რისი სიმბოლოა მიხეილ სააკაშვილი?

რისი სიმბოლოა მიხეილ სააკაშვილი?

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ენერგიულობის სიმბოლოა. პოლიტოლოგის აზრით, თუ სააკაშვილის ენერგია სწორად წარიმართა, სერიოზული მიღწევების განხორციელება შეუძლია. ზაქარეიშვილი თვლის, რომ სააკაშვილი ბურჯანაძის მსგავსად ხედავს მომავალ სახელმწიფოს და თვლის, რომ ეს მიღწევადია. მისივე თქმით, სააკაშვილი მკაფიოდ გამოკვეთილი მემარჯვენეა, რომლის მხრიდან ხშირ შემთხვევაში მემარცხენე ლოზუნგების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ მან განსაზღვრა, ვინ არიან მისი მეტოქეები და დაიწყო მუშაობა ქულებზე, ხმებზე.

რაც შეეხება „ნაციონალების“ ლიდერის მინუსებს, ზაქარეიშვილის აზრით, ვინაიდან ის ძალიან ენერგიულია, არაა გამორიცხული ორიენტაციის შეცვლა. „მაგალითად, თუ მისთვის აუცილებელი გახდა ხელისუფლებაში ყოფნა, გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთის დახარჯოს სხვა ენერგია. მაგალითად, დაკარგოს მეგობრები, გუნდი შეიცვალოს, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს და ამის სანაცვლოდ ორიენტაცია შეიცვალოს. ჩათვალოს, რომ საქართველო არ არის მზად დასავლური ღირებულებებისთვის“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

რამაზ საყვარელიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილი არის არსენა მარაბდელი იურიდიული მექანიზმების გარეშე. პოლიტოლოგი თვლის, რომ სააკაშვილი უაღრესად ნიჭიერი პოლიტიკოსია და ამომრჩეველს ხიბლავს თავის რადიკალიზმით. რაც შეეხება გავრცელებულ აზრს სააკაშვილის პოპულისტობის თაობაზე, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ პოპულიზმი მინუსია ქვეყნისთვის და პლუსია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ პოლიტიკაში პოპულიზმი თუ მხოლოდ პოპულიზმად დარჩა, საბოლოო ჯამში მინუსებში მიდის.

საყვარელიძის აზრით, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური კონცეფცია ააგო პრინციპზე: „საქართველო შევარდნაძის გარეშე“ და მოიყვანა ადამიანი, გია მაისაშვილის სახით, რომელიც ამბობს, რომ არ გვინდა ნავთობსადენი, ან გვინდა ნაკლებად. ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების დაყრდნობა ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით უნდა მოხდეს. პოლიტოლოგი თვლის, რომ ესაა საარჩევნო და არა პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც გაცილებით დიდ მასშტაბს ითხოვს.

„დიპლომებს რომ ერიც ყიდულობს, შეიძლება იმის ინტელექტუალურ პოტენციალზე საუბარი? ეს ხომ მოტყუებაა?“ - კითხულობს პოლიტოლოგი, რომლისთვისაც აგრეთვე გაუგებარი რჩება ის, თუ რა პოლიტიკა მოაქვს მუშაობის ამგვარ ხერხებს და თავად სცემს პასუხს: „ერთის მხრივ, მოაქვს მემარცხენე პოლიტიკა აწყობილი ვიღაცის მიმართ აგრესიაზე. ანუ დანგრევაზე ორიენტირებული მემარცხენეობა მოაქვს, რასთან შედარებითაც „ლეიბორისტები“ გაცილებით უფრო მომგებიანად გამოიყურებიან, რომლებიც არაფერს ანგრევენ სასამართლოს სანქციის გარეშე. მათგან განსხვავებით „ნაციონალები“ ამკვიდრებენ კანონისადმი დაუქვემდებარებლობას. ანუ, „თუკი შენ ჩემს მხარეს ხარ, მაშინ შენთვის კანონი საჭირო აღარ არის. მე ვარ კანონი“. ეს უკვე დიქტატურაა“.

გია ნოდიას აზრით, „ნაციონალებმა“ ზედმეტად გადააფასეს სააკაშვილის პირადი პოპულარობის ფაქტორი და არასწორი სტრატეგია აირჩიეს იმ თვალსაზრისით, რომ მოვიდნენ საპროტესტო ხმების ტალღაზე, ცალსახად მუშაობდნენ ასეთი ტიპის მისაზიდად და ეჯიბრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ „ლეიბორისტებს“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი დამოკიდებულები არიან არა მხოლოდ იმ ტიპის ელექტორატზე, რაც „ლეიბორისტებს“ ჰყავთ, არამედ ელიტურ ელექტორატზეც, რომლის წართმევაც დაუწყო ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა, რაც გარკვეული შოკი აღმოჩნდა „ნაციონალებისთვის“. ნოდია მიიჩნევს, რომ ამ შოკის შედეგია „ნაციონალების“ არააქტიურობა, რაც სტრატეგიის გადასინჯვაში შეიძლება გამოიხატებოდეს.

გია ნოდია მიხეილ სააკაშვილს პროტესტისა და ბრძოლის სიმბოლოს უწოდებს. რაც შეეხება მის პლიუს-მინუსებს, პოლიტოლოგი თვლის, რომ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური გამბედაობა და პოლიტიკური რისკის უნარი. ნოდიას აზრით, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია ხელახლა შექმნა და უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში პოლიტიკური სივრცის გახსნაში. პოლიტოლოგი თვლის, რომ მთავარი „ნაციონალი“ გარკვეულად ითავსებს, ერთის მხრივ, მეამბოხის და პროტესტის საწყისს გარკვეულ კომპეტენტურობასთან, დასავლეთთან კავშირთან, რაც არ აქვს ნათელაშვილს.

მაგრამ ნოდია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს აქვს პიროვნული გაუწონასწორებლობის იმიჯი და უფრო პროტესტის და ნეგატიურ ძალად აღიქმება მაინც, რაც სერიოზული არჩევნებისას ხელს შეუშლის.

„მან რაღაცნაირად გამოტოვა ის მომენტი, როდესაც წმინდა საპროტესტო კამპანიიდან უნდა გადასულიყო უფრო პოზიტიურ კამპანიაში, რაც დაასწრო ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა, რამაც ბოლო ხანებში სააკაშვილის წარუმატებლობა გამოიწვია“, - ამბობს ნოდია. ის თვლის, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებსა და საპრეზიდენტო არჩევნებს შორის სააკაშვილი და მასთან ერთად სხვა პოლიტიკოსები თავის სამიზნედ აქცევენ ნინო ბურჯანაძეს და ეს უკანასკნელი კი ეფექტურად ვერ შესძლებს თავის დაცვას, სავარაუდოა, რომ წინ წამოიწევენ სხვა ფიგურები, რომელთა რეიტინგიც გაიზრდება.

გია ნოდია: „საქართველოში ჩვეულებრივ ასე ხდება - პოლიტიკოსები ერთმანეთს ებრძვიან, რაც პიროვნული დისკრედიტაციის სახეს იღებს ხოლმე. ამასობაში კი იზრდება რომელიღაც სხვა პოლიტიკოსის რეიტინგი. ერთის მხრივ, როდესაც ჟვანია-სააკაშვილი, „ახლები“ და შევარდნაძე გართულნი იყვნენ ერთმანეთთან  ბრძოლით, გაიზარდა ნათელაშვილის რეიტინგი და შემდეგ ბურჯანაძის რეიტინგი. ასე რომ ეს კანონზომიერება არსებობს“.