039-08 - 2008 წელს მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ ვაშაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხელ მაჭავარიანის ძმამ, იაპონიაში საქართველოს ელჩმა, ვანო მაჭავარიანმა “გამოუგზავნა”. ის მალევე აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართული გაზეთის ფურცლებზე. სამინიტრომ მაშინვე განმარტა, რომ ასეთი ოფიციალური წერილი სამინისტროში არ შესულა, თუმცა, მშრალი განმარტება არავინ დაიჯერა. შესაბამისად, ყველა, დარწმუნებული იყო, რომ ვანო მაჭავარიანი იაპონიიდან სამინისტროში ასეთის სახის ოფიციალურ წერილებს აგზავნიდა.

ვანო მაჭავარიანი კი აცხადებს, რომ N10-039-08 ამ ნომრით მან ოფიციალური წერილი სამინისტროში მართლაც გააგზავნა, მაგრამ ის საელჩოსთვის საჭირო ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა. 

დაიწერა თუ არა, ცნობილი წერილი რეალურად?

ვანო მაჭავარიანი: “წერილი დაიწერა, თუ არ დაიწერა, ამას ნაკლებად პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს წერილი დაიწერა, მაგრამ ეს იყო პირადი მიმოწერა. როგორ მოხდა ის სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე და შემდეგ გაზეთში, არ ვიცი. ვიცი, რომ სამინისტროში უშიშროების სამსახურის მეშვეობით ჩაატარდა მოკვლევა და დაადგინეს იმ პირების ვინაობაც, ვისაც შეეძლო მსგავსი ტიპის კანონდარღვევა ჩაედინა. ალბათ, ყველაზე მეტად პრობლემური ის იყო მაშინაც და სხვათაშორის, ახლაც ასეა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სამინისტროში მისული პირადი მიმოწერა გაიტანოს გაზეთში, თუ სხვა მიმართულებით და ამაზე კონტროლი არ არსებობს. 

მე ჩემი ყოფილი კოლეგებისგან რამდენიმეჯერ მომივიდა ფოსტა, სადაც ისინი მწერენ, რომ მათი სახელით ინტერნეტში გავრცელებულია წერილები, რომლებიც მათ არ ეკუთვნით და მთხოვენ, ყურადღება არ მივაქციო. სამი დღის წინათაც მივიღე ასეთივე წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისგან. ეს არის უსაფრთხოების სისტემის დარღვევა, რომელმაც გამოიწვია მსგავსი წერილების გარეთ გატანა. 

ვის მიწერეთ წერილი და როცა ოფიციალურ ბლანკზე გადატანილი გაზეთში გამოქვეყნდა, რატომ მაშინვე არ უთხრა სიმართლე საზოგადოებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ?

-გრიგოლ ვაშაძეს მივწერე ელექტრონული ფოსტით, რომელიც მაშინ მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილეების დონეზე გადაწყდა, წერილისთვის იგნორირება გაეკეთებინათ. ეს გააკეთეს კიდეც, იმის ნაცვლად, ოფიციალურად გაეცათ პასუხი გაზეთისთვის, რომ წერილი იყო ხრიკი, რომელიც ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად და მიზანმიმართულად ჩაიდინა ჩემი, თუ - ზოგადად საგარეო უწყების წინააღმდეგ. 

ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში შეიცვალა სამინისტროს ხელმძღვანელობა, მოვიდნენ ახალი მოადგილეები. იყო გარკვეული გადაადგილებები სამინისტროს სამმართველოებსა და დეპარტამენტებში. კონკრეტული გადაწყვეტილებები იყო მისაღები, რასაც შესაბამისი გავლენა ექნებოდა ამა თუ იმ კონკრეტულ საქმიანობაზე, იქნებოდა ეს საელჩოს - თუ თავად სამინისტროს საქმიანობა. გრიგოლ ვაშაძემ მითხრა მაშინ, რომ საჭირო არ იყო ამ თემაზე ზედმეტი საუბარი. თუმცა, ფაქტია, ამ ე.წ წერილმა ნეგატიური შედეგი გამოიღო და ფაქტობრივად, პირადი შეტევები განხორციელდა ჩემზე, რომ მე წერა-კითხვა არ ვიცი”. 

აქვე დავსძენთ, რომ მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის კურსდამთავრებულია და მაგისტრის ხარისხიც აქვს. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად ვის ინტერესებში შედიოდა ორი ყოფილი ელჩის ელექტრონული ფოსტით მანიპულირება, მაგრამ, ფაქტია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ბევრი პრობლემაა, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. ალბათ, სხვას არაფერს უნდა ნიშნავდეს ის ფაქტიც, რომ ერთ შემთხვევაში, ყოფილი ელჩის სახელზე ყალბი ელექტრონული ფოსტა გაიხსნა, მეორე შემთხვევაში – ნამდვილი ფოსტა “გატყდა”, თანაც - ორივე ფაქტი ვაშაძის სახელთან არის დაკავშირებული. 

უფრო მეტიც – ჩვენს მიერ მოყვანილი ელჩების ისტორიებით არ მთავრდება ინტერნეტთავდასხმები ამ სამინისტროზე და ამან უკვე მასიური ხასიათი მიიღო. ფაქტობრივად, ამ ნახევრადსამხედრო უწყების ნებისმიერი თანამშრომლის ელექტრონული ფოსტა საფრთხის ქვეშაა, კონტრდაზვერვა კი უძლურია, დამნაშავე იპოვნოს... ჩვენ შევეცადეთ, რომ სპეციალისტთან გაგვერკვია, რასთან გვაქვს საქმე, როცა ნახევრადგასაიდუმლოებულ სისტემაში ელექტრონული ფოსტით ხდება მანიპულაციები. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, გასაგები მიზეზის გამო, კომენტარი გასაიდუმლოებული უწყების შესახებ კეთდება... 

კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი: “ელექტრონული ფოსტის გატეხვა ყოველთვის შეიძლება, თუკი შესაბამისი დაცვა და შიფრაცია არ არის გამოყენებული. გააჩნია, რა რესურს გამოიყენებ. ასეთი გასაიდუმლოებული უწყების წარმომადგენლები ელექტრონულ წერილებს სახალხო კომპიუტერებიდან არ უნდა აგზავნიდნენ. 

ერთი ელჩის შემთხვევაში იაპონიიდან, საელჩოს კომპიუტერით გამოიგზავნა წერილი, მეორე ელჩის სახელზე კი, უბრალოდ, გაიხსნა ყალბი ელ-ფოსტა. თანაც ყალბი ელექტრონული წერილების გაგზავნა საკმაოდ გახშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, არადა - ნახევრადგასაიდუმლოებული უწყებაა...

-მაშინ ძალიან დახელოვნებულ შემსრულებელთან და პაკეტის “პერეხვატთან” გვაქვს საქმე. სამინისტროს წარმომადგენლები დაშიფულ წერილებს უნდა აგზავნიდნენ და ასეთი ფოსტის გატეხვა ძალიან ძნელია. საერთოდ, ასეთ რაღაცეებს უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურები აკეთებენ. მაგალითად, რუსეთში ყველა პროვაიდერი ვალდებულია,

ნებისმიერი გზავნილი “ეფესბეს” გავლით “გაატაროს”. თუ ღია ტექსტით გაუშვა წერილი ელჩმა, ეს იგივეა, მეგაფონით იყვირო ქუჩაში. ასეთ შემთხვევაში, თუ ვინმეს სურვილი აქვს, “პერეხვატს” გააკეთებს. მეორე ელჩთან მიმართებაში, უბრალოდ, ბოროტ სიმულაციასთან გვაქვს საქმე და თუ ასეთი შემთხვევები სამინისტროში ხშირია, სერიოზულად არის ამ უწყების უსაფრთხოების სისტემა გადასახედი”... 

დახურული ამბასადორიალის უცნაურობანი

როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევები იმ ელჩებს მოსდით, რომელთა კანდიდატურები არც თუ ისე მისაღებია მავანთათვის. სამაგიეროდ, ამ უწყებაში ფასდებიან ისეთი ელჩები, რომელთაც “თავდავიწყებით” უყვართ მმართველი პარტია. ჩვენ უკვე ვწერდით, როგორ უთხრა გავლენანმა ბელგიელმა პოლიტიკოსმა - ან-მარი ლიზინმა ბელგიაში საქართველოს ელჩს, სალომე სამადაშვილს: “შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ ქვეყნის ელჩი”. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნინო ბურჯანაძის თქმით, სამადაშვილმა ლიზინს იმის ახსნა დაუწყო, როგორი მარგინალია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. 

და საერთოდ, ვინ არის ელჩი ქვეყნისთვის და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის, როცა თანამდებობაზე ინიშნება? აქვე უნდა დაისვას ეს კითხვაც: რამდენად პროფესიონალები არიან ისინი, რომელთაც ხელეწიფებად ელჩების კანდიდატურების შერჩევა და სამინისტროდან მათი ზედამხეველობა? 

ნინო ბურჯანაძე: “იცით, რაშია საქმე, ამ სფეროში, რა თქმა უნდა პრობლემები ყოველთვის არსებობდა, ობექტური და სუბიექტურიც. ობიექტური იმის გამო, რომ საქრთველო დიდი ხანი არ არის, რაც დამოუკიდებელი ქვეყანაა. 90-იან წლებამდე არ გვყავდა დიპკორპუსი და არ გვქონდა საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების გამოცდილება. სუბიექტური იმის გამო, რომ ამ სისტემაში არადა არ მოხერხდა (ბოლო პერიოდი ამის არაჩვეულებრივი თვალნათელი მაგალითია) ვთქვათ, პროფესიონალიზმის მიხედვით კადრების შერჩევა. 

საერთოდ, მთელ მსოფლიოში დიპლომატია არის ელიტარული მიმართულების სახელმწიფო სამსახური. ელიტარული ნიშნავს ძალიან მაღალი დონის განათლებას და სერიოზულ გამოცდილებას. ბუნებრივია, ამ სფეროში  წარმოდგენილი შენი კადრები შენი ქვეყნის იმიჯზე მეტყველებენ. როცა ქვეყანა ელჩებად ნიშნავს 27 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში გყავს ადამიანები, რომელთა უმაღლესი განათლების დიპლომი იწვევს კითხვის ნიშანს, ზოგს კი დიპლომატიასთან არასდროს ჰქონია შეხება, ბუნებრივია, სერიოზულ დიპლომატიაზე ლაპარაკი ვერ იქნება.  

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ როტაციის პერიოდში ელჩები გამოცდილებას იძენენ, ამავდროულად, ისინი გადიან საერთაშორისო კურსებს დიპლომატიაში?

-ნინო კალანდაძეზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, ძალიან გთხოვთ. ასეთი კადრები რომ არიან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯერ მარტო ეს ლაპარაკობს ჩვენი დიპლომატიის დონეზე. როცა ჩაცმულობის სტილსაც კი ვერ აკმაყოფილებენ დიპკორპუსის წარმომადგენლები, როცა ის არ იციან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვინ უნდა იყოს ძირითადი ხელმომწერი, ან თუნდაც ქალბატონები როგორ უნდა იყვნენ ჩაცმულები და როგორ უნდა იქცეოდნენ, მე ასეთ კადრებზე ლაპარაკიც ზედმეტად მეჩვენება. 

დიპლომატია არის სწორედ ის სფერო, სადაც ქცევა თუ ჩაცმულობა, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად გამიგეთ, სულ არ არის აუცილებელი ძვირფასი გეცვას. აქ საუბრია ჩაცმულობის ე.წ. კოდექსზე, რომელიც აუცილებელია დიპლომატისთვის. აუცილებელია ჰალსტუხი ეკეთოს და კოსტიუმი ეცვას მამაკაცს. აუცილებელია, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე მინიმალურად შემოსილი მაინც იყოს ქალი და არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც ღამის კლუბში, გნებავთ ელჩი, გნებავთ მისი მოადგილე, გნებავთ სამინისტროს თანამშრომელი. ეს ისეთი ელემენტარული რამაა, ამაზე როცა გიწევს საუბარი, სწორედ, ესაა ბედურება. 

აბსოლუტური არაპროფესიონალიზმის მაგალითი შემიძლია, მოგიყვანოთ. ამ ბოლო ამბასადორიალზე. გამოდის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამბობს, მე ელჩებს ვუთხარი, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, დაელაპარაკოს რუსეთს და აღადგინოს დიალოგი. 

მერე გამოდის ამ შეხვედრიდან ერთ-ერთი ელჩი და ამბობს, საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღეთ ინსტრუქცია, რომ ყველაგან და ყველა დონეზე, სადაც კი შეგვეძლება, პრობლემები შევუქმნათ და ხელი შევუშალოთ რუსეთს. ასეთი ინსტრუქცია შეიძლება, მისცე შენს ელჩს, მაგრამ ან შენ უნდა გეყოს იმდენი ჭკუა, თუ ხედავ, რომ თავად ელჩებს არ ყოფნით ჭკუა, ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები არ აკეთოთ. აი, ეს არის ჩვენი დიპლომატიის დონე”. 

როგორი ადამიანი უნდა ინიშნებოდეს ელჩის თანამდებობაზე და რა პოლიტიკური წონა უნდა ჰქონდეს მას?

ვანო მაჭავარიანი: “მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის არანაირი გამოცდილება, არ აქვს განათლება მიღებული, არ ერკვევა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში, ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა, ელემენტარულად, რესურსისა და დროის ფუჭი ხარჯვაა. 

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ელჩი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეუძლია, თავისი პოლიტიკური კულტურა და შინაგანი გამოცდილება გამოიყენოს კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტული მხარდაჭერისა, თუ კონკრეტული კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამას ვერ გააკეთებს ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში ყოფნის მხოლოდ ერთი, ან ორწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენს პირობებში, რადგან ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, ელჩს მინიმუმ, პროფესიული საქმიანობის 10-15 წლიანი გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეს. 

ამის კარგი მაგალითია, აშშ-ის შემთხვევა. მაგალითად, იაპონიაში ამერიკის ელჩად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთოობა აქვს ობამასთან. ის არ არის პოლიტიკოსი, ძალიან განათლებული იურისტია. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ობამას გაპრეზიდენტებაში. მხარდამჭერი იყო კალიფორნიაში. 

რაც მთავარია, მას აქვს საერთაშორისო ბიზნესსა და ურთიერთობებში საქმიანობის 20-30 წლიანი გამოცდილება. ამერიკის მთავრობამ და კერძოდ ობამამ ჩათვალა, რომ ამ ადამიანს შეუძლია, ხელი შეუწყოსა იაპონიასა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას. ამავდროულად, მას შეუძლია, ტელეფონი აიღოს და პირადად დაურეკოს პრეზიდენტ ობამას, რათა მოაგვაროს ეს საკითხები. 

სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებში გაიგზავნა ხალხი, რომელთაც აქვთ უფრო მეტად პოლიტიკური გამოცდილება. მაგალითად, ჩვენთან ჯონ ტეფტი რომ იყო ელჩად, მათ ჩათვალეს, რომ ტეფტის გამოცდილება პოსტსაბჭოურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ იგი ახლა უკრაინაში დაინიშნოს. იქ საკმაოდ რთული სიტუაციაა და ამ პროცესების თვალყურის დევნება, საელჩოს მხრიდან რთული განსახორციელებელი ამბავია. მათ გადაწყვიტეს, რომ ტეფტს ეს გამოცდილება ჰქონდა. 

ეს ხალხი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი გამოცდილების მქონეა. აშშ-ში ელჩად არავინ ინიშნება შემთხვევითი, მაგალითად ადამიანი, რომელსაც მხოლოდ თარჯიმნად, ან პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება აქვს. 

საინტერსოა, ჩვენი საკადრო პოლიტიკა როგორია?

-ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამინისტროსა და საელჩოების კადრების სწორი დაკომპლექტების პოლიტიკა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ანუ 15 წლის განმავლობაში, მრავალმა ნიჭიერმა ადამიანმა შეძლო უცხოეთში განსწავლა. ამ ხალხმა თავისით გაიარა ეს გზა, ჩააბარა უმაღლესში, მიიღო განათლება, იმუშავა. მათ აქვთ დაგროვილი საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება, როგორც აკადემიური, ასევე - იმ ქვეყანაში ყოფნის. ელემენტარულად, ქუჩები იციან. 

აქ ჩამოსვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოწადინებულები არიან დასაქმდნენ ამ სისტემაში, ამის საშუალება არ ეძლევათ. არ ვიცი, რატომ. მაგალითად, ადამიანებს, რომელთაც მე ვიცნობდი იაპონიიდან, იქ დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, ჩამოვიდნენ აქ, სურვილი ჰქონდათ საგარეოში მუშაობის დაწყების და რატომღაც ვერ შეძლეს ეს. როგორც კი გაიხსნა საქართველოში იაპონიის საელჩო, ამ ქართველების უმრავლესობის დასაქმება იაპონელებისთვის უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.  

მეორე შემთხვევა არის ის, რომ ის ხალხი, რომლებიც საელჩოში მუშაობას ასრულებს, ხშირ შემთხვევაში, სამინისტროში ვეღარ ბრუნდებიან, რადგან არ აქვთ შეთავაზება. მათი გამოცდილება, ცოდნა, წლები, ფაქტობრივად, ფუჭად იკარგება. ეს არის პრობლემა, რომელიც, მე მგონი, უფრო სერიოზულად უნდა იქნას გამოკვლეული. 

ელჩს პრეზიდენტი ნიშნავს თანამდებობაზე, მაგრამ თუ ეს საგარეო უწყება არ სთავაზობს კარგ კადრს, პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთულია, სათითაოდ ეძებოს ელჩები ამ ქვეყანაში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, წლევანდელი ამბასადორიალის შემდეგ პრეზიდენტმა საკმაოდ ღიად დააფიქსირა, რომ ის გარკვეულწილად უკმაყოფილო იყო რიგი ელჩების, მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მან ვერ დაინახა მათში ინიციატივა, ქვეყნის ცოდნა და პასუხისმგებლობა”.