სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმების საპროტესტო აქციას.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ”ავერსის” ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გახსნაზე განაცხადა. ექიმები ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სწორედ ამ კლინიკის გახსნას აპროტესტებენ.

”მინდა შევეხო ექიმების პროტესტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ დგახართ, სოლიდარულები ხართ ყველა ექიმის მიმართ. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს დაბალანსებული გადაწყვეტილების მოსაძებნად. დღეს, არც სახელმწიფოს ცალკე და არც კერძო სექტორს ცალკე არ შეუძლია გადაჭრას ეს პრობლემა. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია თანამედროვე და მაღალპროფესიონალი ექიმების, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ახალ კლინიკას, პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი ჰოსპიტალი.

”მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია და ატარებს ყველასთვის საამაყო და ღვაწლმოსილი ადამიანის სახელს, როგორიც გახლავთ ვახტანგ ბოჭორიშვილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამ კლინიკაში იმ ადამიანებს, ვინც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ავითარებს ჯანდაცვის სფეროს, რადგან ეს არის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს გარანტირებული აქვს ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ევრობანკთან ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ინვესტიცია 15 მილიონ ლარს შეადგენს”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმებმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის წარმომადგენელმა, მაია ცინცაძემ განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში შეიკრიბნენ ის ექიმები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კერძო, ინფექციური საავადმყოფოს გახსნას აპროტესტებენ.

მისივე თქმით, მათ აღნიშნული ფაქტი არაერთხელ გააპროტესტეს და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროც ინფორმირებული იყო.