არის რაღაც მიმართულებები, რომლებიც მაშინ გაჩერებული იყო და მე შევძელი რამდენიმე მიმართულებით უფრო მეტის გაგება, ვიდრე ვნახე ბოლოს პროკურატურაში, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ განუცხადა.
თარგამაძე დღეს მისი მანქანის აფეთქების საქმეზე თბილისის პროკურატურაში მისვლას გეგმავს. როგორც თარგამაძემ განმარტა, პროკურატურაში არავის დაუბარებია და თავისი ინიციატივით მიდის.
”ჩემი ინიციატივით მივდივარ პროკურატურაში, რადგან ამ თვის ბოლოს გამოძიების ვადა სრულდება და 3 ივლისს არის ჩანიშნული პირველი სასამართლო სხდომა. მაინტერესებს, რა სტადიაზეა გამოძიება. მაინტერესებს, დაემატა თუ არა საქმეს რაიმე მასალა. თუ იგივე მდგომარეობაა, მე მაქვს რაღაც დასამატებელი და მივაწვდი პროკურატურას ამ ინფორმაციას. არის რაღაც მიმართულებები, რომლებიც მაშინ გაჩერებული იყო და მე შევძელი რამდენიმე მიმართულებით უფრო მეტის გაგება, ვიდრე ვნახე ბოლოს პროკურატურაში და ახლა მინდა, რომ შევაჯეროთ ეს ყველაფერი”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში 15:00 საათზე მივა.