საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება. ეს ვალდებულება გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.
„საქართველოს ამოცანა აქვს, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოვება. აღნიშნული მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის. ეს ეხება იმ სფეროებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა დარჩენილი პერიოდისთვის. 2020 წელი არცთუ ისე შორსაა. ევროკავშირი განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ასპექტია“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ საკმარისი არაა მხოლოდ ახალი კანონმდებლობის მიღება, არამედ საჭიროა მათი განხორციელებაც.
„ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საძირკველში დევს“, - დასძინა იანოშ ჰერმანმა.