”სუბელიანი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ფიგურაა”

”სუბელიანი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ფიგურაა”

ყველას გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის ცნობილი განცხადება, რომ თუკი მისი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი შეეცდებოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებას, და იმაზე მეტ ქონებას დააგროვებდა, ვიდრე მას ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა, ეს ქონება ჩამოერთმეოდა და თავად კი ციხეში აღმოჩნდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის ეს და კიდევ ბევრი სხვა დაპირება დაავიწყდა და მხოლოდ დაპირებად დარჩა.

”პრესა.გეს” ინფორმაციით, მალე საქართველოს ბაზარზე ახალი, ქართული პარფიუმერია შემოვა. ამ პარფიუმერიის ქარხანა კი წეროვანში მდებარებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ ქარხნის მეპატრონე, შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია გახლავთ. ჩვენ შევეცადეთ, ეს ინფორმაცია შსს-ში გადაგვემოწმებინა, თუმცა, სამწუხაროდ, მერაბიშვილის უწყებაში ამ საკითხე კომენტარს არ აკეთებენ.

”კონსერვატორი” კახა კუკავა ”პრესა.გესთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ ინფორმაციას და ზოგადად ქართველი ჩინოვნიკების მილიონებზე ინფორმაციას მალე საჯარო გახდიან.

- თუ შევარდნაძის დროს იყო, დაუშვათ, 200 ოჯახი კორუმპირებული, დღეს არის დაახლოებით 20-30 ოჯახი. მაგრამ, მათ ხელში არის თავმოყრილი მთელი ეს კორუფციული სისტემა.

ვინ არიან ეს კორუმპირებულები, სახელი და გვარები შეგიძლიათ, გვითხრათ?

- რა თქმა უნდა. ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ნიკა გილაური. ეს არის 5 დიდი კორუმპირებული ოჯახი საქართველოში.

შევარდნაძის დროს ცნობილი იყო, რომ ნუგზარ შევარდნაძე აკონტროლებდა ერთ-ერთ საწვავის გამანაწილებელ კომპანიას და პარალელურად არსებობდნენ სხვებიც. დღეს ასეთი რამე წარმოუდგენელია. დღეს არის მხოლოდ მონოპოლიები და პარალელურად ვერავინ ვერ იარსებებს.

რა ბიზნესს აკონტროლებს შს მინიტრი?

- ბათუმის ბულვარი და ძალიან ბევრი სასტუმრო, ანუ მთელი ტურისტული ინდუსტრია არის ვანო მერაბიშვილის კონტროლის ქვეშ. გუდაურში არსებული მთელი ტურისტული ინდუსტრია ზურაბ ადეიშვილის ოჯახისაა. აბა, მიდით და დადგით ზურაბ ადეიშვილის პირადი სანქციის გარეშე გუდაურში თუნდაც ერთი პატარა სასტუმრო. დავით კეზერაშვილი აკონტროლებს ლატარიის კომპანიებს და პროდუქტების მთელი იმპორტს, ხორციდან დაწყებული. სააკაშვილი ასეთ წვრილმანებზე არ ხურდავდება. ირაკლი ოქრუაშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ მისი წილების შესახებ რკინიგზაში, ბილაინში და სხვა კომპანიებში. ნიკა გილაური აკონტროლებს საბანკო სექტორს. ეს არის ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია.

მაინც იქნებ დავაკონკრეტოთ, კორუფციის მხრივ სიტუაცია რა თვალსაზრისით გაუარესდა?

- შევარდნაძის დროს თავისუფლად შეეძლო ნებისმიერ ადამიანს ეკეთებინა ნებისმიერი ბიზნესი. თუ არ იყო ის ხელისუფლებასთან კავშირში, ვერ მიიღებდა, რა თქმა უნდა, პრივილეგიებს, მაგრამ არც შეზღუდვები ექნებოდა. დღეს წარმოუდგენელია, საქართველოში აკეთო მსხვილი ან საშუალო ბიზნესი ხელისუფლების სანქციის გარეშე. ეს გამორიცხულია. ვერავინ ვერ მეტყვით, რომ თუნდაც პურ-კომბინატი, თუნდაც ხორც-კომბინატი და ა.შ. არსებობს საქართველოში და ეს არაა ამ 5 ოჯახის კონტროლს ქვეშ. ვინც ამათ წილი არ მისცა, ვნახეთ, რომ ზოგის ღვინო კანალიზაციაში გაუშვეს და ზოგის ხორცი უკან, ავსტრიაში დააბრუნეს.

სხვათა შორის, ჩვენი ინფორმაციით, შს მინისტრის მეუღლეს წეროვანში გააჩნია პარფიუმერიის საკუთარი ქარხანა. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? 

- ამის შესახებ დეტალური ინორმაცია არ გაქვს. მაგრამ, ჩვენ ვაპირებთ, ჩაუშვათ ინტერნეტში ახალი პროექტი - ”საჯარო რეესტრი”. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება და საჯარო რეესტრი დახურა. შევარდნაძის დროს თავისუფლად შეგეძლოთ ერთ დღეში ნებისმიერი კომპანიის, ნებისმიერი მფლობელის და მეწილის შესახებ მიგეღოთ ინფორმაცია.

დღეს ეს შეუძლებელია და რეალურად, რომც მიიღო რეესტრიდან ინფორმაცია, ეს სანდოც არაა.

საჯარო რეესტრში მითითებული იქნება ”წეროვანის პარფიუმერიის ქარხანა - თაკო სალაყაია”. ვანო მერაბიშვილის ქონება რამოდენიმე ასეული მილიონით განისაზღვრება. ჩვენ ვაპირებთ ამ თემით დაინტერესებას, ვინაიდან საქმე ეხება შს მინისტრის მეუღლეს. სექტემბრიდან ჩვენ შევადგენთ იმ ქონების ნუსხას, რომელიც მათ შეიძინეს რევოლუციის შემდეგ.

ვანო მერაბიშვილს მინისტრობამდე ჰქონდა იმის ბერკეტი, რომ ამხელა ბიზნესები ეწარმოებინა?

- საჯარო არის ქონებრივი დეკლარაციები და შეგიძლიათ, ნახოთ, რომ პირდაპირ ნოდარ დუმბაძის ცნობილი ფრაზისა არ იყოს, ცალ-ცალი კალოშით არიან მოსული მთავრობაში. აი, იყო კახა თარგამაძის დროინდელი კორუფცია - პოლიციის ყველა განყოფილებაში გროვდებოდა რაღაცა თანხა, რომელიც მიდიოდა რაიონის პოლიციის უფროსთან, ისინი რაღაცა წილებს გადასცემდნენ რეგიონის პოლიციის უფროსებს და ისინი აგროვებდნენ უკვე ამ თანხას სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის.

დღეს ვითარება შეცვლილია. ვანო მერაბიშვილს შეუძლია, პირდაპირ მოიგოს ნებისმიერი მილიონიანი სახელმწიფო ტენდერი. ჟურნალისტი ხართ და დაინტერესდით, ვინ აშენებს საქართველოს გზებს, რატომ გველაპარაკებიან ამ გზებზე ამდენს და რამდენი მილიარდი არის ამაზე ოფიციალურად გახარჯული.

და ვინ აშენებს, მერაბიშვილი?

- რა თქმა უნდა. აშენებს ვანო მერაბიშვილის კომპანიები.    

ამ კომპანიებში საკუთარი წილი აქვს მერაბიშვილს?

- წილი კი არა აქავს, არამედ ეს კომპანიები მისია თავიდან ბოლომდე. მონოპოლიზაცია მოხდა. ეს ადამიანები უნდა გასამართლდნენ. ეს არის მსგავსი ტიპის რეჟიმისთვის დამახასიათებელი. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს პრაქტიკა, რომ გამოიძიეს იმ პრეზიდენტების საქმეები, რომლებსაც შეუწყდათ უფლებამოსილება. მოხდამათი მთელი ქონების კონფისკაცია, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ უნიკალური პრეცედენტი იქნა დაშვებული შვეიცარიის ბანკის მიერ და გაიყინა მათი ანგარიშები.

არანაკლები ქონება დააგროვეს, როგორც ამბობენ, უგულავამ და კობა სუბელიანმა...

- გეთანხმებით. ამათ ბიზნესი არა აქვთ, ძირითადად ამ 5 ოჯახის შიდა ინფრასტრუქტურას წარმოადგენენ. გიგი უგულავას სააკაშვილი თვლის მტრად. მიაჩნია, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე მიუწვდება ხელი და ამიტომაა, რომ ხშირად ამოწმებს მერიას კონტროლის პალატა. სუბელიანი რომ დევნილთა სისხლით გამდიდრდა, ეს უეჭველია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რეალურად რა დაჯდა ის კოტეჟები და რეალურად რა უნდა დამჯდარიყო. სუბელიანი რას წარმოადგენს, ამას თქვენ მაინც არ უნდა კითხულობდეთ.

შეიხედეთ დევნილთა ნებისმიერ კომპაქტურ ჩასახლებაში და ნახავთ, რა ხდება. საქართველოს დედაქალაქში დევნილების 5-6-სულიანი ოჯახები 10-15 კვადრატულ მეტრში ცხოვრობენ. რა თანხები გამოიყოფა ამ ადამიანებისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ესეც ყველამ კარგად ვიცით.

სად ეტევა ამ სუბელიანს ან რა მუცელი აქვს ასეთი, რომ არ გაძღა ამ ტრანშებით და კრედიტებით მაგის მუცელი, უბრალოდ, არ ვიცი. ყველა ზღვარს გადააჭარბა სუბელიანმა უკვე. სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ვერ მალავენ უკმაყოფილებას უკვე.

ეს არის ზღვარგადასული, ამორალური საქციელი. დევნილთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა არის დასაჭერი, მინისტრიდან დაწყებული, ბოლო თანამშრომლით დამთავრებული.

ამბობენ, რომ კობა სუბელიანის მოღვაწეობაზე პროკურატურამ დაიწყო მუშაობა...

- ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა, მომავალი ხელისუფლების პირობებში სუბელიანს მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. იმიტომ, რომ არ არსებობს ამაზე დიდი ამორალიზმი, რომ დევნილებს მოპარო ფული და ამ ფულით აიშენო სახლი. ყველანაირი კორუფცია გამიგია, მაგრამ დევნილს, ქუჩაში დაგდებულებს, რომ მოჰპარავ ფულს და ჯიბეში  ჩაიჯიბავ, უნდა იცოდე, რომ ეს არ შეგრჩება.     

ეს ფულები სუბელიანმა ჩაიდო ჯიბეში?

- სადაა, აბა, ეს ფული? ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან გამოიყო და იმ ხალხამდე არ მისულა. მარტივი ლოგიკა - მაშინ ვინ მოიპარა ფული? როგორც ჩანს, მარტო სუბელიანის ჯიბეში არაა ეს ფული წასული. სუბელიანი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ფიგურაა, თუ ყველაზე კორუმპირებული არა.