კონტროლის პალატა

კონტროლის პალატა "გონივრული ვარაუდის" საფუძველზე "ქართუს" დაყადაღებასაც გეგმავს

კონტროლის პალატა კიდევ ორი ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშებით დაინტერესდა. ფონდ "ქართუსა" და ასოციაცია "ატუს" ფინანსური ანგარიშების წარდგენის მოთხოვნა 8 ივნისს გაეგზავნა. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური განცხადებაში მითითებულია, რომ ფონდებმა 2011 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 1 ივნისამდე ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარმოადგინონ.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ის ეფუძნება "დასაბუთებულ ვარაუდს" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე.

"ფონდ "ქართუს" შემთხვევაში იმ ფაქტებს უკავშირდება, რომ იგი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას წარმოადგენს და, ამავდროულად, ფონდის დირექტორი (გამგეობის თავმჯდომარე) ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის - კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერია, ასოციაცია "ატუს" შემთხვევაში კი, დგინდება მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს "ბურჯთან" და შპს "ელიტა ბურჯთან", რომლებიც ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზეც სამართალწარმოება მიმდინარეობს სასამართლოში", - მითითებულია განცხადებაში.ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი კი, კონტროლის პალატის ამ ნაბიჯს კიდევ ერთ უკანონობად აფასებს.

როგორც "მთელ კვირას" ღარიბაშვილმა უთხრა, მისი და ბიძინა ივანიშვილის ამ ფონდებთან დაკავშირება მორიგი ტყუილია, რომელსაც კონტროლის პალატა საზოგადოებას ეუბნება.

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს ისე მოიხსენიებს, თითქოს ფონდი მისი კერძო ორგანიზაციაა, რაც სრული სიცრუეა. ეს არის საქველმოქმედო ფონდი, რომლის დამფუძნებელიცაა "ქართუ ჯგუფი" და უცხოეთის მოქალაქე ჟილბერ გბეგო-ტოსსა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯერ კიდევ ვარ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე, სიმართლეს არ შეესაბამება. მიმდინარე წლის 14 თებერვალს პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების მიზნით დაკავებული თანამდებობიდან გადავდექი. ეს ორი დიდი შეცდომაა, რაც კონტროლის პალატის განცხადებაში წერია", - ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, მისი და ბიძინა ივანიშვილის ფონდებთან დაკავშირება კონტროლის პალატის მხრიდან მხოლოდ აბსურდული საბაბია.

"მათ სურთ ფონდი "ქართუ" და ასოციაცია "ატუ" ერთმანეთთან დააკავშირონ, რაც კიდევ ერთი მორიგი უკანონობა იქნება. ეს არის იმ ოპერაციების გაგრძელება, რასაც კონტროლის პალატა ამ თვეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აწარმოებდა. საბაბი არ არსებობს, რადგან ბიძინა ივანიშვილი არანაირად არ არის ფონდ "ქართუსთან" იურიდიულ კავშირში, ის არ არის ფონდის არც გამგეობის წევრი და არც დამფუძნებელი. შესაბამისად, ვერანაირი იურიდიული საფუძველი კონტროლის პალატას ვერ ექნება", - ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, კონკრეტული თარიღი, თუ როდის უნდა ჩააბაროს "ქართუმ" და "ატუმ" კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიშგებები, წერილობით მოთხოვნაში მითითებული არ არის.

"ვადა მითითებული არ გვქონია. თუმცა, ფონდი ქართუ" დღეს აპირებს კონტროლის პალატას მოთხოვნილი ფინანსური ანგარიშები წარუდგინოს. ეს ანგარიშები აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო, ამიტომ გამოქვეყნების არ გვეშინია. არა მარტო კონტროლის პალატისთვის, ეს დოკუმენტაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში ღარიბაშვილი.

კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მორიგ უკანონო ქმედებას უწოდებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც. როგორც მან "მთელ კვირას" უთხრა, კონტროლის პალატა ეჭვების მიხედვით მოქმედებს და ყოველგვარ კანონიერ ჩარჩოებს სცილდება.

"ფონდ "ქომაგთან" და ფონდ "ქართული ფეხბურთის ქომაგთან" დაკავშირებით არანაირი შემოწმება არ მომხდარა, ისე დააყადაღა კონტროლის პალატამ, რაც ვერანაირი კანონის ფარგლებში ვერ ჯდება. რაც შეეხება "ქართუს" და "ატუს", უფრო ჭკიანურად მოიქცნენ - ჯერ ანგარიში მოითხოვეს და შემდეგ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს.

"1-ლი ნოემბრიდან 1 ივნისამდე ანგარიშების მოთხოვნა კი, შესაძლოა, კანონში იმ აბსურდულ ჩანაწერს ეყრდნობოდეს, სადაც მითითებულია, რომ ფინანსური ანგარიშგება ნოემბრიდან ნოემბრამდე უნდა მოხდესო. თუმცა არ ვიცი, რას იზამენ ამ ანგარიშების ნახვის შემდეგ", - ამბობს ხმალაძე.

აქვს თუ არა რაიმე იურიდიული საბაბი კონტროლის პალატას ფონდების დასაყადაღებლად? - ხმალაძე აცხადებს, რომ ეს ორგანო მხოლოდ ვარაუდების და ეჭვების საფუძველზე მოქმედებს და არანაირი იურიდიული საბაბი არ გააჩნია.

"მათ მხოლოდ ეჭვი აქვთ, თუმცა რამდენად საფუძვლიანია ის, ეს სხვა საკითხია. რადგან ფონდი "ქართუ" წლების წინ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ამ ხნის განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, ახლა ვარაუდობენ, რომ ფონდიდან რაღაც ხარჯებია გაწეული პოლიტიკური პარტიებისთვის", - ამბობს ხმალაძე.

მისივე თქმით, კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნა არ სჭირდებოდა, რადგან 2012 წლის ბოლოს კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მას ყოველგვარი საბუთების და ანგარიშების მოთხოვნის გარეშე შეუძლია ნახოს ფონდ "ქართუს" ანგარიშებიდან თანხების მოძრაობა.

"კონტროლის პალატისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა, მხოლოდ ერთ რამეს გვეუბნება - რასაც მინდა, იმას გავაკეთებო. მისი არაერთი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს. ახლა გაგიკვირდებათ, რომ მან კვლავ მსგავსი რამ გაიმეოროს?

"თუ ჭკუას არ მოუხმობენ, გონივრულად არ იმოქმედებენ და უკანონო მოქმედებას განაგრძობენ, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. შესაძლოა, ხვალ ან ზეგ ჩემი ან თქვენი ანგარიშებიც დააყადაღონ ისე, რომ არაფერი აგვიხსნან, მერე ვირბინოთ და ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ", - ამბობს ხმალაძე.

კონტროლის პალატის ქმედებებს უკანონოს უწოდებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელისო ჩაფიძეც. როგორც მან "მთელ კვირას" უთხრა, კონტროლის პალატამ, შესაძლოა, იგივე ქმედებები გაიმეოროს, რაც სხვა ფონდებთან დაკავშირებით გააკეთა.

"არ გამოვრიცხავ, რომ კონტროლის პალატამ იგივე გაიმეოროს, რაც "ქომაგთან" დაკავშირებით გააკეთა. ეს მის უსამართლობასა და უგნურებაზე მეტყველებს. ამას მხოლოდ ის შეიძლება მოჰყვეს, რომ ხელისუფლების მიმართ ხალხის პროტესტი და აღშფოთება კიდევ უფრო გაიზრდება. ამდენი უსამართლობა საზოგადოებას უკვე ყელში აქვს ამოსული. ხელისუფლება კი ისეთ მდგომარეობაშია, არანაირ ტერორს არ ერიდება", - ამბობს ჩაფიძე. მისივე თქმით, კონტროლის პალატას უკანონო ქმედებებისთვის არანაირი იურიდიული საბაბი არ სჭირდება.

"პოლიტიკურად დაკავშირებული პირიაო - იტყვიან და შეიძლება, ამ მიზეზით რაც უნდათ, ის გააკეთონ. თუმცა, ჩვენც არ ვართ უქმად. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ და ინფორმაციებს მუდმივად ვაწვდით. რაც უფრო დიდი იქნება "ქართული ოცნების" მიმართ უსამართლობა, მით უფრო მეტი იქნება პროტესტი საზოგადოების მხრიდან", - ამბობს ჩაფიძე.