ურჩ ოპერატორებს ტარიფის ზედა ზღვარით „დასჯიან“

ურჩ ოპერატორებს ტარიფის ზედა ზღვარით „დასჯიან“

მობილური კავშირგაბმულობაში დაწესებულ ტარიფებს არაფერი ეშველა. მართალია, ურთიერთჩართვის ტარიფი ბოლო 3 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, მაგრამ 1 სასაუბრო წუთის ღირებულების შემცირება ვერაფრით მოხერხდა. ამიტომაც ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს, შესაძლოა, საცალო ტარიფის ზედა ზღვარი განუსაზღვრონ.


 


კომპანიები სხვადასხვა აქციებით მომხმარებელს თითქოს შეღავათიან ტარიფებს სთავაზობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი მაინც მოტყუებული რჩება. ამ ფაქტზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კომპანიების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელებიც მიუთითებს.


 


ამჯერად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ბაზრის კვლევას ახორციელებს, დასკვნა ნოემბრის ბოლოს დაიდება. ახალი წლიდან კი ამ დასკვნის საფუძველზე არ არის გამორიცხული, რომ კომპანიებს ზედა ზღვარი დაუწესონ.


 


მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, რომ გაზაფხულზე ურთიერთჩართვის ტარიფის 14-დან 8 თეთრამდე შემცირების შემდეგ საცალო ტარიფების შემცირებასაც ელოდნენ, თუმცა კომპანიებმა ამგვარი გადაწყვეტილება არ მიიღეს. 2007 წლიდან დღემდე ურთიერთჩართვის ტარიფი 14.8 თეთრი იყო.


 


კომისიის წარმომადგენლის გელა ბუთბაიას განცხადებით, ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება პირდაპირ კავშირშია სხვა ოპერატორზე განხორციელებული ზარის საფასურთან, მაგრამ შეამცირებენ თუ არა ტარიფებს, ეს თავად ოპერატორების გადასაწყვეტია.


 


„მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელ კომისიას უფლება არ აქვს რომელიმე ოპერატორს ტარიფის დაწევა აიძულოს“, - ამბობს გელა ბუთბაია.


 


სამაგიეროდ, კომუნიკაციების კომისია ტარიფის ზედა ზღვრის შემოღებაზე მუშაობს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მაშინ აქვს აზრი, თუკი ზედა ზღვარი ამჟამინდელ მაქსიმალურ ტარიფზე (29 თეთრი) მცირე იქნება. სხვა გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს.  კომპანიებმა მრავალწლიანი მუშაობის მანძლზე უკვე თავად მიაგნეს სატარიფო ჭერს და 29 თეთრზე მეტად 1 წუთის ღირებულებას ისედაც არავინ გააძვირებს.


 


მომხმარებელი მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამს ძვირი კომუნიკაციის გამო. საქართველოში ხომ ფიჭური კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამას სპეციალური კვლევაც ადასტურებს. ირკვევა, რომ დსთ-ს სივრცეში ყველაზე იაფფასიანი მობილური კავშირი სომხეთშია, სადაც მობილურით საუბრის ღირებულება ბოლო 4 წლის განმავლობაში 10-ჯერ შემცირდა. ასე რომ, საქართველოში 1 წუთის ღირებულება თუ 29 თეთრს შეადგენს, მეზობელ სომხეთში ტარიფის ღირებულება 9 თეთრია.  განსხვავება მართლაც შთამბეჭდავია.


თანამეგობრობის ფარგლებში მობილური ტელეფონით სარგებლობა ოდნავ ძვირი რუსეთშია, რომელსაც ფასების ზრდის მიხედვით, აზერბაიჯანი მოსდევს. შემდეგ კი მოლდოვა და ტაჯიკეთია. მობილური კავშირის ტარიფები ყველაზე მაღალი ყაზახეთშია. დსთ-ს სივრცეში სომხეთს პირველი ადგილი კიდევ ერთი მაჩვენებლით - ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხარისხით უკავია.