რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში ნებისმიერ ვიზიტს აზრი არ ექნება, თუკი ისინი არ ჩამოდიან კონკრეტული გადაწყვეტილებით, თუ როგორ უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,- ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
”თუ ვინმე ჩამოდის ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებით, მაშინ ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიციები. სხვა შემთხვევაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა რჩება იმ ვექტორზე, რომელზეც ის არის”, - აღნიშნა თალაკვაძემ.
კითხვაზე - აპირებს თუ არა ხელისუფლება ოკუპაციის შესახებ კანონის მოთხოვნების აღსრულებას, თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანონი იქნება დაცული და საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ დაარღვევს.
”ვისაც კანონი აქვს დარღვეული, მათ მიმართ კანონი აღსრულდება, როგორც ეს განსაზღვრულია მთავარი კანონმდებლობით. კანონს დაიცავს ყველა, სტუმარიც და მასპინძელიც”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია გეგმავს.