თბილისის მერია და საკრებულო ერთხელ უკვე დაწუნებულ სამარშრუტო ტაქსებს უბრუნდება. მათ მეტი გამოსავალი არც დარჩენიათ. წამგებიანი და გაკოტრებული ყვითელი ავტობუსების რაოდენობა დედაქალაქში განახევრდება, ქალაქში კი სატრანსპორტო კოლაფსი რომ არ წარმოიქმნას, ყველაფერი თავის თავზე “მარშრუტკებმა” უნდა აიღონ.
გარდა ამისა, მიკროავტობუსებით ხალხის გადაზიდვის ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია, რაც მრავალი წელია დადასტურებულია. მერიამ მათ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, მისმა ალტერნატიულმა სატრასპორტო გეგმამ სრული კრახი განიცადა, ამიტომ ახლა თავად “მარშრუტკების” ბიზნესის ხელში ჩაგდებას აპირებს. ამისათვის კი სამარშრუტო ტაქსების კონკურსის ჩატარებას ეშურება.
ახალი სატრანსპორტო სქემით თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა იზრდება. როგორც საკრებულოში თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 1-ელი ნოემბრიდან მოსალოდნელია ცვლილებების განხორციელება სამარშრუტო სქემებზე. თბილისში ავტობუსების ხაზების რაოდენობა 125-დან 92-მდე შემცირდება, მიკროავტობუსების ხაზების რაოდენობა 198-დან 220-მდე გაიზრდება.
აკაკი ჯოხაძის განმარტებით, ავტობუსების ხაზების რაოდენობის შემცირება 100-მდე მძღოლის შემცირებას გამოიწვევს, თუმცა, ისინი დამატებულ მიკროავტობუსების ხაზებზე გადანაწილდებიან.
ყოველდღიურად ქალაქში, დაახლოებით, 477 ავტობუსი ივლის. ეს ნიშნავს, რომ 2010 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ავტობუსების რაოდენობა განახევრებულია. სულ რაცაც 6 თვის წინა დედაქალაქში 906 ატობუსი მოძრაობდა, რომელიც ზაფხულში 600-მდე შემცირდა, საპირველნოებროდ კი 477-მდე დავიდა.
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის მიერ შეთავაზებული სამარშრუტო ტაქსების კონკურსის ჩატარების წესიც დაამტკიცა. თბილისის საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი და ნებართვის ჩატარების წესი საკრებულოს სხდომაზე 32 ხმით 5-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
მერიის მიერ წარდგენილი პროექტი საკრებულოსგან მხოლოდ კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცებას ითვალისწინებდა. კონკურსში მონაწილეობის პირობებს კი მერია თავად განსაზღვრავს.
წარმოდგენილმა პროექტმა საკრებულოს ოპოზიციურ წევრთა შორის უკმაყოფილება და დისკუსია გამოიწვია. ოპოზიციონერი თინა ხიდაშელის განცხადებით, საკრებულომ ამ გადაწყვეტილებით მერიას საკუთარი უფლებამოსილება გადააბარა.
ხიდაშელისთვის მიუღებელია, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა სხდომაზე სატრანსპორტო სისტემაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თანმიმდევრობით ვერ წარმოადგინა. თავის მხრივ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “დედაქალაქის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც საგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აკაკი ჯოხაძემ განაცხადა, საკრებულოს მიერ კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შემდეგ დედაქალაქის მერია კონკურსში მონაწილე სატრანსპორტო კომპანიებისათვის სანებართვო პირობებს განსაზღვრავს.
აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება, რის შემდეგაც სატრანსპორტო კომპანიებისთვის კონკურსი გამოცხადდება.