ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ მისმა ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა „კარიერული ნაბიჯის სანაცვლოდ“ დატოვა.
ამ საკითხს რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.
”ლევანი უშიშროების საბჭოს აპარატში ორი წელი მუშაობდა, როგორც კვალიფიციური იურისტი. ის აქტიურად იყო ჩართული კომუნიკეს შემუშავებაში და იმ პოზიციების გაჟღერებაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა საკონსტიტუტიცო ცვლილებებთან მიმართებაში. ის იყო ვენეციის კომისიასა და ბერლინის საერთაშორისო კონფერენციაზე ამ საკითხზე ჩვენი პოზიციების დასაცავად. მას ჩვენი პოზიციების მხარდამჭერი არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული. რაც შეეხება მის კრიტიკას, ლევანი ელოდება ელჩად დანიშვნას შვეიცარიაში. ჩვენ სხვა ვერაფრით ვხსნით მის ამ ნაბიჯს, თუ არა იძულებულ ქმედებას, რომელიც ამ კარიერული ნაბიჯის სანაცვლოდ მოუწია რომ გაეკეთებინა”, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
მისი შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ საჯარო პირებს და მომავალ ელჩებს პოლიტიკური განცხადებების კეთება უწევთ.
როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილმა 5 ივნისს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა დატოვა. იქამდე ის არ შეუერთდა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ მომზადებულ კომუნიკეს.