რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გეგმებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინასა და ნატო-ს, ეს ის საკითხია, რომელიც რუსეთს პირდაპირ არ ეხება, თუმცა, ირიბად მნიშვნელოვნად ეხება რუსეთს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, წლებია, რაც რუსეთი შეშფოთებულია რუსეთის საზღვრებისკენ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებით. „პოტენციურად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ მიმართულებით შემდეგ ნაბიჯად შეიძლება იქცეს. რა თქმა უნდა, ეს არ შეუწყობს ხელს ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“, - დასძინა პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს კიევში უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომა იმართება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრება.