იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებულ სესიაში მონაწილეობს, რომელიც საქართველოში 7-8 ივნისს მიმდინარეობს თემაზე: „სამართლებრივი პარადიგმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში."
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნულ ფორმატში საკითხის განხილვით პროცესის სიღრმისეულად გაანალიზების კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცეს ხელისუფლებას და საზოგადოებას. „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რადგან ამ დისკუსიით კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩნდება იმისა, რომ დავინახოთ ამ პროცესის მნიშვნელობა, რომელიც გულსხმობს სრულიად ახალ ეტაპზე საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი დღის წესრიგის გადასვლას, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების და პასუხისმგებლობების უზრუნველყოფას როგორც სამთავრობო, ასევე საკანონმდებლო დონეზე. მეორე მხრივ, ეს ფორმატი არის საზოგადოების ინფორმირების კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მან ამ პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა სეგმენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების როლზე ისაუბრა. „ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი. აღმასრულებელი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ვინც ამ პროცესში არის ჩართული, ქმნის ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომლის შედეგად იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი და, საბოოლოო ჯამში, ეს ყველაფერი თავს იყრის პარლამენტში. ეს არის ფინალური ეტაპი, როდესაც ჩვენ ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მან წინა მოწვევის პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესები გაიხსენა. „ძალიან სწრაფი ტემპით დავიწყეთ საკანონმდებლო პროცესი, რომელიც ასოცირების ხელშეკურლებით ნაკისრ ვალდებულებებს უკავშირდებოდა. ეს იყო ახალი ეტაპი, როდესაც ყველაზე მკვეთრი მწვანე შუქი ამ პროცესთან დაკავშირებულ კანონპროქტს ჰქონდა. არსებობდა საჭიროება, რომ სრული მობილიზება მოგვეხდინა ძალების, დროის, რესურსების, რათა პროცესი არ შეფერხებულიყო. წინა 4-წლიანი საკანონმდებლო პროცესი იყო, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამორჩეული. ახლა უკვე შემდეგ ეტაპზე ვიმყოფებით", -აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ეს ის ეტაპია, როცა ამ ნაკისრი ვალდებულებების 80 %-ზე მეტი უნდა იყოს შესრულებული. ეს კი მისივე მოსაზრებით ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად უნდა იყოს გააზრებული გეგმა.
ეკა ბესლიამ აღნიშნულ პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტი კანონებს უყურებს არა მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით, არამედ საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში. „კარგი სამართლებრივი კულტურაა ის, რომ პარლამენტში შემოსული საკანონმდებლო სიახლეები გვეცნობა არა შემოსვლის შემდეგ, არამედ შემოსვლამდე. გაჩნდა წინა პროცესში გაცნობის პრაქტიკა. როცა მზადდება საკანონმდებლო სიახლე, მნიშვნელოვანია ეს არ იყოს კალკირებული. კანონშემოქმედება არის ძალიან მგრძნობიარე პროცესი. აუცილებელია გათვალსიწინებული იყოს ის თავისებურებები, რომელიც ახასიათებს საქართველოს სამართლებრივ სივრცეს და მიღებული იქნას ისეთი კანონი, რომელიც იმუშავებს. ჩვენ მიერ მიღებული კანონი არა მხოლოდ უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ის ორგანული უნდა იყოს ქვეყნისთვის. ამიტომ ეს თავსებადობა და იმ ფორმულის მოძებნა, რომელიც ამ ბალანსს დაიცავს, ძალიან მნიშვბნელოვანი პროცესია. ამაში გვეხმარება ის, რომ ადრეულ ეტაპზე ვართ ჩართული", -განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის მიერ დამტკიცებული 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმა მიმოიხილა. მისივე ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაში გაჩნდა ცალკე, ახალი ქვეთავი, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საკანონმდებლო პროცესს ეხება. „ეს არის განსაკუთრებული ნაწილი და ჰყავს განსაკუთრებული პასუხისმგებელი პირი. ჩვენ ვაპირებთ უფრო მეტი დრო დავხარჯოთ ექსპერტიზისთვის და ანალიზისთვის. გეგმის ფარგლებში დავიწყეთ ახალი ეტაპი, როდესაც ხდება წინასწარ გაზომვა და შეფასება იმისა, თუ რა შედეგს მოიტანს ესა თუ ის საკანონმდებლო სიახლე. ამისთვის კი საჭიროა გარკვეული დრო", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, პარლამენტი მუშაობს კანონშემოქმედებითი განხილვის ვადების გაზრდაზე. ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ ვადის გაზრდა საჭიროა იმ თვალსაზრისითაც, რომ საჯარო დისკუსიებისთვის დარჩეს დრო და სივრცე. „ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ჩვენი ის, რომ კვარტალური ანგარიშები მომზადდეს, რათა გავაანალიზოთ, როგორ მიდის ეს პროცესი. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ანაგრიშები საჯარო გავხადოთ, რაც გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას", -აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი მოსაზრებით, საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია ამ მიმართულებით. „საჭიროა საზოგადოება იყოს სრულყოფილად ინფორმირებული, რა სივრცე იხსნება, რა სარგებელი აქვს ქვეყანას, რა ვალდებულებები გვეკისრება, რა უფლებები გვაქვს. ყველა იმ სპეციფიკას, რომელიც ახლავს ამ მნიშვნელოვან პროცესს, სჭირდება მეტი პოპულარიზება", -განაცხადა ეკა ბესელიამ.