სერგო რატიანი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს „ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური უპირატესობის მოპოვების მცდელობად“ აფასებს

სერგო რატიანი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს „ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური უპირატესობის მოპოვების მცდელობად“ აფასებს

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური უპირატესობის მოპოვების მცდელობად აფასებს.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ მოირგონ კანონმდებლობა საკუთარ თავზე და არასამართლიანად ჩაატარონ არჩევნები.

”ყველა შესაძლო ცვლილება, რომელიც მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან, არის საკუთარ თავზე მორგება ყველა კანონმდებლობის და სრულიად არაადეკვატური უპირატესობის მოპოვების მცდელობა. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმის, რომ მოირგონ კანონმდებლობა საკუთარ თავზე და არასამართლიანად ჩაატარონ არჩევნები. ჰყავდათ ერთი წევრი და ახლა ჰყავთ ოთხი. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ დანარჩენი წევრების არსებობის შემთხვევაშიც კი, თვითონ გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი”, - განაცხადა რატიანმა.

ცესკოში წევრების დანიშვნა პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად, პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან იქნება დაკავშირებული. საუბარია ცესკოს იმ შვიდ წევრზე, რომელიც პარტიების მიერ ინიშნება.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ახალი პროცედურების შემოღებას ითვალისწინებს.

კერძოდ, პარტიები ცესკოს წევრს შემდეგი წესით დანიშნავენ: - პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 7-ზე და გაიყოს არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს ცესკოს წევრთა რაოდენობას, რომელთა დანიშვნის უფლებაც პარტიას ექნება.

ამასთან, პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით და არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მონაწილეობდა, მის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად, ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე გაიყოფა.

ცვლილების ძალაში შესვლის დროდ განისაზღვრა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის ცესკოს მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან მეორე დღე.

კანონპროექტის ინიციატორები არის პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.

ამჟამად ცესკოში პარტიული წარმომადგენლობა იმ პოლიტიკური სუბიექტის მიერ არის დანიშნული, რომლებიც ბიუჯეტიდან მეტ დაფინანსებას იღებენ.