ასოციაცია “კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მამის, შპს “ჯეოინჟინერინგის“ ხელმძღვანელის, პროფესორ ომარ ქუცნაშვილის დაპატიმრების დამკვეთად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დაასახელა, რასაც მისივე განმარტებით წინ უძღვოდა ორჯერ განხორციელებული სატელეფონო ზარი “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან.
ამის შესახებ მან პრესა.გე–სთან საუბრისას აღნიშნა, რის შემდეგაც ტელეფონით დავუკავშირდით მმართველი პარტიის პრესსამსახურის უფროსს, ქეთი ქოჩორაშვილს და ვთხოვეთ დახმარება დავით კეზერაშვილთან დაკავშირების საქმეში, ან კომენტარის გაკეთება, ზემოხსენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.
რამდენიმე საათის შემდეგ “ნაცმოძრაობის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს კვლავ შევეხმიანეთ და პასუხად მივიღეთ ის, რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირება შეუძლებელია, იმის გამო, რომ მისი კოორდინატები არა აქვთ, ხოლო კომენტარის გაკეთებაზე “ნაცმოძრაობა“ უარს ამბობს.
“2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 22 დეკემბერს, მამა დაიბარეს “ნაცმოძრაობის“ შტაბში. 24–ში კვლავ დაურეკეს და მიზეზების განმარტება სთხოვეს, თუ რატომ არ გამოცხადდა, რაზეც მამამ მიუგო – “თუ თქვენ გაქვთ საქმე, მაშინ ასაკითაც და მდგომარეობითაც, თქვენ გეკუთვნით ჩემთან მოსვლა; მე მეწარმე კაცი ვარ, პარალელურად მეცნიერულ საქმიანობას ვეწევი, ტექნიკურ უნივერსიტეტში და თქვენ გაქვთ ვალდებულება ჩემთან მოხვიდეთო“. მაშინ მამას უთხრეს, “სანანებელი შეიძლება გაგიხდეთ ეს თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ ყველა ცხადდებაო.“
ის რომ დეკემბერში “ნაცმოძრაობის“ შტაბში იბარებდნენ ბიზნესმენებს და სთხოვდნენ ფულს, დასტურდება საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშით, რომელშიც მოყვანილია უამრავი მაგალითი, სწორედ ამ დროს ბიზნესმენების “ნაცმოძრაობის“ შტაბში დაბარებების და ფულის წართმევის. ყველა ეს პირი შეგიძლიათ იხილოთ “ნაცმოძრაობის“ შემომწირველთა სიაში. შესაბამისად, ამ არგამოცხადების გამო, მამა იმ შავ სიაში აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე პიროვნებას ჰქონდა გაკეთებული.
ერთ–ერთი, ვინც პასუხისმგებელი იყო საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსურ უზრუნველყოფაზე, გახლდათ დავით კეზერაშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმ ხალხის დევნა დაიწყო, რომლებიც არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას, თანხის გადახდასთან დაკავშირებით. კეზერაშვილის დაკვეთით, ფინანსურ პოლიციაში 28–კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მამას საქმეს იძიებდა“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი და ამ ინფორმაციის წყაროს შესახებ დასძენს:
“ეს ინფორმაცია მაქვს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლისგან; ის არის საკმაოდ დიდი თანამდებობის პირი, რომელსაც ვენდობი; ამ ადამიანის წესიერების მჯერა. იქიდან გამომდინარე რომ ვალდებული ვარ გავუფრთხილდე, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ატარებენ ძალიან ძვირფას ინფორმაციას, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ სასამართლოში შევიტანო ამ პირის სახელი და გვარი. ამ გარემოებას გამოვიყენებ მაშინ, როცა დარწმუნებული ვიქნები, რომ ქართულ სასამართლოში ამ ტიპის მტკიცებულების შეტანას აზრი აქვს“.
პროფესორი ომარ ქუცნაშვილი 2008 წლის 10 ივლისს დააპატიმრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით, სხვისი ქონების მითვისების ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. დამნაშავედ გამოაცხადეს იმ დანაშაულისთვის (ყალბი საკრედიტო და საანგარიშსწორებო ბარათების დამზადება), რომელიც ჩადენილი, რომ ჰქონოდა, მაშინ ვალდებული იყვნენ დამნაშავედ გამოეცხადებინათ სხვისი ქონების მითვისებაში. ომარ ქუცნაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სააპელაციომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა არ განიხილა.
საქმე, რის გამოც ომარ ქუცნაშვილს ედავებოდნენ, ეხება აშშ–ს სამთავრობო სააგენტოს – “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დაკვეთით განხორციელებულ სამუშაოს. კერძოდ, 2006 წელს, ჩრდილო–სამხრეთის გაზსადენზე (რომლითაც ჩრდილოეთიდან გაზით მარაგდება ჩვენი ქვეყანა და მეზობელი სომხეთი) ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს.
“მამას კომპანია იყო უძლიერესი კომპანია და უცხოელები ყველაზე რთულ ობიექტებს სწორედ მის კომპანიას აძლევდნენ. მამას კომპანიის დაპროექტებულია ამერიკის სალეჩოს შენობა დიდ დიღომში, საქართველოს ფულის საცავი... მამა სახელმწიფო ბიუჯეტის დაკვეთებზე საერთოდ არ იყო დამოკიდებული; დამკვეთებს შორის 96% საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციები იყვნენ“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი და დეტალურად იხსენებს, როგორ მოხდა “ჯეოინჟინერინგის“ ამერიკის სამთავრობო სააგენტოსთან დაკავშირება, რომელიც 16 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ეხმარება:
“შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძე ავითარებდა იდეას, ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის რუსეთზე გასხვისების შესახებ – “რკინაა, ჯართია და რად გვინდაო“. ამერიკელებმა პრინციპული პოზიცია დაიკავეს, “ღარიბი ქვეყანა ხართ, მაგრამ გაქვთ ორი რამ, რითაც შეგიძლიათ მსოფლიოსთვის სასარგებლო იყოთ და ამავდროულად თქვენი სუვერენიტეტი უზრუნველყოთ; თქვენ ღმერთმა მოგცათ ჩრდილო–სამხრეთის გაზსადენი, რომლითაც მარაგდება არა მარტო საქართველო, არამედ სომხეთი, თავიდან ბოლოომდეო“. ყოველ ათას კუბურ მეტრში ათი პროცენტი უფასოდ გვეკუთვნის და წარმოიდგინეთ რამხელა თანხაა. “ეს მილსადენი დაზიანებულია და არ გვინდაო“, – ასეთი იყო ქართული მხარის პოზიცია. 20 მილიონი გამოუყვეს და უთხრა, ფულს გაძლევთ და დაზიანებული მონაკვეთები აღადგინეთო.
შესაბამისად, იმის გამო რომ ამერიკის მთავრობა არ ენდობა, ამ 16 ქვეყნის მთავრობებს, აქვს ფულის გადაცემის შემდეგი სქემა – გაფორმებულია საერთაშორისო შეთანხმება, საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკის მთავრობას შორის, რომლის ძალით, საქართველოში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდია“ დაფუძნებული, რომელსაც ამერიკის სამთავრობო სააგენტო მეურვეუბს და აკონტროლებს. “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ ჩატარებული ტენდერის, კონკურსის საფუძველზე აფორმებს ხელშეკრულებას“.
ასე გააფორმა ამერიკის სამთავრობო სააგენტომ კონტრაქტი ომარ ქუცნაშვილის კომპანიასთან, რომელმაც მილსადენი სწორედ იმ მონაკვეთში ააშენა თავიდან, რომლის სიახლოვეს, სტიქიური უბედურების შედეგად საავტომობილო ხიდები ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ.
სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა ომარ ქუცნაშვილის საქმე, რომ მასში დაზარალებული მხარე არ იყო, რადგან ამერიკის სამთავრობო სააგენტომ, ჯერ კიდევ საქმის გამოძიების ეტაპზე, ოფიციალური ნოტით მიმართა ქართულ მხარეს, რომ ჩატარებული სამუშაოთი იყვნენ უაღრესად კმაყოფილები და რომ არანაირი პრეტენზია ომარ ქუცნაშვილთან არ ჰქონდათ; ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაზარალებულის სტატუსი სასამართლომ მოუხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სამთავრობო სააგენტოსა და ომარ ქუცნაშვილის კომპანიის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა.
ამ მასალის ავტორი, ჯერ საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გამართულ თითქმის ყველა პროცესს დაესწრო და გააშუქა. ქუცნაშვილის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა აშშ–ს საელჩო საქართველოში, რომლის წარმომადგენელი ყველა პროცესს ესწრებოდა. ამ საქმით საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გამოხატეს დაინტერესება, მაგრამ ამ საქმის ასეთი რეზონანსის მიუხედავად, ეს მაინც ვერ გახდა ომარ ქუცნაშვილის საქმეზე ობიექტური განაჩენის გამოტანის საფუძველი. ის დღემდე პატიმრობაშია.
ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ სააპელაციოს სამი მოსამართლიდან ორს (მანანა ოთარაშვილსა და ლია ორკოდაშვილს) ვადა ჰქონდათ გასული, როცა ომარ ქუცნაშვილთან მიმართებაში გადაწყვეტილება გამოაცხადეს – “ამ საქმის გარჩევის სანაცვლოდ, ამ ორმა ადამიანმა ახალი, ათწლიანი დანიშვნის უფლება მიიღო; ბრალმდებელმა პროკურორმა, ვახტანგ იაშვილმა – თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილეობა, ხოლო ზედამხედველმა პროკურორმა, თბილისის მთავარი პროკურორობა“.
ზაქარია ქუცნაშვილმა მდინარე გლდანულასთან, სტიქიის შედეგად ჩამონგრეული ხიდების და შპს “ჯეოინჟინერინგის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების ფოტოები გვაჩვენა, როგორც ახალი, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ომარ ქუცნაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს. ჩამონგრეულ ხიდებსა და გაზსადენის იმ მონაკვეთს, რომელიც თავიდან აშენდა, ერთმანეთთან დაახლოებით 100 მეტრი აშორებთ.
“როცა ამერიკელებმა პროექტი წარუდგინეს, მამამ დაიწუნა და თქვა – “კი მოგეჩვენებათ რომ მდინარე გლდანულა წყნარი მდინარეა, მაგრამ სტიქიური მოვლენების დროს, განსაკუთრებით, გაზაფხულის და შემოდგომის წხალუხვობისას, დამანგრეველი ეფექტის მომტანია და ამიტომ, საინჟინრო გადაწყვეტა უნდა შეიცვალოსო. ამერიკელებთან შეთანხმებით ამ პროექტის კორექტირება მოხდა.
დაარწმუნა იმ მიდგომის სისწორეში, რომ თუ გაზსადენის მილი ჩამარხული იქნებოდა მდინარის კალაპოტთან 1,80 სანტიმეტრის სიღრმეზე, ღვარცოფის დროს გაშიშვლდებოდა და დაზიანდებოდა.
მილი 4 მეტრის სიღრმეზე ჩაიმარხა. დრომ და ფაქტმა დაადასტურა, რომ მისი საინჟინრო გადაწყვეტა იყო სწორი, რადგან სწორედ იმ ადგილას მოხდა კატასტროფა, ხიდები ჩაინგრა, ხოლო მამას აშენებულ გაზსადენს ერთი დღეც არ შეუწყვეტია მუშაობა და საქართველო–სომხეთის სახელმწიფოები დღემდე მარაგდებიან გაზით, ჩრდილოეთის მიმართულებიდან. აქედან გამომდინარე, ბრალდება რომ გააყალბა საბუთები, იმიტომ რომ დამკვეთის სახსრები მიეთვისებინა, ხოლო მითვისების შედეგად სამუშაოების ხარისხმა შემცირება განიცადა, არ დასტურდება“.