საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის, ასევე ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს და აღნიშნული გადაწყვეტილების პარლამენტის მიერ დამტკიცება საჭირო არ იქნება.
ამას საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების გამოყენება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება და შეუძლებელია პრემიერმა ყოველდღიურად წარუდგინოს პარლამენტს მოთხოვნა სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.
რაც შეეხება სტიქიური მოვლენებისა და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოყენებას, როგორც ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განმარტა, 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს მოხდა ჯერ სამხედრო ძალების ჩართვა სტიქიის მოვლენების ლიკვიდაციისთვის, რადგან ეს გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ამის შემდეგ მიიღო პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა ამით კონსტიტუციის მოთხოვნა დაირღვა.