ნებისმიერ ეთერში დავჯდები დებატებში ეკა გიგაურთან, თუ იგი მორჩება ჭორაობას და ისაუბრებს ფაქტებით

ნებისმიერ ეთერში დავჯდები დებატებში ეკა გიგაურთან, თუ იგი მორჩება ჭორაობას და ისაუბრებს ფაქტებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დებატებში იწვევს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ვიდეორგოლის საპასუხოდ განუცხადა, ხელისუფლებისა და სასამართლოს შტოებს შორის მისი შუამავლად წარმოჩენა, ჭორაობაა.

”დიახ, ვაღიარებ, რომ ნამდვილად ვლობირებ დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებას და შექმნას. დიახ, ნამდვილად ვლობირებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ განვითარებას და შექმნას. ნამდვილად ვლობირებ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მე მზად ვარ ნებისმიერ ღია სატელევიზიო ეთერში შევხვდე მათ. თუ ისინი ჭორაობას დააბენენ თავს და თუ კონკრეტული კითხვის ნიშნები არსებობს რაიმე საქმეებთან დაკავშირებით, მზად ვარ დეტალური პასუხები გავცე. მათ თუ ეს გზა არ აირჩიეს, მათი ნებისმიერი მოქმედება და ბრალდება არის ცილისწამება და შესაბამისად, მოვუწოდებ მათ, რომ ეს შეწყვიტონ. ნებისმიერ ღია ეთერში მე დიდი სიამოვნებით დავჯდები დებატებში ქალბატონ ეკა გიგაურთან, თუ იგი მორჩება ჭორაობას და ისაუბრებს ფაქტებით, მტკიცებულებებით და რეალური ვითარებიდან გამომდინარე”, - განაცხადა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც „სასამართლო სისტემის კლანულ მმართველობასა და ხელისუფლების შტოებს შორის კონტაქტს ასახავს“. ვიდეორგოლის მიხედვით, ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ამ ორ შტოს შორის, არის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.