ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, უილიამ ლაჰიუსთან და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, კერძოდ კი, სახელმწიფოს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავის ახალი რედაქცია განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს, ასევე, გათვალისწინებული ცვლილებების არგუმენტები გააცნო.

ევროკავშირის ელჩის, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისა და აშშ-ის ელჩის მოადგილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების აქტიური მხარდაჭერა გაგრძელდება.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოკავშირეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რჩევები საპარლამენტო განხილვების დროს გათვალისწინებული იქნება.

„განვიხილეთ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის კონკრეტული თავი, რომელიც  სახელმწიფო თავდაცვას და უსაფრთხოებას ეხება. განვიხილეთ ის ცვლილებები, მოდელი, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში თავდაცვისუნარიანობისთვის არის შემოთავაზებული. ჩვენთვის პარტნიორების და მოკავშირეების აზრი  ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ამ შეხვედრას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის მოსაზრებები და რჩევები, რომელიც ექნებათ ჩვენს მოკავშირეებს, გათვალისწინებული იქნება საპარლამენტო განხილვების დროს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.