უნდა მუშაობდეს თუ არა უშიშროების ეროვნული საბჭო თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია

უნდა მუშაობდეს თუ არა უშიშროების ეროვნული საბჭო თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია

უნდა მუშაობდეს თუ არა უშიშროების ეროვნული საბჭო თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე, საბჭოს მდივანს უნდა ჰქონდეს თუ არა ხედვა უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია, - ასე უპასუხა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა მისი მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას.

 “კომიტეტის სხდომაზე ის პოზიციები გავაჟღერე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია. დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, ხოლო უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე. ჩვენ პოზიციები სხვადასხვა ფორმით მიწოდებული გვაქვს როგორც საკონსტიტუციო კომისიისთვის, ისე ვენეციის კომისიისთვის და ჩვენი პარტნიორებისათვის. ჩემი მიზანი იყო კიდევ ერთხელ გამეჟღერებინა პოზიცია, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ არსებული საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქვეყნის თავდაცვიუნარიანობას და უარყოფითად აისახება მის მედეგობაზე, ისევე როგორც სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის განხორციელებაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით რაქვიაშვილმა.

“ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა საქმიანობით არის დაკავებული უშიშროების ეროვნული საბჭო და მისი აპარატი, რაქვიაშვილმა განმარტა, რომ საბჭო ხშირად დაკავებულია საიდუმლო და ზოგჯერ სრულიად საიდუმლო მასალებით და ამიტომ რთულია იმ დეტალებზე საუბარი, თუ რა კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტით არის დაკავებული დღეს უშიშროების საბჭო.

“უშიშროების საბჭო მხოლოდ აპარატი არ არის. უშიშროების საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ძალოვანი მინისტრები, პარლამენტის ორი კომიტეტის წარმომადგენელი. თუკი უშიშროების საბჭოს ეფექტურობაზეა საუბარი, ყველა ამ ადამიანის ჩართულობაზე და ეფექტურობაზეა საუბარი. თუკი საუბარია უშიშროების საბჭოს აპარატზე და ჩემს, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანზე, ეს არის საკითხები, რომელიც ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, სამხედრო აღმშენებლობას. არის რიგი საკითხები, რომელიც არის საიდუმლო და სრულიად საიდუმლო. ამის დეტალიზაცია გამიჭირდება“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.