"მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელია და არის პირდაპირი დემოკრატიის გამოხატულება"

ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი მაჟორიტარი არსებული სისტემის შენარჩუნებას უჭერს მხარს - შესაძლებელია, პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც იყვნენ მაჟორიტარული სისტემის მომხრე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

როგორც ბესელია აცხადებს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელია და არის პირდაპირი დემოკრატიის გამოხატულება, მაგრამ ამის მიუხედავად, პირადად ის, სისტემის შეცვლას უჭერს მხარს.

“ძალიან ბევრი მაჟორიტარია. ისინი პარლამენტის შემადგენლობის თითქმის ნახევარი არიან. მაჟორიტარები რომ თავიანთი მაჟორიტარული ოლქების ინტერესებს წარმოადგენენ და იცავენ, ეს სრულიად გასაგებია. შესაძლებელია, პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც იყვნენ მაჟორიტარული სისტემის მომხრე. ზოგადად, მაჟორიტარული სისტემა არ არის უსამართლო სისტემა - ბრიტანული მოდელი ან ამერიკული მოდელი არ ნიშნავს, რომ არის არადემოკრატიული მოდელი. არის განსხვავებული ხედვა. მე ამ განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს ვცემ. ჩვენ საბოლოოდ დაგვჭირდება უმრავლესობის შიგნით შევთანხმდეთ, რომელ სისტემას დავუჭერთ მხარს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

 “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მუხრანში, ორი დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე მწვავე დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივამ გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიციები დაფიქსირდა როგორც საკუთრივ მაჟორიტარების, ასევე პროპორციული სიით გასული დეპუტატების მხრიდან.