ზევით, კარლსონის პარმაღზე ათი დაბრაწული ფუნთუშა იყო ჩამწკრივებული.
- თან, ფულიც გადავიხადე პატიოსნად, - წაიტრაბახა კარლსონმა – ახლა კი შუაზე გავიყოთ – შვიდი შენ, შვიდი მე.
- მაგდენი არ გამოგვივა, - შეედავა ბიჭუნა – შვიდი და შვიდი თოთხმეტია, ჩვენ კი სულ ათი ფუნთუშა გვაქვს.
კარლსონმა სასწრაფოდ ააკოკოლა შვიდი ფუნთუშა.
- ეს ჩემი ფუნთუშებია, - ხელი მოაფარა ფუნთუშების მთას – ახლა სკოლებში ასე სულელურად ასწავლიან თვლას. მაგრამ მე მაგათი გულისთვის თავს ვერ დავიზარალებ. ავიღოთ შვიდ-შვიდი, როგორც მე ვამბობ. აი, ჩემი წილი ავიღე კიდეც.
(ასტრიდ ლინდგრენი, “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”)
არითმეტიკა და მათემატიკა იქით იყოს – ეთიკას ასწავლიან სულელურად, შრომას საერთოდ აღარ ასწავლიან, ხატვით – მხოლოდ ვარდებს ახატვინებენ და ბოტანიკაშიც მხოლოდ ვარდის ბუტკო და ვარდისავე მტვრიანა ისწავლება, ისტორია 2003 წლიდან იწყება, ფიზიკაში ხახუნის ძალაა მთავარი, ქიმიაში – დიფუზია, ფიზკულტურაში – ბუჩქნარის ვარჯიშობანი, ანატომიაში – კუჭი, ზოოლოგიაში – ძაღლი და ღორი, ხოლო სიმღერაში – “მიშა მაგარია” და, მგონი, მართლა მაგარია... ყოველ შემთხვევაში, გამოკითხვები ამაზე მეტყველებს.
ერთი კვირის წინ ამაზე მხოლოდ ერთი გამოკითხვა მეტყველებდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე ორამდე გაიზარდა და, როგორც ჩანს, ყოველი გამოკითხვა არჩევნებთან გვაახლოებს და, თან, გვაშორებს კიდეც. გრინბერგს და სხვა ოხერ-მამაძაღლებს თუ დავუჯერებთ, ახლა არჩევნები რომ ჩატარდეს, ზაალ სამადაშვილი გურამ დოჩანაშვილს ისეთი უპირატესობით დაამარცხებს, რომ პრინციპში, აღარც აქვს არჩევნების ჩატარებას აზრი.
მოკლედ, თუ ხვალ არჩევნები ჩატარდება, გვეყოლება არა პარლამენტი, არამედ “ვაგზალი ორისათვის” - “საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ერთი მეგაფონით (ინგა გრიგოლია) და ერთი პენსნეთი (ზაზა გაბუნია) გაძლიერებული “ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა”.
ერთი ჩითის კაბა... მხოლოდ ერთი და ისიც – კაბა. ეს ელიტაა. ელიტა ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის – სწავლის უფლება, შრომის უფლება, საარჩევნო უფლება, სიცოცხლის უფლება... ჩამონათვალი დიდია და ჯერ-ჯერობით ამ ჩამონათვალში ვერ ვხედავთ ჩაცმის უფლებას, რაც, თავისთავად, გულისხმობს გახდის უფლებასაც. საბაჟოზე მომხდარი ამბავი მახსენდება...
სარფის საბაჟოზე ქალები დააკავეს და დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან დიდხანს უნდებოდნენ გახდას. უცებ რომ გაეხადათ, არავინ არაფერს არ ეტყოდა, მაგრამ სწრაფად მხოლოდ ელიტარული ქალბატონები – მომღერლები, კუწურიეები, პოლიტიკოსები და ა.შ. – იხდიან, ხოლო ის ქალები კონტრაბანდისტები იყვნენ. კონტრაბანდისტი ეწოდება იმ ადამიანს, რომელსაც შემოაქვს საქონელი, არ იხდის გადასახადს და ამით აზარალებს ბიუჯეტს. თუმცა, თუ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ კონტრაბანდული საქონლის შემოტანა ისევ საქონლებს აზარალებს.
“ხელები მაღლა, ტრუსიკი დაბლა” - იყო ჩემ ბავშვობაში ასეთი ხუმრობა და ამ ხუმრობამ დღეს კანონის ძალა შეიძინა. ალბათ, ნახეთ ფარული კამერით გადაღებული კადრები – ბედნიერი და გართობას დანატრებული ქალბატონები გადადიან თურქეთში, სიცილ-კისკისით იცმევენ რამდენიმე ხელ ტანსამელს, რამდენიმე ფეხ ფეხსაცმელს, რამდენიმე ჰმ... ტრუსიკს, რამდენიმე ჰმ... ლიფს, გადმოდიან საზღვარზე და აქ იხდიან. რამე კი არ უჭირთ, უბრალოდ, მძაფრი შეგრძნებები სიამოვნებთ.
ასე იყო თუ ისე, ეს ქალბატონები დაიჭირეს და ალბათ ციხეებშიც ამოაყოფინებენ თავს. ბაზრობებზეც ხომ დაიჭირეს... ჰოდა, იცით რას ვფიქრობ? ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში გენდერული ბალანსის აღდგენას ემსახურება.
“პარტიის პრესსამსახურს ნინო ძაგნიძე, ხოლო საზოგადოებრივ მიმღებს - თაზო გამცემლიძე უხელმძღვანელებს. ისინი ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა გუნცაძემ წარუდგინა” - ნიუსი საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებოდა, ნინო ძაგნიძე ჟურნალისტების სამსახურში იქნება, თაზო გამცემლიძე – საზოგადოების სამსახურში. “ქართულმა პარტიამ” მედიის წარმომადგენლებს სათაო ოფისის ჩვენება მოუწყო, მაგრამ რასაც ტელევიზიით მოვკარი თვალი, ამ პარტიის ლიდერთა სახეების გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს არა იმდენად ჩვენება იყო, რამდენადაც მარიაჟობა – ნახეთ, რა ოფისი გვაქვს... თუმცა, მთავარი ხომ ოფისი არ არის, მთავარი გაგებაა!
მთავარი გაგებაა და ჯერაც ვერ გავიგეთ, “ქართული პარტიის” მრავალრიცხოვანი ლიდერებიდან ვინ რა პარტიულ თანამდებობას დაიკავებს. არადა - საინტერესოა. მაგალითად, ლეიბორისტულ პარტიაში ყველანი რაღაცის მდივნები არიან, ყველა ერთად კი – შალიკოს მდივნები არიან. “სოსო, გაზეთები და ყავა შემომიტანე”, “პაატა სიგარეტზე გაიქეცი და თან ხალხის განწყობა გაიგე”, “ნესტან, ცახკაძორში კონფერენციაზე წადი და სუჯუხი გამოიყოლე”...
ორი თვის წინ გიორგი გუგავა შალვა ნათელაშვილს “რუსთაველში” ბილეთებზე გაეგზავნა და რადგან იქით იყო, ბარემ პარლამენტში რაღაც კანონპროექტიც შეაგდო. გავიდა ორი თვე და ლეიბორისტული პარტია პარლამენტში 2 თვის წინ წარდგენილი კანონპროექტის დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვს. გუგავას განცხადებით, იმ შეთხვევაში, თუ პარლამენტში ლეიბორისტების კანონპროექტის განხილვა დროულად არ მოხდება, ხელისუფლება შედეგად დამშეული ხალხის ბუნტს მიიღებს.
ვერ გაიგო გუგავამ, რომ ჩვენი საზოგადოება არის აქლემი – რაც კომუნისტების დროს ჭამა, ყველაფერი კუზში დააგროვა და ამდენად არავითარი “მშიერი ბუნტი” მოსალოდნელი არ არის. გუგავას ვთხოვ, დაანებოს თავი ნათელმხილველობას, რვაფეხა პაული და სამფეხა მაგიდა (ამ 30 წლის წინ რაჭაში ლეგენდები დადიოდა სამფეხა მაგიდაზე, რომელიც მომავალს წინასწარმეტყველებდა) მაგისგან მაინც არ გამოვა.
გასულ კვირაში არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუს მოსისხლე მტერმა – შალვა ნათელაშვილმა ხალხს მოუწოდა არ გადაიხადონ გადასახადები და საერთო საგადასახადო დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ. შალვას რომ კითხო, საგადასახადო დაუმორჩილებლობა უკვე შემდგომ გახდება საერთო დაუმორჩილებლობის გამოცხადების საფუძველი, რა გზითაც ხელისუფლება შეიცვლება.
არ არის გამორიცხული, რომ ახლა, ამ წუთში, შალვა ნათელაშვილი ფეი-ბოქსთან დგას და წინასწარ იხდის მომავალი წლის დენის, გაზის წყლისა და დასუფთავების გადასახადს.
დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ბევრი გამოჩნდება ისეთი სულელი, რომელიც ნათელაშვილს დაუჯერებს. ბევრს ეხსომება 1990 წლის ზაფხულის ის დღე, როცა “დინამოს” სტადიონზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა კაცმა საბჭოთა პასპორტი დახია და ამით თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს გათავისუფლების საქმეში. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ამ 20 წელიწადში საქართველოში სულელების რაოდენობა არ გაზრდილა, მე დაგიმტკიცებთ, რომ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის.
გასულ კვირაში კოკა სეფერთელაძემ ბავშვები და მანდატურები გააბედნიერა. “სკოლის მანდატურები და №1, №10, №157, №29 და №52 სკოლის მოსწავლეები ხვალ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვევიან. მანდატურები მოსწავლეებთან ერთად კარელ ჩაპეკის „კატის ზღაპარს“ იხილავენ. სპექტაკლს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრება” - ეს ნიუსი ანონსებში ამოვიკითხე და წარმოვიდგინე, როგორ უცქერდნენ მანდატურები სპექტაკლს – ჭუჭრუტანებიდან. და თუ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, 29-ე სკოლელები არასდროს დაიჯერებენ კატებისა და კოკების ზღაპრებს.
სანამ კოკა ბავშვებს კატის ზღაპარს უყვებოდა, პედაგოგებმა პროფკავშირების ყრილობა ჩაატარეს. ოღონდ, ეგ არის, რომ ყრილობაზე კი იყვნენ, მაგრამ თავი სამასწავლებლოში ეგონათ და კინაღამ თმებით ითრიეს ერთმანეთი. ბოლოს ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო – პედაგოგთა ნაწილმა ყრილობა დატოვა და ალტერნატიული პროფკავშირი შექმნა. რვაფეხა პაული ცოცხალი რომ იყოს, იტყოდა, ეს საქმე სტრასბურგში გაირჩევაო.
აი, იქ ხომ არ ვყოფილვარ და ხომ არაფერი ვიცი, მაგრამ დედუქციური მეთოდის გამოყენებით ვხვდები, რომ მართლები ისინი იყვნენ, რომლებმაც ყრილობა დატოვეს. გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა მათ პროვოკატორები უწოდა – აი, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ მართლები ისინი არიან, ვინც ყრილობა დატოვა. ყრილობის მონაწილეებმა ღია კენჭისყრით მაია კობახიძე პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს. კობახიძეს ამ თანამდებობის დატოვება გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა და კოლეგებმა მიულოცეს.
ისევ პეტრიაშვილი და მასთან ერთად – ღია კენჭისყრა და ერთხმად არჩევა. საერთოდ, ღია კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის დახურულ შეხვედრებზე ხდება. კენჭისყრა ღია კი იყო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ თითო ჭუჭრუტანასთან თითო მანდატური იქნებოდა ჩასაფრებული.
ჯვარი აქაურობას და, ხომ ყოფილხართ ქელეხში? ხომ გინახავთ სუფრაზე ყველასათვის სრულიად უცნობი ადამიანები? ზოგიერთმა ასე იცის – ჩასაფრდება საბანკეტო დარბაზთან და ელოდება ჯერ ხალხს, შემდეგ – ხაშლამას და ბოლოს – შილას. ზუსტად ასეა ჩასაფრებული მიხეილ სააკაშვილიც. სადაც კი ორკაციანი კონფერენცია ტარდება, თვითონ მესამე კაცად მიდის. ცნობენ, მაგრამ არაფერს ეუბნებიან.
გასულ კვირაში მიშამ ორ ქელეხში გამოიჩინა თავი – მონტრეში, სადაც ფრანკოფონიის ორგანიზაციის მე-13 სამიტი გაიმართა და მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში, სადაც ბიზნესმენებმა ეკონომიკური ფორუმი გამართეს. იქაც და იქაც მიშა პირველი მიუჯდა სუფრას და ბოლოს ორივეგან წუწუნით აიკლო იქაურობა – რა დროს შილას შემოტანა იყოო.
“ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ პრაგმატულები ვართ” - თქვა მიშამ მონტრეში. არ ვიცი, რას ნიშნავს “რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება წინაპირობების გარეშე”, მაგრამ სააკაშვილი პრაგმატული რომ არის, ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიდანაც ჩანს. რაც შეეხება მაროკოს, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ინვესტორებისთვის მომხიბვლელ გარემოზე.
ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გარემო, ანუ კარგი საინვესტიციო კლიმატი. კარგი კლიმატია, ღმერთმანი – ოჯახის დედები ჩითის კაბებით გადიან და რომ ბრუნდებიან, ფეხზე სამ-სამი წყვილი წინდა აცვიათ.
როდესაც მთაში მიდის, გია თორთლაძე სამ წყვილ წინდას იცმევს, მაგრამ ამ ბოლო დროს თორთლაძეს ხშირად ხედავენ რკინის ქალამნებით. თორთლაძე სამართალს ეძებს, ხოლო სამართლის კვინტესენცია (იფ, რა სიტყვა გამახსენდა!) “თავისუფლების ქარტიაა”. ნიუსით გეტყვით:
“პარლამენტმა “თავისუფლების ქარტია” თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილა. როგორც “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ და “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადეს, მათ ეგონათ, რომ ამ საკითხისადმი მეტი ინტერესი იქნებოდა დეპუტატების და ტელემედიის მხრიდანაც. კოლეგების კრიტიკას არ შეეპუა ქარტიის პროექტის ავტორი გია თორთლაძე და იმედი გამოთქვა, რომ განხილვას დეპუტატები “შემოესწრებოდნენ”, თუმცა აღმოჩნდა, რომ “შემოსწრებულები სხდომის წამყვანმა, გიგი წერეთელმა მხოლოდ სუფრაზე იცოდა და არა - სხდომათა დარბაზში”. “აქ ვიცი მე დასწრება”. – განაცხადა გიგი წერეთელმა, რის შემდეგაც გია თორთლაძემ “თავისუფლების ქარტიის” პრიპნციპებზე საუბარი ნახევრადცარიელ დარბაზში დაიწყო, სადაც მანდატურების გარდა, სულ 16 დეპუტატი იმყოფებოდა”.
თუ რამეზე შეიძლება ითქვას, კომენტარი ზედმეტიაო, სწორედ ეს არის. კარგი კი ის არის, რომ გიგი წერეთელმა გია თორთლაძეს კუთვნილი ადგილი მიუჩინა. მართალია, თორთლაძე ფიქრობს, რომ მისი ადგილი 8848 მეტრის სიმაღლეზეა, მაგრამ წერეთელმა მას გარკვევით მიანიშნა – მახათას მთა.
მე მგონი, ყოველგვარი მინიშნების გარეშე სჯობს გითხრათ, რომ ის დროა წავიდე და გზას ბარაქა დავაყარო. ეგრე სჯობს – ჩემთვისაც და თქვენთვისაც.
ბოლოს კი მინდა გაგაფრთხილოთ - სკვერებში უყურადღებოდ მიტოვებული შინაური ცხოველები შესაძლოა “საჯარიმოზე” გადაიყვანონ. იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი უყურადღებოდ იქნება მიტოვებული, მას სპეციალურ ადგილას გადაიყვანენ და პატრონს მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ დაუბრუნებენ. სპეციალურ ადგილზე შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის თანხის გადახდაც მეპატრონეს მოუწევს. ხოლო თუ 20 დღეში მეპატრონე ჯარიმას არ გადაიხდის, შინაურ ცხოველს გაყიდიან.
არაფერს გაგონებთ? 20 წელია ჩვენს ქვეყანას ვერ ვპატრონობთ, ახლა საჯარიმო სადგომზე ვიმყოფებით და მალე გაგვყიდიან როგორც შინაურ ცხოველს. მაგალითად, როგორც თხას.
ხ.უ.გ. (ხასიათი უნდა გამოვიცვალოთ) - ერთი სიტყვით, მოჩვენებამ ფრიდა გააფრთხილა, ცოტა დაჭკვიანდი, ხასიათი გამოიცვალე და ზომიერად იცხოვრეო
- მერე, გამოიცვალა?
ფრეკენ ბოკმა ჩაიფხუკუნა:
- რა თქმა უნდა, არა. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვამჩნევ. ტრაბახის მეტს არაფერს აკეთებს. თავი ტელევიზიის ვარსკვლავი ჰგონია...
(ასტრიდ ლინდგრენი, “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”)