ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს.

როგორც ჩუბინიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კობაიძის დანიშვნა ოფიციალურად დღეს მოხდება.

"წარდგენილია ეს ადამიანი, უკვე მუშაობს, დღეს უბრალოდ ოფიციალურად დაინიშნება. კონსულტაციები გავიარეთ, შევთანხმდით ყველა მხარესთან, მათ შორის უწმინდესთან. პატრიარქის პოზიცია იყო - თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ჩემთვის მისაღებიაო," - განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა იმით, რომ ვანო კობაიძე საპატრიარქოს ნდობით აღჭურვილის პირია.

„მოვიკითხეთ და გვითხრეს, რომ ის არის ნამდვილად სასიამოვნო და მისაღები კაცი თავისი წინა ისტორიით. რა თქმა უნდა, ის არის ნდობით აღჭურვილი პირი“, - აღნიშნა ჩუბინიძემ.

პატრიარქის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან 30 მაისს გათავისუფლდა. მანამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელბდა.

„ინტერპრესნიუსმა“ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ვანო კობაიძის კანდიდატურა განიხილებოდა.