ალიანსი ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ, მისი წევრების პოზიციები რუსეთის მიმართ პირველად, უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე მეტად არის თანხვედრაში, - ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ”ამერიკის ხმის” სერბულ ბიუროსთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, ნატო აპირებს გაზარდოს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ამასთანავე გააგრძელოს რუსეთთან დიალოგი.
”ე.წ.ორმხრივი მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერნი, უნდა გაგვაჩნდეს შეკავების და დაცვის უნარები, არის ის, თუ რატომ წამოვიწყეთ ნატო-ს ისტორიაში უდიდესი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების პროგრამა. ეს უკრაინაში რუსული აგრესიის პასუხია. დიალოგი ადვილი არაა, თუმცა სწორედ ამიტომაა დიალოგის წარმოება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე.
სტოლტენბერგის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ და მათ შორის პრეზიდენტმაც, ბევრ შემთხვევაში გამოხატეს ნატოს მიმართ მათი მხარდაჭერა.
„პრეზიდეტნმა ტრამპმა ბევრ შეხვედრაზე და თეთრ სახლში ჩემთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის ნატოს ერთგულია“ , - ამბობს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება.
„ბიუჯეტის პროექტში ევროპაში ამერიკის ძალების წარმომადგენლობის დაფინანსებისთვის 40%-ით მეტია გათვალისწინებული. უფრო მეტი სამხედრო, მეტი წვრთნები, ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში და აღჭურვილობა. ეს ხაზს უსვამს და აჩვენებს ამერიკის მხარდაჭერას ნატოსადმი“, - თქვა მან.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტრამპის ბიუჯეტი ამერიკის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. ამერიკის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ თავდაცვითი ხარჯების გაზრდა სურს.
ამასთან, ატლანტიკური საბჭოს მიერ გამართულ მიღებაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაადასტურა ადმინისტრაციის მხარდაჭერა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისადმი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დუსკო მარკოვიჩი, რომლის ქვეყანაც ორშაბათს ფორმალურად შეუერთდა ალიანსს.
ვიცე პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას.
"მომავალში, არ შეიძლება მხოლოდ შიგნით ვიყურებოდეთ. ნატოს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი უახლესი მოკავშირე მონტენეგროა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსში წვლილის შეტანა და ჩვენი ქვეყნებისთვის სურთ ნათელი მომავალი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, მათთვის კარი ღია უნდა იყოს“, - აღნიშნა პენსმა.
რაც შეეხება ტრამპის მოწოდებას, რომ ალიანსმა უფრო აქტიურად უნდა იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სამხედრო კამპანია ავღანეთის მისიაა. ჩვენი იქ ყოფნის მიზანი იმის თავიდან აცილებაა, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ არ გახდეს საერთაშორისო ტერორისტების ბუდე. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერთოთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო ფართო სამოქმედო გეგმის ნაწილია. ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მესიჯს აგზავნის, ასევე კოალიციის თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის უკეთეს და უფრო დიდ პლატფორმას ქმნის“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ისაუბრა ტერორისტულ აქტებზე და განაცხადა, რომ ტერორისტული აქტები ლონდონსა და მანჩესტერში მხოლოდ პოლიციის და სამართალდაცვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ყოვლისმომცველი მიდგომა. ჩვენ პოლიცია, სამართალდამცავები და სამოქალაქო დაზვერვა რა თქმა უნდა გვჭირდება. თუმცა ამასთან, პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლა უნდა გავაძლიეროთ ამ ძალადობრივი იდეოლოგიის და მსგავსი ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ არასტაბილურობას, რომელიც ჩვენს ქუჩებში მსგავს თავდასხმებს მოტივაციას აძლევს და ეხმარება“, - განაცხადა მან.
ალიანსმა სპეციალური განყოფილება შექმნა, რომელიც ალიანსის წევრებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე მუშაობს, რათა მოხდეს ახლო აღმოსავლეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ტერორისტული შეტევის თავიდან აცილება.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრებიდან ტერორიზმმა ბევრი დააზარალა. მან თურქეთი გამოყო, სადაც რამდენიმე ტერორისტულ შეტევას ქონდა ადგილი. გენერალური მდივნის თქმით, ანკარა ყველაზე მეტად დაზიანდა. თურქეთში გასულ წელს ასევე გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა გენერალური მდივნის თქმით, უსაფრთხოების მიზეზად გამოყენება არ აძლევს თურქეთის ლიდერებს უფლებას გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ.
„თურქეთს აქვს უფლება თავი დაიცვას ტერორისტული შეტევებისგან, ასევე აქვს უფლება დასაჯოს ისინი ვინც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. მაგრამ ამავე დროს, ეს უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ღირებულებებს, და მე ამას ჩემი შეხვედრებისას ანკარაში ნათლად ვამბობ.
თურქეთი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, არა მხოლოდ მისი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო. ის ესაზღვრება სირიას და ერაყს, ასევე რუსეთს შავ ზღვაში. თურქეთი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ევროპის მიერ საემიგრაციო კრიზისი გადაწყვეტის საქმეში. ეგეოსის ზღვაში ნატოს ფლოტის არსებობა, აკავებს მიგრანტების ტალღას და ეს ვერ მოხდებოდა თურქეთთან და საბერძნეთთან თანამშრომლობის გარეშე, რომლებიც ნატოს წევრები არიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.